06.04.2026 18:33
„მართალია, ირანი აშშ-ისრაელის ერთობლივ დაბომბვებს უდრეკად უძლებს, მაგრამ ომი რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება, მით უარესია ირანისათვის, აშშ-ისრაელისათვის და მთელი მსოფლიოსათვის. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ომი უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია აშშ-ის ჟურნალ „ფორინ ეფერსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს“ (ავტორი - მოჰამად ჯავად ზარიფი, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი, ირანის ექს-ვიცე-პრეზიდენტი და ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი, უმაღლესი განათლება მიიღო აშშ-ში).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ომი ირანს აშშ-სთან და ისრაელთან თვითონ არ დაუწყია, ირანს თავს დაესხნენ, მაგრამ ისლამური რესპუბლიკა თავსმოხვეულ ომს იგებს. ამერიკისა და ისრაელის ძალები ირანს განუწყვეტლად ბომბავენ, ანგრევენ ქალაქებს, ხოცავენ ადამიანებს და ამ ყველაფერს ქვეყნის მთავრობის დასამხობად აკეთებენ, მაგრამ ირანის ხელისუფლება მტრებს უმკლავდება და ეროვნულ ინტერესებს იცავს. ხელისუფლება არ ჩამოშლილა, როცა უმაღლესი ჩინოვნიკები იღუპებოდნენ. თვითონ ირანმა არაერთხელ მიაყენა მტკივნეული დარტყმები აგრესორ აშშ-სა და ისრაელს. მათ ომი დაიწყეს იმ ილუზიური სურვილებით, რომ ირანს კაპიტულაციაზე ხელს მოაწერინებდნენ, მაგრამ ჭაობში ჩაეფლნენ. ირანელები კი წინააღმდეგობას უწევენ და გმირობის ისტორიულ მაგალითებს აჩვენებენ.
ბევრი ირანელისათვის ქვეყნის წარმატებული თავდაცვა მის ბრძოლისუნარიანობას ნიშნავს. ირანელებს ბრძოლის გაგრძელება სურთ და მოლაპარაკებას არ ითხოვენ. ყოველ ღამით, 28 თებერვლიდან დაწყებული, ამაყი ირანელები მთელი ქვეყნის მასშტაბით აშშ-ის და ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო მიტინგებზე გამოდიან და აცხადებენ: „არავითარი დათმობა!“, „არავითარი კაპიტულაცია!“, „ბრძოლა აგრესორების წინააღმდეგ!“. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე ყველას აჩვენა, რომ ის სანდო სახელმწიფო არ არის, ის არ სცემს პატივს ირანის სუვერენიტეტს. ირანელების აზრით, არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ ირანი ამერიკას დაელაპარაკოს ან მას უკან დასახევი გზა მისცეს. ირანმა უნდა ისარგებლოს თავისი უპირატესობით, გამუდმებით ურტყას ამერიკის სამხედრო ბაზებს, უნდა გააგრძელოს ჰორმუზის სრუტის ბლოკირება, სანამ ვაშინგტონი ძირ-ფესვიანად არ შეცვლის რეგიონში თავისი ყოფნის წესებს და ირანის მიმართ პოლიტიკას.
დიახ, ომის გაგრძელების სურვილს ირანელებისათვის ობიექტური წინამძღვრები და მიზეზები აქვს, მაგრამ ისიც რეალურია, რომ ომი ახალ მსხვერპლს და ნგრევას მოიტანს. ორივე, აშშ და ისრაელი, როცა იმედები გაუცრუვდათ და ირანი ვერ დააჩოქეს, ახლა უფრო გამეტებით ანგრევენ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფარმაცევტულ ქარხნებს, რიგ ენერგეტიკულ ობიექტებს და უდანაშაულო მშვიდობიან ირანელებზე ნადირობენ.
სამწუხაროდ, აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში ნელ-ნელა ითრევენ სხვა ქვეყნებსაც, რის გამოც ომის გლობალურად გავრცელების საფრთხე იქმნება. ასევე დიდად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, აშშ-ის ზეწოლით და მისი შიშით, ჩუმად არიან და თვალს ხუჭავენ მტრის მხეცობაზე, ომის პირველივე დღეებში 170 ბავშვის დაღუპვის ჩათვლით.
ასეთი სიტუაცია გვიბიძგებს იმისკენ, რომ ირანმა ძალა ომის გასაგრძელებლად კი არ გამოიყენოს, არამედ წარმატებული, გამარჯვების აღმნიშვნელი გარიგება დადოს - ისეთი გარიგება, რომელიც ერთ კონფლიქტს დაასრულებს და მეორეს თავიდან აიცილებს. ირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა და ისევ უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ და დასავლეთი ყველა ანტიირანულ სანქციას ერთბაშად გააუქმებს. ადრე ვაშინგტონი ამ პირობას არ დათანხმდებოდა, მაგრამ ახლა, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება დათანახმდეს. ასევე ირანი უნდა მოემზადოს აშშ-სთან თავდაუსხმელობის პაქტის დასადებად, რომლის ძალით, ორივე მხარე ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს სამომავლოდ დარტყმები არ მიაყენონ. ირანს შეუძლია აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობაც შესთავაზოს, რითაც ორივე მხარე მოგებული იქნება. ეს ყველაფერი ნებას მისცემს ირანს საკუთარი უსაფრთხოება განამტკიცოს: შესაბამისად, როცა მუქარა-საფრთხეები შემცირდება, ირანელი ჩინოვნიკები ნაკლებს იფიქრებენ ქვეყნის მილიტარიზებაზე (საგარეო მტრებისაგან დაცვაზე) და უფრო მეტს იფიქრებენ ადამიანების ცხოვრების კეთილდღეობაზე ქვეყნის შიგნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეირანი შეძლებს ირანის მოსახლეობისათვის ახალი ბრწყინვალე მომავალი უზრუნველყოს - ისეთი, როგორსაც ირანელები იმსახურებენ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი პოზიციების გარკვეული დასუსტების მიუხედავად, სამწუხაროდ (ან უფრო სწორად, საბედნიეროდ), აგრძელებს წინააღმდეგობრივი და არეული განცხადებების გაკეთებას მოლაპარაკებების შესახებ: გასულ კვირაში, ოთხშაბათს, იგი სიტყვით გამოვიდა და ირანელებს შეურაცხყოფა მიაყენა - განაცხადა, რომ ქვეყანას დაბომბვებით მიწასთან გაასწორებდა, „ქვის საუკუნეში დააბრუნებდა“, მეორე დღეს კი თქვა, რომ საომარი კამპანია მალე დასრულდებაო. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ აშშ-ში ომის გამო საწვავის ფასი მატულობს, ომი ამერიკელებისათვის უსარგებლო ზედმეტი ტვირთი გახდა, ზედმეტი ხარჯებისა და ზიანის მომტანი. დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტის გონივრული გეგმა თუ ექნება, უკანდახევის შესაძლებლობა მიეცემა და მის მიერ ჩადენილ უდიდეს შეცდომას მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ელფერს მისცემს. ეს იქნება არა როგორც ცალკე აშშ-ის, არამედ როგორც საერთაშორისო მშვიდობის გამარჯვება, კაცობრიობის სახელით.
რატომ არის ირანი აშშ-ზე გაბრაზებული
ირანელები აშშ-ზე ძალზე გაბრაზებულები არიან და ეს არა მხოლოდ ამჟამინდელი აგრესიული ომის გამო. მიმდინარე ათასწლეულის დაწყებიდან ამერიკელმა ჩინოვნიკებმა ისლამური რესპუბლიკა და მისი მცხოვრებლები არაერთხელ გაყიდეს: ა) ირანი 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკას „ალ-ქაიდასთან“ ბრძოლაში დაეხმარა ავღანეთში ბრძოლების დროს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა კი თეირანი „ბოროტების ღერძის“ წევრად შერაცხა და დარტყმის მიყენებით დაემუქრა; ბ) 2015 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მოელაპარაკა ირანელ ლიდერებს ბირთვულ გარიგებაზე, ირანი დათანხმდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ თეირანი სკრუპულეზურად ასრულებდა შეთანხმების პირობებს, აშშ-ს მასთან ის გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობა არ დაუწყია, რასაც დაპირდა; გ) დონალდ ტრამპისათვის ირანის მიერ ვალდებულებების შესრულება არაფერს არ ნიშნავდა - მან ჯერ გარიგება დაარღვია, შემდეგ „მაქსიმალური ზეწოლისა“ და მკაცრი სანქციების კამპანია დაიწყო, რომლის მიზანს 90 მილიონი ირანელის გაღარიბება წარმოადგენდა. იგივე პოლიტიკა გაგრძელდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროსაც, რომელიც ირანელებს დიპლომატიის აღდგენას პირდებოდა.
როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნდა, ვაშინგტონის მიდგომები უფრო მზაკვრული და ცბიერული გახდა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი გარიგების დადებით არიან დაინტერესებულები. შესაბამისად, ირანმა მოლაპარაკებაზე თავისი საუკეთესო დიპკლომატები და ექსპერტები გაგზავნა... თუმცა დონალდ ტრამპმა სწრაფად აჩვენა საკითხებისადმი არასერიოზული მიდგომა: მოლაპარაკებაზე, გამოცდილი და პროფესიონალი დიპლომატების ნაცვლად, გაგზავნა თავისი ახლობლები - სიძე ჯარედ კუშნერი და გოლფის მოთამაშე ძმაკაცი სტივ უიტკოფი, რომლებიც საერთოდ ვერ აზროვნებენ ვერც გეოპოლიტიკაზე და ვერც ბირთვული უსაფრთხოების დეტალებზე. და როცა მათ ირანის შეთავაზებები ვერ გაიგეს, თეთრმა სახლმა ირანზე და ირანელებზე თავდასხმა განახორციელა.
საბოლოო ჯამში სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ ირანელების დიდი ნაწილი ყოველგვარ საუბარს დიპლომატიური მოლაპარაკებით ომის დამთავრებაზე ერთგვარ „ერესად“ და მიუღებლად თვლის. ისინი უპირატესობას აძლევენ წინააღმდეგობის გაწევასა და აგრესორზე ზეწოლას. შესაბამისად, ირანელებს, წესით, საქმე არ უნდა ჰქონდეთ ამერიკელ ჩინოვნიკებთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც მათი ქვეყანა არაერთხელ გაყიდეს.
მაგრამ ისლამური რესპუბლიკისათვის უფრო კარგი იქნება, ომი რაც უფრო ადრე დამთავრდება. გაჭიანურებული კონფრონტაცია კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს და ზიანს გამოიწვევს. არ არის გამორიცხული, რომ აშშ-მა სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს, რომელიც ვაშინგტონს კიდევ უფრო ღრმა საფლობში ჩააგდებს და არც ირანს არ მოუტანს სიკეთეს. და ბოლოს, თუ ამერიკა ომს ორმხრივი გარიგების დადების გარეშე შეწყვეტს, ირანი ვერ შეძლებს ყველა იმ სარგებელის მიღებას, რაც მას აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ეკუთვნის.
თუ მხარეები მოლაპარაკების გზას აირჩევენ, ამ დროს ორი ვარიანტია შესაძლებელი: პირველი - ფორმალური (და არაფორმალური) შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ერთი შეხედვით, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. თეირანისა და ვაშინგტონის დასაზავებლად საკმარისი იქნება მხოლოდ სროლები და დაბომბვები შეწყდეს, არ იქნება აუცილებელი ღრმა პრობლემების მოგვარება. მაგრამ რადგანაც ნებისმიერი დაზავება თავისი ბუნებით ძალიან მყიფეა, ამიტომ, თუ უთანხმოების სიღრმული მიზეზები არ აღმოიფხვრება, ორი სახელმწიფო ერთმანეთის მიმართ სკეპტიკურად და უნდობლობით იქნებიან განმსჭვალულნი. ბევრი არაფერია საჭირო სროლებისა და ცეცხლის განახლებისთვის - უბრალო შეცდომა და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.
ამის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება მეორე ვარიანტის განხორციელება: ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავება და მასზე ხელმოწერა, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ომი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც შანსი 47-წლიანი მტრობის დასასრულებლად.
საომარმა მოქმედებებმა აჩვენა, რომ ირანის რეგიონული მოკავშირეების დაღუპვაზე ლაპარაკი ძალზე გადაჭარბებულია. პირიქით, აშშ-სა და ისრაელის აგრესიამ გლობალური სამხრეთი გამოაღვიძა, განხეთქილება შეიტანა თვით MAGA-ს მოძრაობაშიც კი - ტრამპის მომხრეები უარყოფენ მათი ლიდერის პოლიტიკას „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“.
რეგიონისათვის ეს ომი ამტკიცებს იმას, რომ საკუთარი უსაფრთხოების სხვისი ხელებით უზრუნველყოფა ან ყიდვა წაგებულ სტრატეგიას წარმოადგენს.
წლების განმავლობაში არაბულ სახელმწიფოებს სჯეროდათ და იმედი ჰქონდათ, რომ თუ თავიანთ მიწებზე აშშ-ის სამხედრო ბაზებს განალაგებდნენ, ისინი დაცულნი იქნებოდნენ. ისინი უარს აცხადებდნენ ირანის წინადადებებსა და შეთავაზებებზე რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ (გაეროს რეზოლუციების, თავდაუსხმელობის პაქტებისა და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების კონვენციის სახით). არაბები ასეთ წინადადებებს უსარგებლოდ თვლიდნენ, მათ ეგონათ, რომ კრიტიკულ მომენტში ამერიკელი ჩინოვნიკები დაეხმარებოდნენ და რეგიონული კონფლიქტებისგან დაიცავდნენ. და როცა ამერიკელებმა ირანის დაბომბვა გადაწყვიტეს და მათ ამ მიზნით არაბულ ქვეყნებში არსებული თავიანთი ბაზები გამოიყენეს, ირანმა არაბებს და ვაშინგტონს შესაბამისი იძულებითი პასუხი გასცა. პრინციპში, საღად მოაზროვნე ადამიანებისათვის თეირანის ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო. საბოლოო ჯამში, არაბული ქვეყნები ისეთ ომში აღმოჩნდნენ ჩათრეულები, რომლისაგან თავის არიდებას ცდილობდნენ.
თავის მხრივ ირანმაც გაკვეთილი უნდა გამოიტანოს და აღიაროს, რომ მისმა ბირთვულმა ტექნოლოგიებმა ქვეყანას ომი ვერ ააცილა, პირიქით - ამერიკას და ისრაელს ომის დაწყების საბაბი მისცა. რა თქმა უნდა, ირანმა ასევე დაამტკიცა, რომ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას ვერანაირი [„გუმბათები“ და] არალეგალური ბირთვული პროგრამები ვერ დაიცავენ ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ყოველდღიური „სეტყვისგან“. ეს ირანსაც ეხება - აშკარაა, რომ ქვეყნის სრულ უსაფრთხოებას ყველაზე თანამედროვე ბირთვული პროგრამის შემუშავებაც კი ვერ უზრუნველყოფს. ირანის წარმატებული თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს ირანელი ხალხის სიმტკიცე და ამტანობა წარმოადგენს.
მზადება მშვიდობისათვის
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მშვიდობის დამყარებაში რეგიონის ყველა ქვეყანა უნდა ჩაერთოს - უპირველეს ყოვლისა, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ერთმანეთის მიმართ მტრული ნაბიჯები არ გადადგან. ირანს, მაგალითად, ომანთან ერთად, შეუძლია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამერიკელებმა, თავის მხრივ, შესაძლებლობა უნდა მისცენ ირანს სრულად ისარგებლოს ჰორმუზის სრუტით. გეოგრაფიის უდიდესი ირონიაა ის, რომ სრუტე ირანის ტერიტორიას ესაზღვრება, აშშ-ის სანქციების გამო კი ჰორმუზი ირანისათვის ფაქტიურად დახურული იყო. ამ გარემოებამ ირანის სპარსეთის ყურის პორტებში კორუფციის აყვავება გამოიწვია და კოლოსალური სპეკულაციები უმადური მეზობლებისაგან. ასე რომ, სანამ ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება, მანამდე აშშ-მა ირანის ნავთობის გატანას და კანონიერი შემოსავლების მიღებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
რაც შეეხება თვით ხელშეკრულებას: მისი მთავარი ნაწილი, რასაკვირველია, ბირთვულ საკითხებს უნდა შეეხოს და პრობლემა უნდა მოაგვაროს. მაგალითად, ირანი ვალდებულებას აიღებს, რომ არასოდეს არ მოისურვოს ბირთვული იარაღის დაუფლება და ურანის გამდიდრება შეთანხმებულ უსაფრთხო დონემდე - 3,67%-მდე შეამციროს. იმავდროულად აშშ წყვეტს გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა ანტიირანული რეზოლუციის მოქმედებას, აუქმებს თავის ცალმხრივ სანქციებს და პარტნიორებს მიუთითებს იგივე გააკეთონ. ირანს ნება ეძლევა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ენერგომატარებლების გლობალური მიწოდების ჯაჭვში ყოველგვარი შეზღუდვა-დაბრკოლებების გარეშე. თავის მხრივ, ირანის პარლამენტი ახდენს გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს - „მაგატეს“ - დამატებითი ოქმების რატიფიცირებას, ბირთვული პროგრამების სრული საერთაშორისო კონტროლის თაობაზე. რა თქმა უნდა, აშშ ირანისაგან უფრო მეტს ითხოვს - ურანის გამდიდრებაზე სრულ უარს, მაგრამ ვაშინგტონმა კარგად იცის, რომ თეირანისგან ვერაინარად ვერ მიიღებს იმას, რაც მან ორი აგრესიული ომის შედეგად ვერ მიიღო.
გარდა ამისა, რეგიონული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს უსაფრთხოების ქსელის შექმნა, რომელშიც შევლენ ბაჰრეინი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იემენი და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი, შესაძლოა ეგვიპტე, თურქეთი და პაკისტანიც. ქსელი უზრუნველყოფს თავდაუსხმელობას, თანამშრომლობას და ნაოსნობის თავისუფლებას. ასევე უნდა გაფორმდეს ირან-ომანის შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის თაობაზე.
ირანსა და აშშ-ის შორის მშვიდობის შემდგომი განმტკიცების მიზნით, ორივე მხარემ უნდა დაიწყოს ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობა. მაგალითად, ირანს შეუძლია მიიწვიოს ამერიკული სანავთობო კომპანიები და ექსპორტი დაუყონებლივ აღადგინოს. ვაშინგტონმა ასევე უნდა აიღოს ვალდებულება 2025 და 2026 წლის ომებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ირანის მოსახლეობისათვის კომპენსაციის გადახდის ჩათვლით. ცხადია, ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი კატეგორიულ უარს განაცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მაგრამ უმჯობესია მათ გაითვალისწინონ, რომ არაპოპულარული ომის გაგრძელება ბევრად უფრო ძვირი დაუჯდებათ. სხვაგვარად, ირანელი დიპლომატები გარიგების დასადებად მაგიდაზე არ დასხდებიან.
და ბოლოს, ირანმა და აშშ-მა მუდმივი თავდაუსხმელობის პაქტის დადებაც უნდა გამოაცხადონ: მათ უნდა ივალდებულონ, რომ ერთმანეთს ძალის გამოყენებით არასოდეს არ დაემუქრებიან და ძალას ასევე არასოდეს არ გამოიყენებენ. ორივე მხარემ ერთმანეთს ტერორიზმის ბრალდებებიც უნდა მოუხსნას. ორივე მხარე უნდა შეეცადოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, საწყის ეტაპზე გაიხსნება ინტერესთა დაცვის სექციები და საკონსულო სამსახურები, ანუ მოიხსნება შეზღუდვა ირანელების აშშ-ში და ამერიკელების ირანში ჩასვლაზე.
რა თქმა უნდა, ხელშეკრულების დადება იოლი და მარტივი არ იქნება. ირანელები ამერიკელების მიმართ უნდობლობას შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი და მისი ჩინოვნიკებიც ირანისადმი ეჭვის თვალით ყურებას გააგრძელებენ. ალბათ, ჩინეთსაც და რუსეთსაც (ასევე სხვა რეგიონულ ქვეყნებსაც) ეჭვები გაუჩნდებათ, მაგრამ მათი დაშოშმინება გარკვეული გარანტიების მიცემით შეიძლება.
ამ საშინელმა ომმა, უბედურებასთან ერთად, მტკიცე მშვიდობისთვისაც კარი გააღო. ირანელები გაბრაზებულნი არიან, მაგრამ ისინი წინ მაინც ამაყად მიდიან - იმიტომ, რომ მათ გაუძლეს ორი ბირთვული სახელმწიფოს - აშშ-სა და ისრაელის - უკანონო დარტყმებს. ამერიკელებს შეუძლიათ არ მოსწონდეთ ისლამური რესპუბლიკა, მაგრამ ახლა ისინი ნათლად ხედავენ: რადგან ირანის მთავრობა არსად არ მიდის, მოუწევთ მასთან შერიგება და თანაარსებობა. დღეს ემოციები ბობოქრობენ, თითოეული მხარე გამარჯვებას იკვეხნის, მაგრამ ისტორია უკეთ იმახსოვრებს იმას, ვინც მშვიდობას ამყარებს.
ავტორ(ებ)ი :