ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი“ (ავტორები - კირან კელი, ჯო ბარნსი).
პუბლიკაციაში განხილულია უნგრეთში დაგეგმილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მოსკოვი-ბუდაპეშტის ავიამარშრუტის არჩევის საკითხს ეხება.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება უკრაინის საკითხებზე, ვიქტორ ორბანი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ უნგრეთი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც შეიძლება ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდეს.
მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ადგილი რუსეთის პრეზიდენტისათვის პრაქტიკულ და იურიდიულ დაბრკოლებებს ქმნის. ვლადიმერ პუტინი ისე ვერ მიაღწევს ბუდაპეშტამდე, თუ არ ისარგებლებს უნგრეთის მოსაზღვრე რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცით, რომლებიც, თავის მხრივ, ან ნატოს წევრები არიან, ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (International Criminal Court, ICC) სტატუტს აღიარებენ.
სასამართლოს ვლადიმერ პუტინის დასაპატიმრებლად ორდერი აქვს გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი და მისი მეზობლები, სერბეთისა და რუმინეთის ჩათვლით, ტექნიკურად ვალდებულები არიან, თუ რუსეთის ლიდერის თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში აღმოჩნდება, აიძულონ დაეშვას რომელიმე აეროპორტში და ვლადიმერ პუტინი დააკავონ. უნგრეთმა, მართალია, სასამართლოს (ICC) სტატუტის აღიარება უკან გაიწვია, მაგრამ გადაწყვეტილება იურიდიულ ძალაში ჯერ არ შესულა.
სამიტის ადგილად ბუდაპეშტის გამოცხადებამ უკვე გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უნგრეთს მოუწოდა, როგორც კი ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში გამოჩნდება, დაუყოვნებლივ დააპატიმროს. თუმცა სხვა ქვეყნები უფრო ლოიალურად უყურებენ ამ საკითხს და საეჭვოა ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც ხელს შეუშლის მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს (სამხედრო თვალსაზრისით) ლიდერთა შეხვედრას.
აი, სამი მიმართულება, რომელთაგან რუსეთის ლიდერს ერთ-ერთის არჩევა შეუძლია:
ა) სამსაათიანი მარშრუტი
ომამდე პირდაპირი ავიარეისი მოსკოვიდან ბუდაპეშტამდე სამი საათი გრძელდებოდა, ბელარუსისა და უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით. ამჟამად უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება. შესაბამისად, ამ სიმბოლური მარშრუტის შერჩევა ძალიან სარისკო იქნებოდა. რომც არ არსებობდეს ოფიციალური ბრძანება პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე, არ არის გამორიცხული, რომელიმე საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაურმა, პირადი ემოციების საფუძველზე, თვითნებურად ცადოს რუსულ „ნომერ პირველ ბორტზე“ შეტევა.
საყოველთაოდ ცნობილია ვლადიმერ პუტინის შიშები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში ყოფნისას თითქოსდა პრეზიდენტის ვერტმფრენი უკრაინული დრონის შეტევის ობიექტი გახდა. ასე რომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის ლიდერმა გარისკოს და ბუდაპეშტში წასასვლელად ამ საჰაერო გზით ისარგებლოს.
ბ) ხუთსაათიანი მარშრუტი
არის შესაძლებლობა, რომ პუტინის „ილ-96“-მა უნგრეთში ჩასაფრენად ბელარუსისა და პოლონეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცით ისარგებლოს, შემდეგ მოუხვიოს სამხრეთით, სლოვაკეთს გადაუფრინოს და უნგრეთში დაეშვეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია, საეჭვოა, რომ პუტინის თვითმფრინავს რაიმე დაბრკოლება შეუქმნას. სლოვაკი ლიდერი რუსეთის მიმართ სიმპათიებს ამჟღავნებს და ხშირად ბლოკავს ბრიუსელის გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. უფრო მეტიც, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვშიც იყო ჩასული, ვლადიმერ პუტინს შეხვდა და წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო.
მაგრამ პრობლემა შეიძლება წარმოიქმნეს პოლონეთთან მიმართებით, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ საიმედო მეგობარსა და მოკავშირეს წარმოადგენს. ყველას ახსოვს ამასწინანდელი საერთაშორისო სკანდალი, როცა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეფრინდნენ. იმ ხანებში ვარშავამ მტკიცედ განაცხადა, რომ რუსულ თვითმფრინავს, რაკეტას და დრონს დაუყოვნებლივ ჩამოაგდებს.
პოლონეთი ნატოს ამაყი წევრია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დამცველი, თუმცა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვარშავა პუტინის თვითმფრინავს მიზანში ამოიღებს და მასზე თავდასხმას შეეცდება - ასეთი ქმედება პროვოკაციული იქნება და საქმე შეიძლება ბირთვულ ომამდე მივიდეს (ნატოსა და რუსეთს შორის). მოკლედ, ეს მარშრუტი, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინისათვის მიუღებელი იქნება.
გ) რვასაათიანი მარშრუტი
ყველაზე მეტად სავარაუდო ავიამარშრუტი რუსეთის პრეზიდენტისათვის თითქმის 8 საათს დაიკავებს და გაივლის სამხრეთით - თურქეთზე (თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ რეჯეფ ერდოღანს ვლადიმერ პუტინთან კავშირების გაწყვეტა არ სურს), ხმელთაშუა ზღვიდან შემოუფრენს საბერძნეთს და ადრიატიკის ზღვიდან ძალზე მცირე ხანს იფრენს ნატოს წევრის - ჩერნოგორიის საჰაერო სივრცეში, პოდგორიცასთან მოლაპარაკება შეიძლება, ბოლოს კი სერბეთში და იქიდან - მის მოსაზღვრე უნგრეთში (ხანგრძლივია, მაგრამ ყველაზე საიმედო). ამასთან, სიტუაციის ცვლილების კვალობაზე შესაძლოა კრემლისათვის „ა“ და „ბ“ მარშრუტებიც მისაღები გახდეს.
კანონების შერბილება
ზოგადად, რუსეთის თვითმფრინავებს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცესთან მიახლოება და მათ ტერიტორიაზე გადაფრენა ეკრძალებათ, მაგრამ 18 სექტემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკვე განაცხადა, რომ სამიტი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება. ჩერნოგორიას შეუძლია უკმაყოფილება გამოხატოს, მაგრამ ევროპელმა დიპლომატებმა „დეილი ტელეგრაფს“ განუცხადეს, რომ არ დაბლოკავენ ისეთ შეხვედრას, რომელსაც მშვიდობის მოტანა ძალუძს.
ევროკომისიის პრესმდივნის განცხადებით, არც ვლადიმერ პუტინზე და არც მის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე არანაირი აკრძალვები არ გავრცელდება. „ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებს შეუძლიათ რუსული თვითმფრინავების ფრენის და აეროპორტებში ყოფნის აკრძალვების მოქმედება დროებით შეაჩერონ. გადაწყვეტილებას თვითონ ქვეყნების მთავრობები იღებენ“, - განმარტა მან.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო ამბობს, უნგრეთი როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი, უზრუნველყოფს ვლადიმერ პუტინის უსაფრთხო ფრენას, მის მიღებას, შეხვედრის გამართვას და უკან, სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას. „ვინმესთან არანაირი კონსულტაციები საჭიროება არ არსებობს. უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა. ვლადიმერ პუტინს პატივისცემით მივიღებთ და აშშ-ის პრეზიდენტთან მისი მოლაპარაკების ყველა პირობას უზრუნველყოფთ“, - თქვა მინისტრმა.
ემილი ფორესი, ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ამბობს: „ვლადიმერ პუტინისათვის მთავარი საფრთხე იმით გამოიხატება, რომ ვაითუ თვითმფრინავის ბორტზე რაიმე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას და მას რომელიმე ქვეყანაში იძულებითი დაშვება მოუწიოს. აამოქმედებს თუ არა ის ქვეყანა დაპატიმრების ორდერს? ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თქვენ შეიძლება გძულთ პუტინი და მისი ომი, მაგრამ თუ აშშ ცდილობს იგი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, შეხვედრის ბლოკირება გაუმართლებელი იქნება“.
„უნგრეთმა სასამართლოს რომის სტატუტიდან გასვლა აპრილში გამოაცხადა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაში შესვლისათვის კიდევ 6 თვეა საჭირო, ანუ ფორმალურად ქვეყნის პროკურატურა ვალდებულია პუტინი დააპატიმროს“, - განაცხადა ICC-ის წარმომადგენელმა, თუმცა ასეთი პერსპექტივა პრობლემატურია: უნგრეთმა რამდენიმე თვის წინათ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიღო, რომელზეც ასევეა გაცემული დაპატიმრების ორდერი და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა. უნგრეთის პრემიერს ასევე მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთანაც. მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება ორ კვირაში ჩატარდეს, თუ ორივე მხარის საგარეო საქმეთა მინისტრები მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხებს დროულად მოაგვარებენ.
ავტორ(ებ)ი :