"რუსეთმა პოკროვსკის თავდაცვა გაარღვია: რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის"-Politico 28.10.2025 18:16

„მოსკოვმა გააძლიერა შეტევა უკრაინის დონეცკის ოლქში და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გავლენის ბერკეტები მომგებიანი პოზიციის დასაკავებლად, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში“, - წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) სტატიაში, რომელიც ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) გამოქვეყნდა სათაურით: "რუსეთმა პოკროვსკის თავდაცვა გაარღვია: რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის"  (ავტორი - ზოია შაფტალოვიჩი).

„რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ყველაზე „ცხელ ადგილს“ დღეს ქალაქი პოკროვსკი წარმოადგენს, სადაც, შეიძლება ითქვას, უკრაინისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დიდი ხანია კრემლის ჯარები გამუდმებით უტევენ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს (კრასნოარმეისკს), რათა მთლიანად დაიპყროს და სამომავლო მოლაპარაკებისათვის ხელში კოზირი ჰქონდეს, უკრაინულ მხარეზე გავლენის განსახორციელებლად. ბოლო ხანებში რუსებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს: უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ შაბათ-კვირას, მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ, მტერმა ქალაქის ცენტრთან მიახლოება მოახერხა.
სიტუაცია სწრაფად იცვლება, ქალაქში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა ის, რასაც სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ - პოკროვსკის დამცველი უკრაინული ქვედანაყოფები შეიძლება ალყაში აღმოჩნდნენ და ტყვედ ჩავარდნენო - არ მომხდარა: კიეველმა მებრძოლებმა შეძლეს რუსების შეჩერება და სიტუაციის სტაბილიზება, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ დროებით.

რუსეთი მთელი ძალისხმევით ცდილობს ბრძოლის ველზე წინსვლას, უკრაინა კი პოზიციებს თავგანწირულად იცავს მტრის ჭარბი ძალების წინააღმდეგ და ზომებს იღებს, რომ გარღვევის ადგილი არ გაფართოვდეს.

ორივე მხარის მიზანია მაქსიმალურად ისარგებლოს თავისი შესაძლებლობებით და სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს იმ ვითარებაში, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს პოლიტიკური სამშვიდობო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობისადმი თავის მიმართვაში კვირა საღამოს, დონბასის ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას „რთული“ უწოდა, ბრძოლებს - „თავგანწირული“ და დაამატა, რომ ამ სტრატეგიული ქალაქისათვის ბრძოლებს „უკრაინის ბედისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ კიევი, მოსკოვი და ვაშინგტონი „ძალიან ახლოს“ მივიდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე. უფრო ადრე კი თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზის გაყინვას ამჟამინდელ მდგომარეობაში „კარგი კომპრომისი“ უწოდა.

კიევს და მის ევროპელ მოკავშირეებს სურთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგაზე ზეწოლა მოახდინოს და აიძულოს უარი თქვას თავის მაქსიმალისტურ პოზიციაზე - პრეტენზიებზე დონბასის (დონეცკ-ლუგანსკის ოლქების) მთლიანი ტერიტორიის გაკონტროლების მიზნით. ნატოს და ევროკავშირს სურს, რომ კრემლი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ. სწორედ ამიტომ აქვს პოკროვსკისათვის ბრძოლებს გააფთრებული ხასიათი: ქალაქი ზუსტად ფრონტის ხაზზე მდებარეობს, შესაბამისად, ორივე მხარეს მისი გაკონტროლება სურს.

ვლადიმერ პუტინი აჭიანურებს როგორც ცეცხლის დროებით შეწყვეტას, ასევე გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადებას - ხან მოლაპარაკების დაწყების გადადებას ცდილობს, ხან საერთოდ უარს ამბობს ტრამპთან და ზელენსკისთან შეხვედრაზე. იმავდროულად კრემლის ჯარები სწრაფი ტემპით ცდილობენ შეტევის განვითარებას, რაც შეიძლება მეტი მიწა-წყლის ხელში ჩაგდების მიზნით.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე საერთაშორისო კონფლიქტების დროს, იმ შემთხვევისათვის, თუ მოლაპარაკება დაიწყება, დიდი მნიშვნელობა აქვს დაპირისპირებულ მხარეთა ხელში არსებულ ბერკეტებს. რუსეთს ამჟამად გარკვეული პოზიციური უპირატესობა ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვულ(ატომურ)ძრავიანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და რომ მრისხანე იარაღი უკვე მზადაა ბრძოლაში გამოსაყენებლად.

სრულიად ახალი ტიპის რაკეტის გამოცდის თაობაზე დონალდ ტრამპმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვლადიმერ პუტინს ეს არ უნდა ეთქვა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება მან ეს ომი დაასრულოს. კრემლს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას ერთ კვირაში დაამარცხებდა, მაგრამ ომი თითქმის უკვე ოთხი წელია გრძელდება. მან ომის დამთავრებაზე უნდა იზრუნოს და არა რაკეტის გამოცდაზე“.


წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ