03.12.2025 11:51
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში 2 დეკემბერს, საღამოს, კრემლში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მის თანაშემწეს იური უშაკოვს და სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს შეხვდნენ. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს რამდენიმე სტატია-კომენტარს აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგების თაობაზე.
„მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა“
(ავტორი - ელისაბედ ფოხტი, „ბიბისის“ კორესპონდენტი)
აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში დასრულდა. მისი მთავარი შედეგი აშკარაა: უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრული ჯერ არ ჩანს. თუმცა ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო მათთვის, ვინც ბოლო თვეებში ყურადღებით აკვირდება ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას.
რუსეთის ლიდერის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მან სამი მთავარი ამოცანა უნდა შეასრულოს, ანუ ის, რისთვისაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც ამერიკული ტელეარხი NBC News წერს მოლაპარაკების დეტალებში გარკვეულ რუს ჩინოვნიკზე დაყრდნობით, „არის სამი ბურჯი, რომელთა მიმართ ვლადიმერ პუტინი არანაირ კომპრომისზე არ დათანხმდება“. მისი თქმით, საქმე ეხება კრემლის მოთხოვნას დონბასის მთლიანად გაკონტროლებაზე, უკრაინის არმიის შემცირებას და რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების აღიარებას ევროპის მხრიდან. ეს სამი საკითხი ე.წ. „წითელ ხაზებს“ წარმოადგენს უკრაინისთვისაც - კიევი უარს აცხადებს თანხმობაზე. ერთადერთი საკითხი, რომელსაც კრემლი მზად არის „მოქნილად მიუდგეს“, რუსეთისთვის, პრინციპში, მეორეხარისხოვანია - ევროპის ბანკებში გაყინული რუსული აქტივები.
რუსეთის მოქმედება აჩვენებს, რომ კრემლის განზრახვით, სამი ამოცანის შესრულება ორი გზით შეიძლება:
პირველი - სამხედრო. როგორც ვლადიმერ პუტინის სიტყვებიდან ჩანს, კრემლს ეს გზა სრულიად აწყობს, უდიდესი დანაკარგების მიუხედავად. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკელებთან შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო ფორმა ჩაცმული ესაუბრა თავის გენერლებს.
მეორე - დიპლომატიური. მაგრამ კრემლის გეგმა იმაში კი არ არის, რომ რთულ მოლაპარაკებაში ჩაერთოს აშშ-სთან, უკრაინასთან და ევროპელებთან მშვიდობას აუცილებელი მიღწევისათვის. მისი მთავარი განზრახვაა, რომ მშვიდობის გზაზე პრობლემურ მხარედ ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები წარმოაჩინოს. შესაბამისად, დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ სწორედ ისინი უშლიან ხელს მშვიდობას.
თუ ასეთი დიპლომატიის შედეგად აშშ ზეწოლას განახორციელებს უკრაინაზე და კატეგორიულად მოსთხოვს ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას, მოსკოვში, რასაკვირველია, მოხარულნი იქნებიან. კრემლს ისიც აწყობს, თუ აშშ საერთოდ უარს იტყვის შუამავლობაზე.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც რუსეთი მისაღებად ჩათვლის ამჟამინდელ პირობებში, ზემოთ აღნიშნული „სამი ბურჯის“ გარდა, უნდა მოიცავდეს ნატოს გაფართოების შეჩერებასაც.
კრემლს აშკარად არ მოეწონა დონალდ ტრამპის ლოიალობა, როცა იგი ევროპელებს დათანხმდა თავდაპირველი გეგმის რევიზია განეხორციელებინათ. რა თქმა უნდა, გეგმის ისეთ რედაქციას, რომელიც კიევთან და ბრიუსელთან ერთად არის კორექტირებული, კრემლი არანაირად არ დათანხმდება. საეჭვოა, აცნობიერებდნენ თუ არა ამ გარემოებას დონალდ ტრამპის ბიზნესპარტნიორი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში გამგზავრების წინ.
ბოლო დროს დონალდ ტრამპი და ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც რუსეთით იყვნენ დაკავებულნი, იმეორებდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი სულ მშვიდობის დამყარებაზე ოცნებობს, მთავარია ისეთი პირობები შეიქმნას, რომელიც მას ამის გაკეთებაში დაეხმარებაო. ალბათ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიხვდნენ, რომ თეთრი სახლს არასწორად ესმოდა კრემლის პრიორიტეტები.
„კრემლში გამართულ 5-საათიან მოლაპარაკებას არანაირი შედეგები არ მოუტანია“
(ავტორი - ლაურა გოცი, „ბიბისის“ კორესპონდენტი)
როგორც ჩანს, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრით მიღწეული პროგრესი მინიმალურია. გარდა ბუნდოვანი სიტყვებისა, რომ „იდეები მისაღებია“ და რომ მოლაპარაკება „საკითხების არსს ეხებოდა“ და არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაიმე მნიშვნელოვანი არაფერი არ მომხდარა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლში გამართულ ხუთსაათიან მოლაპარაკებას არანაირი პრაქტიკული შედეგები არ მოუტანია. ერთადერთი, რაც ჩვენ ზუსტად ვიცით, არის ის, რაც იური უშაკოვმა თქვა: „კომპრომისი ჯერჯერობით
ვერ მოიძებნა“.
კიევსა და ევროპულ დედაქალაქებში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთისთვის საუკეთესო ვარიანტს დროის გაჭიანურება წარმოადგენს, რათა ბრძოლის ველზე შეტევები გააგრძელოს და უკრაინის რესურსები გამოიფიტოს (ამოიწუროს).
როგორც ჩანს, უკრაინისათვის 2 დეკემბერს მოსკოვში გამართული შეხვედრა, თუ იძულებით კაპიტულაციას არ ჩავთვლით, ერთ-ერთ ყველაზე უარესს წარმოადგენს: არავითარი დათმობა რუსეთის მხრიდან არ იქნება და არანაირი ნიშნები არ არის იმისა, რომ აშშ უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებს მოსკოვის მიმართ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სულ უფრო თბილი ხდება. კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები რისკავენ, რომ ისინი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების მიღმა დარჩებიან.
ავტორ(ებ)ი :