"დონალდ ტრამპი - უკრაინის ერთადერთი იმედი მშვიდობისათვის"-The American Conservative 27.10.2025 20:57

ამერიკული ჟურნალი The American Conservative, სათაურით: "დონალდ ტრამპი - უკრაინის ერთადერთი იმედი მშვიდობისათვის", ბეჭდავს ინტერვიუს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიარტოსთან, რომელშიც უნგრელი მთავარი დიპლომატი საუბრობს აშშ-სთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროკავშირის არასწორ პოლიტიკაზე, უნგრეთის დამოკიდებულებაზე პოლონეთთან ურთიერთობაზე და ა.შ.

მინისტრს ესაუბრება პოლიტოლოგი სუმანტრა მაინტა.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- გმადლობთ, რომ დათანხმდით ინტერვიუზე The American Conservative-სთან. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მიერ ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი ჩაიშალა... როგორია თქვენი აზრი ამ ინფორმაციასთან მიმართებით?

- უპირველეს ყოვლისა მე უნდა ვთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ერთადერთ იმედს მხოლოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმოადგენს. თუ ამერიკის ხელისუფლებაში დემოკრატები დაბრუნდებიან, ისინი ყველგან კონფლიქტებს გააღვივებენ, მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ, უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მშვიდობის მხარდამჭერად გამოვდიოდით. ჩვენ უკრაინისთვის არასოდეს მიგვიწოდებია სიკვდილის მთესველი იარაღი, ჩვენ არასოდეს არ დაგვიშვია, რომ უნგრელი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინაში გაგზავნილიყო. ეს კონფლიქტი აუცილებლად მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს, მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით.

როგორც კი გავიგეთ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტი ბუდაპეშტში გაიმართებოდა, ძალიან გაგვიხარდა... მაგრამ იმ მომენტიდან, როცა სამიტის ადგილი გამოცხადდა, ჩვენ ვიცოდით, რომ გამოჩნდებოდნენ ისეთები, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ პრეზიდენტების სამიტის ჩატარებას და შეეცდებოდნენ, რომ შეხვედრა ბუდაპეშტში არ გამართულიყო. ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც ვრცელდება - თითქოსდა სამიტი ჩაიშალა, აღარ გაიმართება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ფეიკი, სიცრუე, ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ, რომ არსებობენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც მშვიდობის დამყარებაში დაინტერესებულნი არ არიან. პირდაპირ ვიტყვი: ესენია ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტის ჩათვლით. სწორედ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ სამიტი არასოდეს არ გაიმართოს - ყალბად ამტკიცებენ, რომ შეხვედრა აღარ შედგება.

- და თქვენ ფიქრობთ და დარწმუნებული ხართ, რომ პუტინ-ტრამპის სამიტი მაინც გაიმართება?

- ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება. მე ვენდობი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უფრო მეტად, ვიდრე ლიბერალურ მასმედიას.

- თქვენ ამას წინათ თქვით, რომ „ბრიუსელი რუსეთთან ომისთვის ემზადება და რომ მათ სურთ, რომ ევროპელებმა, მათ შორის უნგრელებმაც, ომის ფასი გადაიხადონ. ომისათვის მზადების მიზნით ევროკომისიის მიერ მომზადებულია შვიდწლიანი ბიუჯეტი, რომელიც უფრო მეტად უკრაინისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე ევროკავშირისათვის". თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ ევროპის ეკონომიკას მთავარი საფრთხე გარედან კი არ ემუქრება, არამედ შიგნიდან, კონკრეტულად კი ბრიუსელში მოკალათებული ხელმძღვანელობიდან. შეგიძლიათ უფრო ფართოდ ისაუბრო ამ მუქარა-საფრთხეებზე?

- ევროკავშირი ყველაფრის ზედმეტად პოლიტიზებასა და იდეოლოგიზებას ახდენს, უბრალო საკითხებსაც კი. ბრიუსელი ყველაფერს ომის მზადებისათვის იყენებს. როგორც კი დონალდ ტრამპი აშშ-ის სათავეში მოვიდა და სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყო, ევროკავშირის ლიდერებმა მისი აშშ-ის პრეზიდენტის მშვიდობისმყოფლობისათვის ძირის გამოთხრა დაიწყეს.

ევროპელ ხელმძღვანელებს ყველაფრის - სასმელ-საჭმელის, ფულის, იარაღის, ჰუმანიტარული დახმარების - უკრაინისათვის გაგზავნა დაიწყეს.

ერთი მხრივ, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, რასაკვირველია, ჰუმანიტარული დახმარება გასაგებია, მაგრამ ბრიუსელი ისე იქცევა, თითქოს უკრაინა-რუსეთის ომი მის ომს წარმოადგენს, ანუ თვლიან, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროკავშირის მარცხია, ამიტომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი კი უნდა დამარცხდეს.

მეორე მხრივ, რუსული ენერგორესურსების მომხმარების საკითხს ბრიუსელი გადაჭარბებულად პოლიტიზირებს.რაც უგუნურებაა. ტრადიციულად, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობის საკითხი გეოგრაფიულადაც გასაგებია, მაგრამ იმას, რასაც ევროკავშირის (დასავლეთ ევროპის) ლიდერები აკეთებენ, არანორმალურია. იმიტომ, რომ პოლიტიკით, განცხადებებით, პრესკონფერენციებით მოსახლეობას ვერ გაათბობ. ევროპას ენერგეტიკული რესურსები სჭირდება, ენერგო რესურსების წყაროები კი ევროპისგან საკმაოდ შორს არის, ნავთობი და გაზი იქ უნდა იყიდო, სადაც ისინი მოიპოვება და სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. ინფრასტრუქტურას და ენერგოპოლიტიკას გეოგრაფია განსაზღვრავს, ბრიუსელს კი ეს არ ესმის. ამრიგად, ევროპის კავშირისათვის ყველაზე დიდი საფრთხე გამოიხატება იმაში, რომ ბრიუსელში უღრანი ბიუროკრატები არიან მოკალათებულნი.

- თქვენ ღიად აცხადებთ რუსეთის ენერგორესურსების მხარდაჭერას. ასეთ კითხვას დაგისვამთ: თვლით თუ არა თქვენ, რომ დღეს, როცა ევროკავშირის ლიდერები ანტირუსულ კურსს აძლიერებენ, თქვენი პოზიციის შენარჩუნება და დაცვა ძნელია? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ, უნგრეთი, ევროკავშირის წევრი ხართ...

- ჩვენი სტრატეგია მარტივია: ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ნეიტრალიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ რაციონალური და ყოველდღიური საკითხების ზედმეტად პოლიტიზებას. რიგ მომენტებში ჩვენთვის უმთავრესია ეროვნული საკითხების პრიორიტეტი, ჩვენი საკუთარი თვალსაზრისის ერთგულება. ჩვენ ვიცავთ ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩვენ ევროკავშირის წევრი ვართ, მაგრამ არასოდეს არ ვერევით სხვა წევრების საშინაო საკითხებში. ჩვენ არავის არ ვეუბნებით და არ ვკარნახობთ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, რა უნდა გააკეთონ, რა გადაწყვეტილებები მიიღონ.

პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა ყველა მსოფლიო ლიდერთან. იგი ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია დონალდ ტრამპსაც ელაპარაკოს,  ვლადიმერ პუტინსაც და სი ძინპინსაც. ბრიუსელელი ბიუროკრატი ხელმძღვანელები ცდილობენ საქმე ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს უნგრეთი იზოლაციაშია მოქცეული. მათ არ სურთ, რომ აშშ-რუსეთის პრეზიდენტების სამშვიდობო სამიტი ჩვენთან, უნგრეთში იყოს გამართული. ევროკავშირმა თვითონ მოაქცია საკუთარი თავი იზოლაციაში. ევროპელი ლიბერალები და მათ მიერ კონტროლირებული ლიბერალური მასმედია წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო დროს თავს ესხმიან დონალდ ტრამპს და მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ევროპელმა ლიბერალებმა თავი შორს დაიჭირეს ჩინეთისაგან, პეკინს სისტემურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, რაც დიდი სისულელეა. ევროპელმა ლიბერალ-ბიუროკრატებმა საკუთარი თავის იზოლირება მოახდინეს რუსეთისგან და მოსკოვს სანქციები დაუწესეს. იგივე გააკეთეს აფრიკის ქვეყნების მიმართ, რომელთაც თავიანთი ლიბერალური „ლგბტ" იდეოლოგიის აღიარება მოსთხოვეს. კიდევ კარგი პეკინი ბრიუსელის კარნახით არ მოქმედებს.

- თქვენს ამას წინათ საჯარო შეხლა-შემოხლა გქონდათ პოლონეთის ვიცე-პრემიერ რადოსლავ სიკორსკისთან...

- ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ არ მოვწონვარ სიკორსკის, როგორ... დიახ, მე მასთან მწვავე კამათი მქონდა.

- როგორც ჩანს, პოლონეთი სულ უფრო ანომალური ქვეყანა ხდება ვიშეგრადის ჯგუფიდან, ხოლო ჩეხეთი და სლოვაკეთი უფრო მეტად თქვენი პოზიციებისკენ იხრებიან და ეთანხმებიან მსოფლიოსადმი თქვენებურ ხედვას. ხომ არ ნიშნავს ეს განხეთქილებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენე ქვეყნებს შორის?

- დიახ, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით დღევანდელი პოლონეთის ხელისუფლებისაგან. წინა მთავრობა [როცა მმართველი პარტიას კაჩინსკი ხელმძღვანელობდა] პოლონეთი ჩვენი დიდი მოკავშირე იყო...

- მაგრამ პოლონეთის იმდროინდელი მთავრობაც მტრულად გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ...

- ჩვენ ყველა ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკას პატივისცემით ვუყურებთ - იმიტომ, რომ ჩვენ სხვადასხვა მდებარეობა გვაქვს სხვადასხვა ისტორია და წარსულის გამოცდილება. ჩვენ არასოდეს არ დაგვიგმია ვარშავის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ისინი პოლონურად ფიქრობენ, ჩვენ კი უნგრულად. მათ პოლიტიკურ კურსს მუდამ პატივს ვცემდით და ახლაც ასეა. ვიშეგრადის თანამშრომლობის ჯგუფის მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ ურთიერთქმედება გვაქვს სხვადასხვა საკითხებში, რომელთა მიმართ მსგავსი მიდგომები გაგვაჩნია. არის საკითხები, რომელთა მიმართ სხვადასხვა აზრი გვაქვს. რას ვიზამთ - ორ ადამიანს - ცოლ-ქმარსაც შორისაც არის ხოლმე სხვადასხვა თვალსაზრისი... ჩვენ კი ოთხნი ვართ. მე პირადად ჩვეულებრივად ვთვლი, რომ უკრაინის მიმართ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს, მაგრამ ამისათვის არავის არ ვაკრიტიკებთ... პოლონეთის ამჟამინდელმა მთავრობამ კი იდროვა და უკრაინის საკითხი ჩვენს წინააღმდეგ სპეციალურად გამოიყენა... სიკორსკიმ კრიტიკა დაგვიწყო... ჩემი აზრით, რადოსლავ სიკორსკი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი პოლიტიკოსია.... და რადგანაც მე მშვიდობის მომხრე ვარ, ის კი ომისა, ჩვენი თვალსაზრისები განსხვავდება.

- თქვენი ეს ნათქვამი ინტერვიუში იქნება...

- დიახ, იმედი მაქვს, რომ იქნება. მე უკვე მივეჩვიე სიკორსკის პოზიციას. სანამ იგი ხელისუფლებაში იქნება და სანამ მე ჩემს თანამდებობას ვიკავებ, ჩვენ ყოველთვის გვექნება განსხვავებული აზრები გლობალური პოლიტიკის საკითხების მიმართ.

- თქვენი თვალსაზრისით, როგორია ყველაზე ცუდი სცენარი უნგრეთისათვის?

- ბრიუსელელ ლიბერალ ჩინოვნიკებს სურთ, რომ ევროკავშირი სახელმწიფოებრივ გაერთიანებად გადააქციონ, ერთგვარ ევროპის შეერთებულ შტატებად. ჩვენ ეს არ გვსურს.. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი ცალკეული სუვერენული სახელმწიფოების ძლიერ გაერთიანებად იქცეს, რომლის დროსაც დაცული იქნება ეროვნული ქვეყნების ინტერესები. ბრიუსელი კი მუდმივად არღვევს ევროკავშირის შექმნის ხელშეკრულებას. მასში წერია, რომ გაფართოების საკითხში ერთსულოვნება აუცილებელია, ბრიუსელი კი ამას არად დაგიდევს.

ბრიუსელს სურს, რომ ჩვენ მივიღოთ დიდი რაოდენობის მიგრანტები. ბრიუსელს სურს, რომ ჩვენ „ლგბტ-საზოგადოებას" უფლება მივცეთ თავიანთი საქმიანობა სკოლებსა და საბავშვო  ბაღებზე გაავრცელონ. ევრო ჩინოვნიკებს უნგრეთისათვის სუვერენიტეტის წართმევა სურთ, მათ უნდათ, რომ ჩვენ ომში აღმოვჩნდეთ ჩაბმულნი. აი, რა არის დადებული სასწორზე. ჯერჯერობით ჩვენ წარმატებით ვიგერიებთ ზეწოლას: ომში ვერ ჩაგვაბეს, მიგრანტებს არ ვუშვებთ, "ლგბტ"- ორგანიზაციებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შესვლის უფლებას არ ვაძლევთ, ანუ არც ომი, არც მიგრანტები და არც გენდერული სისულელე.

ღმერთმა ნუ ქნას, რომ უნგრეთში ეროვნული ხელისუფლება მარიონეტულმა მთავრობამ შეცვალოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაებმება, უნგრეთი მიგრანტებით  გაივსება და "ლგბტ"- საზოგადოება გაფართოვდება . ბრიუსელი აქტიურად უჭერს მხარს უნგრულ ოპოზიციას. ბრიუსელმა კარგად იცის, რომ ოპოზიცია უნგრეთის ხელისუფლებაში მოვა, ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც უბრძანებენ. ფსონები ნათელია: ან ეროვნული მთავრობა, ან მარიონეტული მთავრობა.

 

წყარო:

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ