"რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან"-The Daily Telegraph 24.11.2025 20:14

„დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელსაც რუსეთი გაგებით შეხვდა და ძირითადად დაეთანხმა, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ბევრად მკაფიო „შემხვედრი გეგმა“ დაუპირისპირეს, თუმცა სამომავლოდ ევროპელთა ვარიანტშიც რჩება ერთგვარი გაურკვევლობა უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან“ (ავტორი - კონორ სტრინგერი). „ლონდონი, პარიზი და ბერლინი მოსკოვთან საერთო ენას ეძებენ და პოულობენ კიდეც, მაგრამ რჩება საკითხები ტერიტორიულ დათმობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპული შემხვედრი გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტის მიხედვით არის შედგენილი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. რა თქმა უნდა, ევროპელთა ვარიანტიც, ისევე როგორც ამერიკული გეგმა, შეიცავს რიგ დათმობებს, კერძოდ უკრაინის არმიის რაოდენობის შემცირებას (თუმცა მაინც გაუმჯობესებულს, ამერიკულთან შედარებით, უკრაინის სასარგებლოდ), აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას (რომლის შედეგად შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფოს მეთაურის პოსტის გარეშე დარჩეს).

რასაკვირველია, დოკუმენტის ძირითადი ელემენტები თავდაპირველი სახით რჩება - იმ კონკრეტული დებულებების ფორმულირების ჩათვლით, რომელთა მიხედვით, რუსეთი ისევ იქნება მიღებული მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების კლუბში - „დიდ შვიდეულში“ (G7), ანუ „დიდი შვიდეული“ ისევ „დიდ რვიანად“ (G8) გადაიქცევა, თუ რუსეთი ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას, დაფუძნებულს ევროპელთა მონაწილეობით ტრანსფორმირებულ სამშვიდობო გეგმაზე.

გეგმის ევროპულ ვარიანტში სახეშეცვლილია საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის დამოკიდებულებას ნატოს მიმართ. თუ ამერიკულის მიხედვით უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს ალიანსში გაწევრიანებაზე, ევროპულში კიევს კვლავ რჩება ნატოში მიღების შესაძლებლობა, ანუ კიევს აქვს განცხადების წარდგენის უფლება, მაგრამ მისი გაწევრიანება დამოკიდებული იქნება ბლოკის წევრთა კონსენსუსზე.

შემხვედრი გეგმა აშკარად აჩვენებს, რომ ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში არ არის ერთიანი თვალსაზრისი ნატოში უკრაინის მიღების მიმართ და ეს დამატება იმიტომ იქნა გეგმის ევროპულ ვარიანტში, რომ რუსეთს მიანიშნოს - „უკრაინას ვუტოვებთ გაწევრიანების შესაძლებლობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის დაჩქარებულ მიღებას“.

მხარეთა შორის საკვანძო პრობლემა, ანუ მთავარი „ლოდი შებრკოლებისა“, როგორც ჩანს, ტერიტორიული საკითხი გახდება. დონალდ ტრამპის შეტავაზებული გეგმის მიხედვით, რუსეთს დონბასი, მართალია, გარკვეული პირობებით, მაგრამ მაინც მთლიანად გადაეცემა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილების ჩათვლით, რომლებსაც ამჟამად ჯერ კიდევ უკრაინის არმია იკავებს. ყირიმი ოფიციალურად იქნება აღიარებული რუსეთის კუთვნილებად. ფრონტის ხაზი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გაიყინება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტი ტერიტორიის გადაცემა მოუწევს რუსეთისათვის, ვიდრე ამჟამად კრემლის არმია აკონტროლებს.

ევროპელები შეეცადნენ როგორმე შეერბილებინათ სიტუაცია. მათი ფორმულირებით, მოლაპარაკება ტერიტორიებზე უნდა დაიწყოს „ურთიერთშეხების ხაზიდან“. ამით შემცირდება იმ მიწა-წყლის ფართობი, რომლებზეც პრეტენზია ვლადიმერ პუტინს ექნება.

„როგორც კი ტერიტორიული საკითხი იქნება შეთანხმებული, რუსეთის ფედერაციაც და უკრაინაც ვალდებულებას აიღებენ, რომ გეგმაში შეტანილი კორექტივები ძალის გამოყენებით არ იქნება შეცვლილი“, - ნათქვამია ევროპულ ვარიანტში.

სამშვიდობო გეგმის ევროპული ვარიანტი არეგულირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობასაც. ამერიკული გეგმის თანახმად, არმიის რაოდენობა 600 ათას ჯარისკაცს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ევროპელები აქაც ლოიალურად უდგებიან უკრაინას და თავიანთი გეგმის პროექტში ფორმულირებას ცვლიან: „მშვიდობიან პერიოდში უკრაინის არმიის რაოდენობა 800 ათას სამხედრო მოსამსახურეს არ უნდა აჭარბებდეს“, ანუ სამხედრო მოსამსახურეების პირადი შემადგენლობა 200 ათასით არის გაზრდილი.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად უკრაინის არმია 850 ათას ჯარისკაცს ითვლის, მისი 50 ათასით შემცირება დიდ არაფერს არ ნიშნავს - ის მაინც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და მრავალრიცხოვან არმიად რჩება. გავიხსენოთ, რომ სამი წლის წინათ [სტამბოლში] გამართულ მოლაპარაკებაზე მოსკოვმა კიევს არმიის 85 ათას ჯარისკაცამდე შემცირება მოსთხოვა. ანუ ამჟამინდელი სიტუაცია ბევრად პროუკრაინულია, ვიდრე 2022 წლის მარტ-აპრილში იყო.

კიევის ერთ-ერთ პრობლემა - მისი „წითელი ხაზი“ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გამოიხატება: ექნება თუ არა უკრაინას გარანტიები იმისა, რომ რუსეთი ვეღარ გაბედავს თავდასხმას, ან თუ გაბედავს, კიევს საიმედო მხარდაჭერა ექნება დასავლეთისგან? ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ვლადიმერ პუტინის შესაკავებლად მტკიცე ფაქტორები არსებობდეს.
ევროპა უკრაინას პირდება, რომ გარანტიები „საიმედო იქნება“, აშშ კი კიევს გარანტიების „მდგრადობაში“ არწმუნებს.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ევროპული გეგმა გულისხმობს ისეთ გარანტიებს, რომელიც ნატოს წესდების მე-5 პუნქტით არის განსაზღვრული, ანუ აშშ-ის მონაწილეობითაც. ესე იგი, ამერიკა ვალდებული იქნება უკრაინაზე თავდასხმა განიხილოს როგორც თავდასხმა მოკავშირეზე.

ორივე გეგმაში აღნიშნულია, რომ აშშ იღებს ფულად კომპენსაციას უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფის გამო, თუმცა თანხის რაოდენობა დაზუსტებული არ არის.
ევროპაც და ამერიკაც თანახმაა, რომ აუცილებელია რუსეთის ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში. რუსეთ ნება მიეცა „დიდ შვიდეულში“ დაბრუნდეს (ანუ „შვიდეული“ ისევ „რვიანად) გადაიქცევა, როგორც 2017 წლამდე იყო, რუსეთის გარიცხვამდე), თუმცა ევროპელები, ამერიკელებისგან განსხვავებით, თვლიან, რომ ანტირუსული ეკონომიკური სანქციების გაუქმება „ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“.

„შეერთებული შტატები რუსეთთან გრძელვადიან შეთანხმებებს დადებენ ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით - ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, იშვიათმიწა ელემენტების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა დამუშავების ცენტრების, არქტიკის ასათვისებლად ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და რეალიზების სფეროებში“, - ნათქვამია ამერიკულ გეგმაში. ევროპულ გეგმაში კი ამოღებულია პუნქტი, რომელიც აშშ-სათვის 50%-იან მომავალ მოგებას ითვალისწინებს რუსული გაყინული აქტივებისაგან, რომლებიც უკრაინის ეკონომიკაში იქნება ინვესტირებული.

გეგმის ორივე ვარიანტში არის იდენტური პუნქტი, რომელიც უფლებას აძლევს უკრაინას ევროკავშირის წევრი გახდეს და სანამ წევრად მიიღებენ, მოკლე ხნით ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად გავიდეს. კიევს უკვე დადებული აქვს შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.

როგორც უკვე ამერიკული სამშვიდობო შეთანხმებებისათვის არის დამახასიათებელი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზება „კონტროლდება და გარანტირდება მშვიდობის მსოფლიო საბჭოს მიერ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ჯონ ტრამპის თავმჯდომარეობით“.

 

წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ