10.04.2026 19:23
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბიბისის" (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება" (ავტორი - ჯერემი ბოუენი, BBC-ის საერთაშორისო რედაქტორი). მასალაში განხილულია სიტუაცია, გაანალიზებულია მხარეთა მოქმედება და პროგნოზირებულია მოვლენების შემდგომი განვითარება.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი ირანის ცივილიზაციის განადგურების მუქარიდან სწრაფად გადავიდა ათპუნქტიან ორკვირიან ზავზე. პაკისტანის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა უპირველესად ერთგვარი ამოსუნთქვაა ახლო აღმოსავლეთის სამოქალაქო მოსახლეობისათვის, რომელიც 28 თებერვლიდან დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს. სამწუხაროდ, ეს არ არის შვება ლიბანელებისთვის: ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება და თავის ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანას კვლავ აყენებს მასირებულ ავიადარტყმებს. ანუ ზავს ისეთი პირი უჩანს, რომ ორ კვირაზე უფრო ადრე დაირღვევა.
რა თქმა უნდა, ირანსაც და აშშ-საც აქვთ საფუძვლიანი მიზეზები ომის შესაწყვეტად, მაგრამ... ისინი ერთმანეთს არ ენდობიან, მათი საჯარო განცხადებები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან.
ვინ გაიმარჯვა და რაზე უნდა მოილაპარაკონ?
ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიიმს ვენსმა ცეცხლის შეწყვეტას „მყიფე დაზავება“ უწოდა. ეს რეალისტური შეფასებაა. სხვა განცხადებები შედარებით ნაკლებად ობიექტურად ჟღერენ - იმდენად, რამდენადაც ორივე მხარე ერთდროულად აცხადებს საკუთარ გამარჯვებას.
აშშ-ის თავდაცვის [ომის] მინისტრის პიტ ჰეგსეტის თქმით, შეერთებული შტატებისათვის ირანის თანხმობა ცეცხლის შეწყვეტაზე არის „უდიდესი სამხედრო გამარჯვება დიდი ასოებით - ისტორიული და გამანადგურებელი“.
„მსოფლიოში ტერორიზმის უპირველესი სპონსორი სახელმწიფო - [ირანი] - სრულიად უუნარო აღმოჩნდა დაეცვა საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და მოსახლეობა“, - ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის [ომის] მინისტრმა.
პარალელურად ხმამაღალი განცხადებები ისმის თეირანიდან, სადაც ასევე ირწმუნებიან, რომ მტერზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. „მსოფლიო მოგვესალმება ჩვენ - ძალის ახალ ცენტრს პლანეტაზე. დაიწყო ირანის ერა“, - აცხადებს მოჰამედ რეზა არეფი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის მომხრეების მტკიცებით, ირანი იძულებული გახდა მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო იმ სერიოზული ზიანის გამო, რომელიც მას აშშ-მა და ისრაელმა მიაყენეს და რომ მოლაპარაკებაზე თეირანის თანხმობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დონალდ ტრამპის მკაცრ მუქარებს - „თქვენს ცივილიზაციას გაგინადგურებთ და ქვის საუკუნეში დაგაბრუნებთო“. აშკარაა, რომ მსგავსი მუქარები შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც სამხედრო დანაშაულად, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულადაც.
ირანელების აზრით, მათი გეგმის მიხედვით აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკების დაწყებაზე თანხმობა გამოწვეულია იმით, რომ ვაშინგტონმა დაინახა ქვეყნის მმართველი ისლამური რეჟიმის სიმტკიცე, ამტანობა, უდრეკი წინააღმდეგობა, ასევე ის, რომ ირანს ისევ შეუძლია ბალისტიკური რაკეტების გაშვება და ჰორმუზის სრუტის კონტროლი. ამიტომ თეთრი სახლი იძულებული გახდა უკან დაეხია და დათმობაზე წასულიყო.
ირანული გეგმის ცალკეული პუნქტები აშშ-სათვის ძნელად და რთულად მისაღები იქნება. ასე ირანისთვის იქნება ძნელად შესასრულებელი აშშ-ის მოთხოვნები. რა თქმა უნდა, აშშ-სათვის ძნელი იქნება შეურიგდეს ირანის მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის კონტროლში, ასევე რეპარაციების გადახდის მოთხოვნას ომით მიყენებული ზიანის გამო, სანქციების მოხსნას და ირანის კუთვნილი გაყინული აქტივების განბლოკვას.
რას შეცვლის ომი: შედეგები ყველასათვის
იმისგან დამოუკიდებლად, მოახერხებს თუ არა პაკისტანი თავისი საშუამავლო როლის ბოლომდე შესრულებას, ეს ომი და მისი შედეგები ახლო აღმოსავლეთის სახეს საფუძვლიანად ცვლის.
ირანზე თავდასხმის ბრძანება რომ გასცეს, აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებდნენ, ირანში რეჟიმის შეიცვლებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი შეეცადა ქვეყნის უზენაესი ლიდერისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობები ახალი ხელისუფლების მოსვლის საფუძვლად წარმოესახა.
ახლა წარმოვიდგინოთ, რა დღეში იქნებიან და როგორ სიტუაციაში ჩავარდებიან ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგეები ქვეყნის შიგნით იმ შემთხვევაში, თუ ომის დასრულების შემდეგ აიათოლების რეჟიმი შენარჩუნდება...
რეჟიმი, რომელიც, ისრაელისა და აშშ-ის განცხადებებით, სწრაფად უნდა დამხობილიყო, ახლა მათი თანასწორი პარტნიორი იქნება მოლაპარაკებების დროს. ირანი, რასაკვირველია, შეეცდება თავისი პოზიციების განმტკიცებასაც... არადა, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე კვირის წინათ დონალდ ტრამპი თეირანისაგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვდა.
გაუგებარია, რით იქნებიან განსხვავებულნი ისლამაბადში დაგეგმილი მოლაპარაკებები ჟენევაში დაგეგმილისგან. ისე ჩანდა, რომ ჟენევის მოლაპარაკება საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობდა - იმ მომენტამდე, სანამ აშშ და ისრაელი ომს დაიწყებდნენ ირანის წინააღმდეგ: უკვე განიხილებოდა ახალი შეთანხმების დადება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის მარაგების შესახებაც.
კიდევ ერთი საკითხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი ისლამაბადის მოლაპარაკებაზე - ჰორმუზის სრუტის ბედი. 28 თებერვლამდე თითქმის ყველა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემს თავისუფლად შეეძლო ჰორმუზის სრუტეში გავლა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ სრუტე ირანის იარაღი გახდა - თეირანის სურვილზეა დამოკიდებული რომელი გემი გაატაროს და არ დააბრკოლოს. ირანმა დაამტკიცა, რომ მისთვის სრუტის ჩაკეტვა სირთულეს არ წარმოადგენს და რამდენი ზიანის მიყენებაც სურს მსოფლიოსათვის (განსაკუთრებით კი თავისი მტრებისათვის), იმდენს მიაყენებს.
ახლა ირანი აცხადებს, რომ ზავის განმავლობაში სრუტეში მხოლოდ იმ გემებს დართავს ცურვის ნებას, რომლებიც სამხედროებთან იქნება შეთანხმებული. არ არის გამორიცხული, რომ თეირანი, ალბათ, მოითხოვს გემების მფლობელი კომპანიებისაგან გადასახადს - იმის მსგავსს, რასაც ისინი სუეცის არხის გაცურვისას იხდიან.
ისრაელი არ მონაწილეობდა პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. ბენიამინ ნეთანიაჰუს სურდა, რომ ირანისათვის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა. 2026 წელს ისრაელის ქნესეთის არჩევნები უნდა ჩატარდეს და მისი პოლიტიკური ოპონენტები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერი იაირ ლაპიდი პრემიერ-მინისტრს ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებს: მათი თქმით, ტაქტიკური გამარჯვება ირანზე საბოლოო სტრატეგიულ გამარჯვებას არ ნიშნავს.
ზავის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩინეთმა, რაც იმას ნიშნავს, რომ პეკინი დიდ გავლენას მოახდენს ისლამაბადის მოლაპარაკებაზე, რაც, თავის მხრივ, განამტკიცებს მის პოტენციალს ახლო აღმოსავლეთში.
დონალდ ტრამპის რიტორიკასაც თავისი შედეგები ექნება: მან ზიანი მიაყენა აშშ-ის ურთიერთობებს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ნატოელ პარტნიორებთან. ბრიტანელ პოლიტიკოსებისათვის ძნელად დასავიწყებელი იქნება პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისათვის მიყენებული შეურაცხყოფა და მისი ირონია-დაცინვები სამეფო ფლოტისადმი.
სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები არ გაწყვეტენ აშშ-სთან ურთიერთობას, მაგრამ ისინი, დიდი ალბათობით, გადასინჯავენ თავიანთ დამოკიდებულებას ვაშინგტონთან უსაფრთხოების საკითხებში
და ბოლოს - იმ ფაქტმა, თუ როგორ ემუქრება აშშ-ის პრეზიდენტი ყველას ისეთი მოქმედებით, რომლებიც შეიძლება გათანასწორებულნი იქნენ სამხედრო დანაშაულთან, მთელი ცივილიზაციის პოტენციური გენოციდის მუქარის ჩათვლით, მთელ მსოფლიოში შეშფოთება, უნდობლობა და ეჭვები გამოიწვია - აი, თურმე როგორი მიდგომები აქვს აშშ-ის "მშვიდობისმოყვარე" პრეზიდენტს სამართლისა და მორალისადმი.
ავტორ(ებ)ი :