14.04.2026 15:56
„რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების მნიშვნელობაა განხილული საერთაშორისო მასშტაბით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უნგრეთის საპარალამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის „ტისას“ გამარჯვება ზეუმრავლესობით (138 ადგილი 199-დან) ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუციის შეცვლა იოლად შეუძლია. საკადრო საკითხების გადაწყვეტისას პეტერ მაგიარს (მადიარს) უფლებამოსილება აქვს ვიქტორ ორბანის მიერ დანიშნული პიროვნებები თანამდებობებიდან გაათავისუფლოს სასამართლოებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში და კულტურის მსხვილ დაწესებულებებში.
მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა პეტერ მაგიარის გამარჯვებაში პოტენციურად შემობრუნებით მომენტად თვლის ბუდაპეშტისა და ბრიუსელის მრავალწლიან კონფლიქტში, ნამდვილად ასე იქნება თუ არა, ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.
ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, პეტერ მაგიარს კონსერვატიული პოზიციები აქვს. და თუმცა მისმა პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო, „ტისა“ მაინც ვერ შეძლებს ვიქტორ ორბანის მიერ აგებულ „ელექტორალურ ავტოკრატიას“ სწრაფ დემონტაჟს: ამ მიზნის განსახორციელებლად მას თვეები და წლებიც კი შეიძლება დაჭირდეს.
უნგრეთი და ევროკავშირი
ბრიუსელში, ბუნებრივია, განწყობა ამაღლებულია - ვიქტორ ორბანი დიდი ხნის განმავლობაში იყო ევროკავშირის „გვერდში შერჭობილი ხიწვი“. რა თქმა უნდა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს პეტერ მაგიარის მიმართ გაგზავნილი აღფრთოვანებული მილოცვები და განცხადებები, რომ მისი გამარჯვება ევროპული დიპლომატიისათვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენს.
მართლაცდა, ვიქტორ ორბანი არაერთხელ ბლოკავდა ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს, აფერხებდა ანტირუსული სანქციების რეალიზებას და იურიდიულად დღემდე ბლოკავს უკრაინის ბიუჯეტისათვის ჰაერივით აუცილებელი კრედიტის გამოყოფას. ბოლო კვირებში ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერთა თათბირების კონფიდენციალურ მასალებს თურმე რუსეთს აწვდიდა ხოლმე.
პარტია „ფიდესის“ დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა კარგავს თავის ყველაზე შეურიგებელ შიდა კრიტიკოსს, გამარჯვებული „ტისა“ ლიდერს მეგობრული პოზიცია აქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს მიმართაც.
„არჩევნების შედეგები ევროპისათვის თამაშის წესებს ცვლის“, - ამბობს მუჯთაბა რაჰმანი, ანალიტიკური კომპანიის Eurasia Group-ის მმართველი დირექტორი.
მაგრამ პეტერ მაგიარი, რომელიც ადრე თვითონაც მუშაობდა ბრიუსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, ევროკავშირის რიგ ინიციატივებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს. კერძოდ, იგი თავის დროზე აღნიშნავდა, რომ უნგრეთისათვის რუსული ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება იმას კი არ ნიშნავს, რომ ბუდაპეშტმა სრულად უარი უნდა თქვას რუსულ იმპორტზე, არამედ ნიშნავს ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას. პეტერ მაგიარის აზრით, უნგრეთს რუსული ნავთობი და გაზი მინიმუმ 2035 წლამდე მაინც დაჭირდება. მისი პარტია ასევე გამოვიდა იმიგრაციული პოლიტიკის შეცვლის წინააღმდეგ, რომელსაც ევროკავშირი ვიქტორ ორბანისაგან მოითხოვდა. ასე რომ, „ტისა“ ევროკავშირისათვის საკმაო თავის ტკივილის მომტანი იქნება.
რასაკვირველია, ბრიუსელთან უფრო მჭიდრო და აწყობილი მუშაობა ბუდაპეშტისათვის მომდებიანი იქნება: პეტერ მაგიარი, ალბათ, განბლოკავს უკრაინისათვის ევროკავშირის მიერ კრედიტის გამოყოფას, თავის მხრივ უნგრეთი მიიღებს ევროკავშირისაგან კრედიტს არმიის გადაიარაღებისათვის, 16 მილიარდი ევროს სახით.
უკრაინა და რუსეთი
უნგრეთის ფარგლებს გარეთ ამ არჩევნებში ყველაზე მთავარი გამარჯვებულია უკრაინა, ხოლო მთავარი დამარცხებული - კრემლი.
კომენტატორები ხშირად უწოდებდნენ ვიქტორ ორბანს ვლადიმერ პუტინის „ტროას ცხენს“ ევროკავშირში.
უახლოეს პერსპექტივაში უნგრეთის ახალი ხელმძღვანელობისაგან ბრიუსელში ელოდებიან იმას, რომ პეტერ მაგიარი შეწყვეტს უკრაინისათვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის დაბლოკვას, რომლის რეალიზება შეუძლებელი იყო ვიქტორ ორბანის ჯიუტობის გამო. მართალია, მან გასული წლის ბოლოს კრედიტის გამოყოფას მხარი დაუჭირა, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში დაბლოკა - იმ მიზეზით, რომ უკრაინამ უარი განაცხადა რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის შეკეთებაზე, რომლის მეშვეობით უნგრეთი რუსულ ნავთობს იღებდა. საერთოდ, ვიქტორ ორბანი უკრაინასა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალს სდებდა უნგრეთში უმუშევრობის მატებასა და ეკონომიკის სტაგნაციაში.
პეტერ მაგიარისათვის რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი მისი მსხვერპლი. მაგრამ ამასთანავე, გამართლდება თუ არა კიევის იმედები იმაზე, რომ უნგრეთის ხელისუფლებაში „ტისას“ მოსვლით უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები ღრმა კრიზისიდან გამოვა და უკეთესი გახდება, ეს საკითხი ჯერჯერობით ღია რჩება.
ერთი მხრივ, შესაძლოა მოსალოდნელი იყოს, რომ პეტერ მაგიარი შეეცდება ბრიუსელთან ურთიერთობები დაალაგოს და უნგრეთი ევროპულ პოლიტიკურ მეინსტრიმში დააბრუნოს, ანუ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს. 2024 წელს, როცა რუსეთის დაბომბვის შედეგად კიევის ბავშვთა საავადმყოფო დაზიანდა, „ტისას“ ლიდერი იქ ჩავიდა და მის დირექტორს შეხვდა, ასევე იმყოფებოდა ბუჩაში და უკრაინის დაღუპული დამცველების მემორიალი მოინახულა.
მეორე მხრივ, პეტერ მაგიარს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ ვიქტორ ორბანს თავისი წინასაარჩევნო კამპანია ანტიუკრაინულ პროპაგანდაზე ჰქონდა აგებული და უნგრული საზოგადოების საკმაო ნაწილზე ის გარკვეულ გავლენას ახდენდა.
„ტისას“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვების შემდგომი განცხადებები მოწმობს იმას, რომ იგი უკრაინას მხარს ფრთხილად დაუჭერს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება იმას, რომ უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით იქნას მიღებული: „ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ევროკავშირში სწრაფი მიღება გამორიცხულია“. და თუ უკრაინის ევროკავშირში მიღების საკითხი მაინც დადგება, უნგრეთი ამისათვის რეფერენდუმს ჩაატარებს. „თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს 10 წელიწადში მოხდება“, - ხაზი გაუსვა პეტერ მაგიარმა.
გარდა ამისა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარი პირობა იმისათვის, რომ ბუდაპეშტმა კიევთან ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს, არის ის, რომ უკრაინამ უნგრული ეთნიკური უმცირესობების უფლებები უნდა აღადგინოს.
უკრაინისათვის 90-მილიარდიან ევროს კრედიტზე საუბრისას პეტერ მაგიარმა აღნიშნა, რომ საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაწყდა, თვით ვიქტორ ობანის პრემიერობის დროს, ამიტომ იმდროინდელი გადაწყვეტილება თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებს და ამ საკითხისადმი დაბრუნება საჭირო აღარ არის, ანუ კიევი ფულს მიიღებს და მას ბუდაპეშტი ხელს არ შეუშლის.
გაკვეთილი ეთონაციონალისტებისათვის
ვიქტორ ორბანი 16 წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა ევროპულ და ჩრდილოამერიკულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს და ურთიერთობებს მსოფლიოს ისეთ ქვეყნებთან აღრმავებდა, რომლებიც იდეოლოგიურად მასთან ახლოს იყვნენ.
ვიქტორ ორბანის მიერ შექმნილი რეჟიმის დროს დემოკრატიისადმი დამახასიათებელი ბალანსის მექანიზმი [დანაწილება და გაწონასწორება] ფაქტიურად აღარ მოქმედებდა და ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილზე იყო დამოკიდებული. „ფიდესის“ ხელისუფლებას ხშირად უწოდებდნენ „არალიბერალურ დემოკრატიას“, „ელექტორალურ ავტოკრატიას“ და „სიცრუის დიქტატურას“.
ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი ღიად გამოხატავდნენ აღფრთოვანებას ამგვარი „დემოკრატიული სისტემით“.
მართალია, ვიქტორ ორბანის პოპულარობა ბოლო წლებში უნგრულ საზოგადოებაში თანდათან ეცემოდა, მაგრამ ელექტორალურმა ოპოზიციამ ამ ფაქტორის გამოყენება ვერ შეძლო, ამასთან, პეტერ მაგიარი - რომელიც თვითონ „ფიდესის“ წევრი იყო - ბევრად უფრო მრისხანე მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. მისი დაუღალავი წინასაარჩევნო კამპანია და სოციალური ქსელების მოხერხებული სარგებლობით პეტერ მაგიარმა შეძლო ვიქტორ ორბანის პარტიის მ იერ კონტროლირებული მასმედიისათვის გვერდის ავლა. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი შეცდა, რომ ფსონი ანტიუკრაინულ რესენტიმენტზე დადო. როგორც ევროპული რეფორმების ცენტრის ექსპერტი ჟელიკე ჩაკი ამბობს, უნგრელებს აღარ შეეძლოთ შიშში ცხოვრება მომდევნო ოთხის წლის განმავლობაში, ამიტომაც საფრთხობელამ ვოლოდომირ ზელენსკის სახით არ იმუშავა.
ვერ დაეხმარა ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპის მხარდაჭერაც, რომელიც მასში ევროპელ ნაციონალისტ მემარჯვენე ქრისტიანულ გმირს ხედავდა და ამიტომ ორბანში მნიშვნელოვანი პოლიტიკურ კაპიტალს აბანდებდა.
ვიქტორ ორბანის დამარცხება არ ნიშნავს მემერაჯვენე პოპულისტური მთლიანი მოძრაობის უცილობელ დამარცხებას - თუნდაც იმიტომ, რომ პეტერ მაგიარი თვითონ პარტია „ფიდესის“ ყოფილი წევრი იყო. თუმცა, როგორც „ბიბისის“ კორესპონდენტი ქეით ადლერი აღნიშნავს, „ტისას“ ლიდერის გამარჯვება კიდევ ერთ პატარა აგურს წარმოადგენს გამოხატულ ტენდენციაში - პეტერ მაგიარი სათავეში ჩაუდგა პატარა, ნაკლებად ცნობილ პარტიას და ორ წელიწადში საოცარ წარმატებას მიაღწია: მთავრობის მეთაური გახდა.
რაღაც ამის მსგავსი მოხდა იტალიაში 2022 წელს, სადაც პარტია „იტალიის ძმების“ სათავეში მდგომმა ჯორჯა მელონიმ გვერდი აუარა ბევრად უფრო ცნობილ მეტოქეებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ქვეყნებში მომდევნო არჩევნების დროს ეს ტენდენცია ისევ გამოვლინდეს. „მაგრამ ისიც აშკარაა, რომ „ორბანიზმის“ დასასრულზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“, - ამბობს ნიკ ტორპი, „ბიბისის“ კორესპონდენტი, - „ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ოპოზიციაში ბრძოლას გააგრძელებს. შესაძლოა, ვიქტორ ორბანს იმედი აქვს, რომ „ტისა“ დაიშლება“.
როგორც დონალდ ტრამპისას და ბენიამინ ნეთანიაჰუს მაგალითები გვაჩვენებს, მსგავსი ლიდერები არჩევნებს აგებენ, მაგრამ შემდეგ ისევ იგებენ და ხელისუფლებაში ბრუნდებიან.
წყარო:
ავტორ(ებ)ი :