22.12.2025 19:51
ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) სათაურით: "მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" (ავტორი - მარკ გალეოთი, პოლიტოლოგი) გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გატარებულია აზრი - ემანუელ მაკრონის მოწოდება, რომ ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა დაწყოს, სწორია. ავტორის აზრით, ევროკავშირის ლიდერებმა თავიანთი მწვავე განცხადებებით თვითონვე დაწვეს მოსკოვთან მისასვლელი ხიდები და ამიტომ პუტინთან ლაპარაკისადმი თავის არიდება, არაშორსმჭვრეტელური იქნებოდა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ემანუელ მაკრონი მართალია: საფრანგეთის პრეზიდენტმა ზუსტად მოარტყა, როცა ბრიუსელში წინა კვირაში უკრაინის დაფინანსების მიზნით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა - „ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ისევ ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკოთ“.
„ვფიქრობ, რომ ჩვენს ინტერესებშია - როგორც ევროპელების, ასევე უკრაინელების - ვიპოვოთ შესაფერისი ჩარჩოები მოსკოვთან დისკუსიის განახლებისათვის“, - თქვა მან და დაამატა რომ ეს „უახლოეს კვირეებში უნდა გაკეთდეს“.
ალბათ, ზოგიერთები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინთან [ევროპელი ლიდერების] საუბრები კრემლის ბინადარს საერთაშორისო ლეგიტიმურობას შემატებს და მის მიმართ გამოცხადებულ სანქციებს გაანეიტრალებს. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი იმისაც ტრაბახობდა, რომ მან ზოგიერთი ქვეყნები ისე შეაშინა, რუსებთან ლაპარაკზე უარი თვითონვე განაცხადესო.
თუმცა ემანუელ მაკრონმა თავისი ნათქვამით მხოლოდ ის აღიარა, რომ რუსეთი ისევ ბრძოლისუნარიანია და რომ ამჟამინდელი მოდელი - როცა დონალდ ტრამპის გუნდი ევროპელების საქმესაც აკეთებს, ხოლო თვითონ ევროპელი ლიდერები „მეხანძრეებივით“ სასწრაფოდ დარბიან ატლანტის ერთი ნაპირიდან მეორეზე და თეთრ სახლს ეუბნებიან, რომ პუტინისათვის ზედმეტი დაპირება არ მიეცათ - პასიურია და ახლომხედველური. „წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ჩვენ ერთმანეთში ვისაუბრებთ, დონალდ ტრამპის გუნდი კი რუსებთან ურთიერთობს, რაც არცთუ იდეალურია“, - დაამატა მან.
ემანუელ მაკრონი ორ ვარიანტს ხედავს: „ან მივაღწევთ მტკიცე მშვიდობას აუცილებელი გარანტიებით, რაც შესანიშნავი იქნებოდა და ამ შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, ან უახლოეს კვირებში მოგვიწევს იმ ნებისა და უნარის გამოვლენა, რომ ევროპელებმა განვაახლოთ სრულფასოვანი და გამჭვირვალე დიალოგი რუსეთთან“.
ემანუელ მაკრონი თვითონ არაერთგზის ცდილობდა რუსებთან კონტაქტების აწყობას. ომის პირველ თვეებში, განსაკუთრებით 2022 წლის სექტემბერში, მან რამდენჯერმე უშედეგოდ შეეცადა კრემლთან დარეკვას, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელსადგურთან დაკავშირებული რისკები დაერეგულირებინა. როცა არაფერი არ გამოვიდა, საფრანგეთის პრეზიდენტი სხვა უკიდურესობაში „გადავარდა“ და რუსეთის პრეზიდენტის მძაფრი კრიტიკა დაიწყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მიმდინარე წლის ივლისში ისევ მიმართა რუსეთის ლიდერს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. არც ამ მცდელობებმა გამოიღო სასურველი შედეგი - იმიტომ, რომ მოსკოვი მიხვდა - მაკრონი „თვითშემოქმედებით არის დაკავებული“ და მის ნაბიჯებს მხარს არ უჭერენ არც ევროპის ქვეყნები და არც თვით საკუთარი ადმინისტრაციაც კი. როგორც ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა შენიშნა, „თუ მაკრონს თანამემამულეების ყურადღების მიპყრობა არ შეუძლია, რატომ უნდა უსმინონ მას რუსებმა?“.
ვლადიმერ პუტინი იშვიათად თუ უყურებს სერიოზულად ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას. მაგრამ დღეს ფაქტობრივად სწორედ ევროპა აფინანსებს უკრაინის კამპანიას (აშშ-ის გარეშე), ამიტომაც, ალბათ, შესაძლოა ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ მისი ყურადღება მივიპყროთ, თუ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ.
ევროპაში მწიფდება აზრი, რომ მიდგომა - პუტინს ხმა არ გავცეთ, იმიტომ, რომ იგი ბოროტმოქმედია - არაშორსმჭვრეტელურია., განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპელები სხვა მსგავს ბოროტმოქმედებთან ნორმალურად თანამშრომლობენ და საქმეებს აგვარებენ. ასე მაგალითად, ნოემბერში ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები შეშფოთებულნი არიან დონალდ ტრამპის საუბრებით ვლადიმერ პუტინთან ისე, რომ ევროპელებს არაფერს არ ეკითხებაო და შესაბამისად,, აუცილებელია რუსეთ-აშშ-ის დიალოგში ევროპელთა ჩართვა.. მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ, ამჟამად მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა, რომელიც არანაირად არ არის პუტინის მეგობარი და მხარდამჭერი, ფრთხილად დაუჭირა მხარი ამ იდეას და ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალკეული ქვეყნების დონეზე კი არ უნდა მოხდეს, არამედ ერთადო.
პრეზიდენტი სტუბი მართალია: თუ ევროპული ქვეყნები განაახლებენ რუსეთთან დამოკიდებულებას მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე, პუტინისათვის ეს იქნება მიწვევა იმისთვის, რომ მან ევროპის თანხმობით „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით იმოქმედოს. კრემლისთვის ასეთი თამაშები დიდი ხანია ცნობილია და კარგად არის გამოცდილი მსგავს ინტრიგებში. ამიტომ აუცილებელია საერთო ევროპული პოზიციის შემუშავება, რომელშიც ასახული იქნება მტკიცე კონტინენტური კონსენსუსი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია (ცხადია, ყოველთვის იქნება ცალკეული უთანხმოებები, მაგალითად, უნგრეთის ან სლოვაკეთის მხრიდან). ასეთ შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირის სტრუქტურების ამოცანა არ უნდა იყოს - არა მარტო იმიტომ, რომ პუტინს ევროკავშირი არ მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა, თავიანთი უშნო კრიტიკით და მოჩვენებითი მორალიზატორობით რუსეთთან მისასვლელი ყველა ხიდი დაწვეს.
აი, ამ დროს პირველ პლანზე უნდა გამოვიდეს „ევროსამეული“ - არაფორმალური გაერთიანება გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სახით. თუ ისინი გამოავლენენ შემართებას და მტკიცე პოზიციას მთელი კონტინენტის და არა მხოლოდ ევროკავშირის სახელით, თანაც სერიოზული გავლენის მქონე სახელმწიფოებიდან, მაშინ ამით რუსეთთან ურთიერთობა „გადაიტვირთება“, თუნდაც სწრაფ შედეგებს ვერ მივაღწიოთ. რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ აშშ-ის მონოპოლია არ უნდა იყოს. როგორც ერთ-ერთმა ბრიტანელმა დიპლომატმა თქვა ჩემთან საუბარში, „რუსეთი არსად არ წავა, ამიტომ ჩვენ არამარტო უნდა შევიმუშაოთ სამშვიდობო დარეგულირების რაღაც გარკვეული წესი, არამედ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ სამომავლო ურთიერთობებს მშვიდობიან პერიოდში. მაგრამ ჯერ-ჯერობით პუტინს [ცნობილი მიზეზების გამო] ჩვენი ხმის გაგონება და საუბარი არ სურს“.
აუცილებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ვაიძულოთ მოგვისმინოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ მას რაიმე მნიშვნელოვანს შევთავაზებთ - უფრო რაღაც გააზრებულს, ვიდრე მორალურად გამართლებულს... მაგრამ არა პოლიტიკურად უაზრო მანტრებს, რომლითაც ევროპული რიტორიკა გამოირჩევა.
ვარაუდები ისეთია, რომ სტარმერისა და მაკრონის მიერ „უკრაინის დახმარების გაწევის მსურველთა კოალიციის“ შექმნის უკან რაღაც სტრატეგია იმალება, რომელიც დამაჯერებელ და სიცოცხლისუნარიან გზას გახსნის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ და ოფიციალურად არაფერი არ თქმულა. თუ ასეთი სტრატეგია ვერ შემუშავდება და მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდება მისი არსი, თუ კონტინენტს ამის ძალა არ ექნება, მაშინ რას ვერჩით პუტინს - გამოდის, რომ იგი მართალია, რომ ჩვენი მოსმენა არ სურს.
ავტორ(ებ)ი :