„საქართველომ 15 ოქტომბერს, სეულში გამართულ ღვინის დეგუსტაციაზე მეღვინეობის 8-ათასწლოვანი ეროვნული ტრადიცია წარმოადგინა“, - ნათქვამია კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეის) ინგლისურენოვანი გაზეთის The Korea Herald-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა“ (ავტორი - სანჯაი კუმარი). პუბლიკაციაში ასახულია სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი ასპექტი - ქართული კულტურისა და ქართველი ხალხის ეროვნული ტრადიციების წარმოჩენა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როგორც საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუამ განაცხადა ჩატარებულ ღონისძიებაზე, ქართული ღვინის დაყენების უძველესი კულტურის წარმოჩენა და მისი გაცნობა კორეელებისათვის მნიშვნელოვნად ამდიდრებს და აფართოებს ქართულ-კორულ ურთიერთობებს.
„სულ უფრო მეტი კორეელი ეცნობა საქართველოს, რომელიც მათთვის სასიამოვნო აღმოჩენაა. ზუსტად ასევეა ქართველებისთვისაც კორეული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა და მისი მაგიის შეგრძნება“, - განაცხადა ელჩმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა პოპ-ჯგუფ Izty-ის მიერ თბილისში გადაღებული ვიდეოკლიპი სახელწოდებით Girls Will Be Girls.
სეულში მოქმედი საქართველოს საელჩოს მონაცემებით, კორეელი ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც 2024 წელს საქართველო დაათვალიერეს, წინა წლებთან შედარებით 80%-ით გაიზარდა და 27 ათასს მიაღწია. ეს იმას მოწმობს, რომ „დილის ნიავის ქვეყანაში“ მატულობს ინტერესი საქართველოს ისტორიის, ქვეყნის ბუნების სილამაზისა და ქართული სამზარეულოს მიმართ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა Herald Media Group-ის გენერალური დირექტორი ჩოი ჯინენი, რომელმაც გაიხსენა 1992 წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებული მომენტები, ასევე პოზიტიურად შეაფასა 2024 წელს გამართული ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკების წარმატებით დასრულება.
„საქართველოს უკვე აქვს დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მსოფლიოს 42 სახელმწიფოსთან. როგორც კი ხელს მოვაწერთ მოლაპარაკების დროს შემუშავებულ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისებიც განხორციელდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე - განვითარდება ტურიზმი, ქართველები და კორეელები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან“, - ოპტიმიზმი გამოხატა ჯინენმა.
„ღვინო კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სასმელს წარმოადგენს, მისი ისტორია კი საქართველოში დაიწყო. მართალია, კორეელი მომხმარებლისათვის უფრო მეტად ფრანგული, იტალიური და ჩილიური ღვინოებია ცნობილი, მაგრამ მჯერა, რომ კორეელები ქართულ ღვინოსაც შეიყვარებენ“, - დასძინა Herald Media Group-ის გენერალურმა დირექტორმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ღვინის 24 ქართული ბრენდის მიერ წარმოებული 120 დასახელების სასმელი, რომელთაგან ბევრის იმპორტი სამხრეთ კორეაში ადრე არ ხდებოდა.
საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის რეგიონია, რომელიც 2017 წელს „ღვინის აკვნად“ იქნა აღიარებული, ხოლო ქვევრებში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს სიაში იქნა შეტანილი 2013 წელს.
ქართული ღვინის დეგუსტაციაში 200 სტუმარზე მეტი მონაწილეობდა, მათ შორის პარლამენტის წევრებიც - „კორეა-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების“ პრეზიდენტი ვი სონგონი, აგრეთვე ლი ვონთჰეკი და ლი ოგენი დემოკრატიული პარტიიდან, დიპლომატები, დარგობრივი ექსპერტები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები.
ავტორ(ებ)ი :