"რუსეთის ყველაზე გლამურულმა დისიდენტმა პუტინის პროპაგანდისტებს და პროკრემლელ ქალთმოძულეებს ომი გამოუცხადა"-The Daily Telegraph 24.04.2026 23:00

„ყოფილმა ტელევარსკვლავმა, რომელსაც „რუსეთის ყველაზე გლამურულ [მომხიბლავ] დისიდენტს“ უწოდებენ, კრემლის პროპაგანდისტებს შეუტია: 46 წლის მოსკოველი ვიქტორია ბონია, რომელიც ამჟამად მონაკოში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზებულია რუსული სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანების ქალთმოძულეობრივი განცხადებებით - მას შემდეგ, რაც მათ ვიქტორია ბონიას „ბოზი და კახპა“ უწოდეს კრემლის კრიტიკის გამო“ - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთის ყველაზე გლამურულმა დისიდენტმა პუტინის პროპაგანდისტებს და პროკრემლელ ქალთმოძულეებს ომი გამოუცხადა“ (ავტორი - ანტონია ლენგფორდი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


„ინსტაგრამის“ ქსელში ფართოდ გავრცელებულ ვიდეორგოლში, რომელიც გასულ კვირას იქნა გამოქვეყნებული, გასართობი ტელეგადაცემების წამყვანმა. მოდელმა და ბლოგერმა ვიქტორია ბონიამ პირდაპირ მიმართა ვლადიმერ პუტინს თხოვნით, რომ მან მიდგომები შეცვალოს რიგი საკითხების მიმართ, მაგალითად, რუსეთში გარემოს დაბინძურებისა და ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ჩვენს - რიგით ადამიანებს - და თქვენს შორის დიდი და გადაულახავი კედელი არსებობს. თქვენი ჩინოვნიკები სიმართლეს გიმალავენ და არ გეუბნებიან, თუ რა ხდება სინამდვილეში რუსეთში“, - ამბობს ვიდეორგოლში ვიქტორია ბონია, რომელიც იქვე ხაზს უსვამს: „ჩვენ მხარს გიჭერთ და ვთვლით, რომ თქვენ ძლიერი პოლიტიკოსი ბრძანდებით, მაგრამ ბევრი რამ არ იცით“.

 

ვიქტორია ბონიას მიმართვა იმ დროს გაჟღერდა, როცა ვლადიმერ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზეა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან (2022 წლიდან) და ზედიზედ მეოთხე თვეა მცირდება - 75%-დან 67,8%-მდე.

 

კრემლმა აღიარა, რომ ბლოგერი მართალია და რომ ვიქტორია ბონიას მიერ წამოჭრილი საკითხებზე „მუშაობა მიმდინარეობს“. ასეთმა პასუხმა ვიქტორია ბონია გულწრფელად გაახარა და „მადლიერების ცრემლები გამოიწვია“, თუმცა მას შემდეგ, რაც ვიდეომიმართვა 30 მილიონმა ადამიანმა ნახა და მათი მოწონება დაიმსახურა, კრემლის აპოლოგეტებმა სოციალურ ქსელებში ვიქტორია ბონია უხეშად გააკრიტიკეს, უხამსი სიტყვებით მოიხსენიეს და ეჭვქვეშ დააყენეს მისი „მარტოხელა დედის“ სტატუსი.

 

ვლადიმერ სოლოვიოვმა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა, რომელიც ცნობილია თავისი მოწოდებებით დასავლეთისადმი ბირთვული დარტყმის მიყენების თაობაზე, ვიქტორია ბონიას „ბინძური პირის მქონე დაღლილი მეძავი“ უწოდა. ვიტალი მილონოვმა კი, ულტრაკონსერვატიულმა პოლიტიკოსმა, ბლოგერი „დუბაელ ესკორტ-გოგონად“ შერაცხა.

 

მათ საპასუხოდ ვიქტორია ბონიამ გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ვიდეო, რომელშიც საკუთარი თავი იმ „ადამიან-ობობად“ გამოსახა, რომელიც ვლადიმერ სოლოვიოვს და კრემლის სხვა პროპგანდისტებს აბლაბუდით პირს უქოლავს და სცემს. „კმარა!“, - აცხადებს ბლოგერი ვიდეორგოლში, რომელმაც მილიონობით ადამიანის პოზიტიური „ლაიქი“ დაიმსახურა.

 

„მე მინდა ვკითხო ყველა ჩვენთაგანს - ყველა ქალს: როდის გავუშვით ყურადღებიდან ის მომენტი, როცა რუსეთის ფედერალურ ტელეარხებზე ქალების შეურაცხყოფა დაიწყეს?“, - დაწერა მან და კრემლის პროპაგანდისტებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

 

ვიქტორია ბონია რუსეთში კარგად ცნობილ პიროვნებას წარმოადგენს, მან პოპულარობა 2000-იან წლებში ტელეშოუ „სახლი-2“-ის  მეშვეობით მოიპოვა.

 

რუსეთის პრეზიდენტისადმი თავის ვიდეომიმართვაში ბლოგერი შეეხო ქვეყნის რიგ პრობლემებს და მათ მიმართ ნეგატიური რეაქცია გამოხატა - დაწყებული ციმბირში მსხვილფეხა პირუტყვის იძულებითი დაკვლით, თითქოსდა ავადმყოფობის გამო, რომელმაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და დამთავრებული შავი ზღვის ნაპირების ნავთობით დაბინძურებით (ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებზე), ფასების მატებით, ინტერნეტის შეზღუდვით და დაღესტანში მომხდარი წყალდიდობით. „თქვენი ყველა ადამიანს ეშინია - ბლოგერებს, მხატვრებს... ეშინიათ გუბერნატორებსაც“, - ამბობს ვიქტორია ბონია ვლადიმერ პუტინისადმი ვიდეომიმართვაში.

 

სხვათა შორის, თვით პროპუტინური ჯგუფებიც კი სულ უფრო ხშირად გამოხატავენ თავიანთ პრეტენზიებს და უკმაყოფილებას ცხოვრების დონის დაცემისა და ფასების მრავალთვიანი ზრდის გამო, რომელსაც ინტერნეტის შეზღუდვა-გამორთვა და უკრაინასთან ომის წარუმატებლობა ემატება.

 

მარტში ილია რემესლომ, რომელიც ოდესღაც კრემლის თავგამოდებული მომხრე იყო. მოულოდნელად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება, თანაც ყველაზე მკვეთრი გამონათქვამებით და განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინი უნდა გადადგეს და სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, როგორც ბანდიტი და სამხედრო დამნაშავე“. იგი ფსიქიურ ავადმყოფად შერაცხეს და მკურნალობა დაუწყეს. ამ კვირაში კი, ფსიქსაავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, მან თავისი ნეგატიური რეაქციის გამოხატვა გააორმაგა და ყველას გასაგონად აღნიშნა: „რუსი უმაღლესი ჩინოვნიკების კრიტიკის გამო ფასის გადახდა მოგიწევთ. ეს ყოველთვის მხედველობაში გქონდეთ“.

 

ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც ახლოს დგას ოპოზიციურ საინფორმაციო გამოცემა „მედუზასთან“, კრემლმა სახელმწიფო მასმედიას უბრძანა, რომ ვიქტორია ბონიას პოსტები და ვიდეორგოლები აღარ გამოაქვეყნონ.

 

აბას გალიამოვმა, რომელიც ადრე რუსეთის პრეზიდენტის „სპიჩრაიტერად“ (საჯარო გამოსვლების ტექსტის დამწერად) მუშაობდა, თქვა, რომ „სოციალური ქსელების მეშვეობით რუსული ოპოზიციის რიგებს ბევრი ისეთი ადამიანი შეემატა, რომლებიც ადრე არ იყვნენ“.

 

თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ვიქტორია ბონიას კრიტიკა ხელოვნურია, კრემლის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ „მედიაქოპერაციას“ წარმოადგენს და მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინასთან წარუმატებელი ომით გამოწვეული უკმაყოფილება გადაიფაროს. ამით ითვლება, კრემლი ზოგადად კრიტიკოსებს ლმობიერად და თმენით უდგება, ზოგჯერ კი დოზირებულ- კონტროლირებულ კრიტიკასაც უშვებს, რათა ბუნებრივი უკმაყოფილება რბილად ჩაიხშოს და ამით შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ თითქოსდა განსხვავებული აზრის გამოხატვის დემოკრატიული უფლება გარანტირებულია.

 

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ვიქტორია ბონიამ  ფართოდ ცნობილი სქემით ისარგებლა - პრეზიდენტი პოზიტიურად წარმოაჩინა, მისი ჩინოვნიკები კი - ცუდებად (ანუ როგორც „კარგი მეფე და ცუდი ბოიარები“). ეს ნიშნავს, რომ მან კრიტიკა უპირატესად დაბალი რანგის თანამდებობის მქონე პირებისაკენ მიმართა, ბიუროკრატების წინააღმდეგ.

 

ივანე ჟდანოვის, ალექსი ნავალნის ყოფილი თანამებრძოლის, თქმით, მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ კრემლმა საკუთარი კრიტიკა წინასწარ დაგეგმა და ამ მიზნით ვიქტორია ბონია გამოიყენა: „რასაკვირველია, გასაკრიტიკებელი მოვლენა, პრობლემა და ფაქტი ძალიან ბევრია, მაგრამ ვიქტორია ბონია ვლადიმერ პუტინს მთავარ დარტყმას არიდებს“.

 

თვითონ ბლოგერი კი, რომელმაც რუსული ინტერნეტ-გაზეთის The Bell-საგან ირონიული წოდება დაიმსახურა - „რუსეთის ყველაზე გლამურული დისიდენტი ქალი“, საეჭვოა, რომ ოპოზიციის მომხრე იყოს. ადრე იგი თავის ვიდეორგოლებში ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიო შეთქმულებას წარმოადგენს „მიკროჩიპების“ ადამიანის ორგანიზმში ჩასანერგად, ვაქცინის მეშვეობით, ხოლო მობილური კავშირი - 5G - ცოცხალი ორგანიზმისათვის, ანუ ადამიანებისთვის სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს.

 

ვიქტორია ბონიამ უარყო, რომ იგი დისიდენტია და განაცხადა: „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და რუსეთს არასოდეს არ ვუღალატებ. მე ოპოზიციონერი არ ვარ, არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. მეტი რაღა უნდა გითხრათ?“.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ