08.04.2026 17:23
ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ“ (ავტორები - დევიდ ცარტერი და გაბრიელა ვაინიგერი). მასალაში განხილულია ირანის ხელმძღვანელის მოჯთაბა ჰამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დიპლომატიურ წერილში, რომელიც „თაიმსის“ რედაქციას ხელში ჩაუვარდა და რომელიც, სავარაუდოდ, ეფუძნება აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო უწყებების მონაცემებს და რომელიც გადაეცა აშშ-ის მოკავშირეებს - სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ნათქვამია, რომ მოჯთაბა ჰამენეი, გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამანეის ვაჟი, მძიმე მდგომარეობაში - უგონოდ იმყოფება და მას ინტენსიურად მკურნალობენ.
წერილში პირველად არის გამხელილი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ჰამენეის ადგილსამყოფელი - თეირანის სამხრეთით, 140 კილომეტრზე მდებარე ქალაქი ყუმი, რომელიც შიიტებისათვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. „მოჯთაბა ჰამენეი ყუმში მკურნალობს, იგი მძიმე მდგომარეობაშია და რეჟიმის გადაწყვეტილებების მიღებაში მინაწილეობა არ შეუძლია“, - აღნიშნულია წერილში. იქვე ნათქვამია, რომ ჰამენეი-უფროსის ცხედარს ყუმში დაკრძალვისათვის ამზადებენ, რომელიც ირანელი შიიტებისათვის ღვთისმეტყველების ცენტრს და რელიგიურ დედაქალაქს წარმოადგენს. დაზვერვამ უკვე გამოავლინა, რომ შენდება ფუნდამენტი დიდი მავზოლეუმისათვის, რომელშიც არამარტო მამა-ჰამენეი დაიკრძალება, არამედ დაბომბვის დროს დაღუპული მისი ოჯახის წევრებიც და, შესაძლოა, თვით მოჯთაბა ჰამენეიც, თუ მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს და გარდაიცვლება.
ითვლება, რომ დაჭრილი მოჯთაბა ჰამენეის ადგილსამყოფელი აშშ-სა და ისრაელის დაზვერვისათვის საკმაო ხნის წინათ გახდა ცნობილი, მაგრამ საიდუმლოდ ინახებოდა.
როგორც ცნობილია, იმ დროიდან, როცა ცნობილი გახდა აიათოლა ალი ჰამენეის დაღუპვა და ის, რომ დაბომბვის დროს მისი მისი ვაჟი - მოჯთაბა ჰამენეი დაიჭრა, განსაკუთრებით კი მისი არჩევა ახალ უზენაეს ლიდერად, იგი საჯაროდ, ხალხის წინაშე არცერთხელ არ გამოჩენილა. გაჩნდა ეჭვი, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში იყო.
რაც შეეხება ალი ჰამენეის დაკრძალვას: როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა თავდაპირველად, იგი თითქოსდა მეშჰედში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში უნდა დაკრძალულიყო, მაგრამ ამჯერად ყუმი მისი დროებითი ადგილი იქნება.
რასაკვირველია, ალი ჰამენეის დაკრძალვის ცერემონია ისეთი არ იქნება, როგორიც მისი წინამორბედის - აიათოლა რუჰოლა ჰომეინის იყო, როცა თეირანში 1989 წელს 10 მილიონი ადამიანი შეიკრიბა მთელი ირანიდან. იმ დროს მოხდა ინციდენტიც: ხალხმა წესრიგის დამცველების წრე გაარღვია, გარდაცვლილთან მიიჭრა, გადასაფარებელი ნაწილებად დახიეს, მიცვალებულის ცხედარი კი ძირს გადმოვარდა.
წერილში აღნიშნულია, რომ ირანის ოფიციალური პირები, დიდი ალბათობით, შეეცდებიან თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტის გამეორება.
ავტორ(ებ)ი :