როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times 22.12.2025 19:22

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 21 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში: გერმანიას რუსული აქტივების უკრაინისადმი მიცემა სურდა, საფრანგეთი კი წინააღმდეგი იყო" (ავტორი - ჰენრი ფოი). მასალაში განხილულია პარიზ-ბერლინს შორის დაგროვილი პრობლემები, რომლებმაც ბრიუსელის სამიტის შედეგებზე ყველაზე ნეგატიური გავლენა მოახდინეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იმ დღეს, 18 დეკემბერს, გერმანიის კანცლერმა ბოლო მცდელობა განახორციელა, რათა დაერწმუნებინა ევროკავშირის ლიდერები იმაში, რომ რუსული გაყინული აქტივები, 210 მილიარდი ევროს მოცულობით, უკრაინისათვის მიეცათ, რუსეთთან ომში კიევის დასახმარებლად. მაგრამ გერმანელი ლიდერი მიხვდა, რომ მას გვერდით ალიანსელი მოკავშირე აკლდა - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ბრიუსელის სამიტის წინ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფრანგი პრეზიდენტი არცერთხელ არ გამოსულა საჯაროდ თავისი გერმანელი კოლეგის წინადადების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მაკრონი მერცს ეთანხმებოდა. საქმე იმაშია, რომ მაკრონთან დაახლოებული ეკონომისტები კერძო კულუარულ საუბრებში ეჭვს გამოხატავდნენ ფრიდრიხ მერცის ინიციატივის კანონიერებაში. ექსპერტები პრეზიდენტს აფრთხილებდნენ, რომ საფრანგეთს ისედაც მძიმე საგარეო ვალები აქვს და ამიტომ პარიზს გაუჭირდება რაიმე ფინანსური გარანტიები მისცეს ბელგიას, თუ არბიტრაჟი გადაწყვეტს, რომ უკრაინისათვის მიცემული ფული მოსკოვს უნდა დაუბრუნდეს.

ემანუელ მაკრონი კარგად ხედავდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იტალიის ჩათვლით, ნელ-ნელა დგებოდნენ ბელგიის - რუსული აქტივების დეპოზიტარი ქვეყნის - მხარეზე და როგორც ჩანს, მაკრონმაც მათთან ერთად დგომა გადაწყვიტა. ანუ პარიზი რუსული აქტივების კონფისკაციის მოწინააღმდეგეთა რიგებს შეუერთდა.

„მაკრონმა მერცი გაყიდა - მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცოდა: ამისთვის გარკვეული ფასის გადახდა მოუწევდა“, - გაუზიარა თავისი აზრი „ფაინენშელ თაიმსს“ კონფიდენციალური საუბრის დროს ევროპარლამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც კარგად იცნობს სიტუაციას, - „ფრანგი ლიდერი იმდენად სუსტია, რომ მას მეტი არაფერი არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ჯორჯა მელონის პოზიციას დათანხმებოდა“.

ეს დაპირისპირება ხაზს უსვამს ახალ დინამიკას ევროპის ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის - ინიციატივიან გერმანიასა და გადაწყვეტილების მიღებაში ტრადიციულად ნელ საფრანგეთს შორის. გერმანიის ხელისუფლებაში ფრიდრიხ მერცის მოსვლის - 2025 წლის 6 მაისის - შემდეგ ბერლინმა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში შეტევა განახორციელა: სწორედ ახალი კანცლერის გადაწყვეტილებით გაადიდა გერმანიამ სამხედრო ბიუჯეტი ერთი ტრილიონი ევროთი მომავალ ათწლეულის განმავლობაში. საფრანგეთს კი საქმეები არცთუ კარგად წაუვიდა: ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ქვეყნის საგარეო ვალი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.

ამ დისბალანსმა გაფანტა იმედები ფრანგულ-გერმანული ურთიერთობების მასშტაბურ გადატვირთვაზე. არადა, სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ პარიზისა და ბერლინის ალიანსს ევროკავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაში გრანდიოზულ გარღვევად თვლიდნენ. „ამჟამად ბრიუსელში აშკარად შეიმჩნევა იმ სიტუაციის შეგრძნება, რომ ბერლინი მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ რჩება, პარიზის გავლენა კი მხოლოდ ოდნავ მოჩანს“, - განმარტავს ევროპის პოლიტიკის ექსპერტი ჯორჯინა რაიტი, პარიზის ანალიტიკური ცენტრის - „მონტენის ინსტიტუტის“ თანამშრომელი.

ფრიდრიხ მერცი ისწრაფვის შეცვალოს სამწლიანი გერმანული გაუბედაობის პერიოდი, რომლის სიმბოლოს მისი წინამორბედი ოლაფ შოლცი წარმოადგენდა, იგი თავშეკავებული იყო გლობალურ საკითხებზე ხმის მიცემის დროს, რის გამოც ევროპელმა პოლიტოლოგებმა მოიფიქრეს სპეციალური ტერმინი „გერმანული გადაწყვეტილება“. ფრიდრიხ მერცმა საკვანძო ფსონი საგარეო პოლიტიკაზე დადო, მას იმედი ჰქონდა, რომ საფრანგეთთან ურთიერთობას აღადგენდა, რომელიც ოლაფ შოლცის დროს მნიშვნელოვნად შესუსტდა. კანცლერი ასევე იმედოვნებდა, რომ განამტკიცებდა ევროპულ თავდაცვას, დონალდ ტრამპის არასაიმედო ადმინისტრაციის ფონზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გერმანელ ლიდერს საქმე აქვს ისეთ ფრანგ ლიდერთან, რომლის უფლებამოსილების ვადა იწურება. საფრანგეთის პრეზიდენტი უკიდურესად შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებაში, რაც იწვევს სერიოზული ფინანსური ვალდებულებისაგან უკან დახევას.

„მაკრონსა და მერცს შორის როლების სრული შეცვლა მოხდა“, - ამბობს მუჯტაბა რახმანი, Eurasia Groupის ხელმძღვანელი, - „ადრე, სამი-ოთხი წლის წინ, ელისეის სასახლის ძირითადი თეზისი იყო, რომ გერმანია პოლიტიკურად სუსტია, რის გამოც ბევრი საერთო ევროპული პროექტი შეუსრულებელი რჩებოდა... ახლა კი როცა გერმანიას ენერგიული კანცლერი ჰყავს, პარიზი თავის როლს სათანადოდ ვერ ასრულებს“.

ბრიუსელის სამიტის კიდევ მწვავე საკითხად იქცა ევროკავშირსა და სამხრეთამერიკული „მერკოსურის“ (MERCOSUR — El Mercado Común del Sur) ქვეყნების სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომლის შესახებ მოლაპარაკება 25 წელი მიმდინარეობდა. გერმანია მომხრე იყო, საფრანგეთი წინააღმდეგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერლინი პარიზს დაემუქრა - ხმის მიცემას მოვითხოვ და აშკარად უმცირესობაში დარჩებიო.
მაგრამ ემანუელ მაკრონს, რომელიც კლასიმური ცენტრისტების ბანაკს წარმოადგენს, მოულოდნელად მოკავშირე გამოუჩნდა იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის სახით. ბოლო თვეებში იგი ევროსკეპტიკოსის როლში გამოდის - სხვაგვარად ვერ აიხსნება რომის ინიციატივა კენჭისყრის გადადების თაობაზე, რომელმაც ფრიდრიხ მერცს ხელიდან მორიგი პოლიტიკური გამარჯვება გამოსტაცა.

და მაინც, უთანხმოების მიუხედავად, სამიტმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისათვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ელისეის სასახლის ინკოგნიტო წარმომადგენლის თქმით, ემანუელ მაკრონისათვის მთავარი იყო ბელგიის გარანტორობა თავიდან აეცილებინა ბევრად მეტ თანხაზე - 210 მილიარდ ევროზე და ამიტომ 90 მილიარდზე დათანხმდა, რომელზეც, ხაზს ვუსვამთ, არა კონკრეტულად საფრანგეთის, არამედ ევროკავშირის ბიუჯეტია პასუხისმგებელი.

თავის მხრივ, ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ „მერკოსურთან“ სავაჭრო ხელშეკრულებას იგი ხელს მოაწერს. ეს ნიშნავს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრისათვის საფრანგეთის ინტერესები პრაქტიკულად არაფერს არ ნიშნავს.

ბოლო წლებში გერმანიასა და საფრანგეთს შორის იმატა ისეთი საკითხების რაოდენობამ, რომლებიც სწორედ საფრანგეთის ნეგატიური პოზიციის გამო რჩება მოუგვარებელი. ეს ეხება, ვთქვათ, Airbus-ის პრობლემას - ამ საავიაციო გიგანტის სამხედრო წარმოებები გერმანიის ტერიტორიაზეა, ფრანგული მხარე კი უარს აცხადებს მუშახელის რეზერვების განთავსებასთან დაკავშირებული დავის დარეგულირებაზე. ჯერჯერობით, ერთადერთი საკითხი, რომლის მიმართ პარიზისა და ბერლინის პოზიცია ერთნაირია, ეს უკრაინისადმი დახმარების აუცილებლობაა.

„ბრიუსელში შენიშნეს, რომ საფრანგეთი ბოლო დროს რუსლ უფრო მეტად ამჟღავნებს თავისი ეროვნული ინტერესების პრიორიტეტს საერთო ევროპულთან შედარებით. ამჟამად ყველას ახსენდება ფრანგებისათვის საწყენი ძველი გამოთქმა - „საფრანგეთის ლაპარაკი მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არანაირი საქმე არ მოსდევს“.

იმავდროულად გერმანიაში ფრიდრიხ მერცის მიმართ უკვე უკმაყოფილება შეინიშნება - კანცლერის ყოველი საზღვარგარეთული ვოიაჟი ბერლინისათვის სულ უფრო დიპლომატიურად წარუმატებელი რჩება. იმავე ბრიუსელის სამიტზე, როცა „მერკოსურთან“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გადაიდო და როცა უკრაინას ფული ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოეყო, ანუ გერმანიის ინიციატივა რუსული აქტივებით სარგებლობის თაობაზე ჩაიშალა, ოპოზიციამ ფრიდრიხ მერცზე შეტევა დაიწყო: „ალტერნატივა გერმანიისათვის“ თანათავმჯდომარემ ალისა ვაიდელმა განაცხადა, რომ „გერმანელ გადასახადის გადამხდელებს ისევ მოუწევთ სხვისი ომისთვის ფულის გადახდაო“.

„რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა სახლში დაბრუნება „მერკოსურის“ დოკუმენტის გარეშე და რუსული აქტივებთან დაკავშირებული ინიციატივების კრახით“, - ამბობს გუნტრამ ვოლფი, ბრეიგელის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გასული კვირის შედეგების შეჯამებისას, - „რაც შეეხება ემანუელ მაკრონს, მან უნდა გაიაზროს, თუ რამდენად ძვირად დაუჯდება საფრანგეთს ის ზიანი, რომელმაც მან თავისი მოქმედებით გერმანიის კანცლერს მიაყენა, როცა ფრიდრიხ მერცს მხარი არ დაუჭირა“.


წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ