"რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა- რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?"-BBC 25.12.2025 13:47

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბიბისი"(BBC) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით "რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა: რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?", რომელშიც გადმოცემულია როგორც თვითონ აშშ, ევროპისა და უკრაინის მიერ შეთანხმებული დოკუმენტის პროექტი, ასევე კომენტარები პუნქტების მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა ომის დასრულების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შემუშავებული იქნა უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლების მიერ ბოლო კვირის განმავლობაში. საბაზო დოკუმენტი ომის დასრულების შესახებ შეიცავს 20 პუნქტს. გარდა ამისა, მომზადებულია დამატებითი დოკუმენტების „შავი პროექტები": ერთი ეხება უკრაინის ეკონომიკის აღდგენას, მეორე - უსაფრთხოების გარანტიებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული და ამერიკული მხარეები მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ დოკუმენტების ფინალიზაციას“, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმის ორ პუნქტზე.

"ჩვენ - უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა - ვერ შევძელით კონსენსუსამდე მისვლა დონბასისა და ზაპოროჟიეს ატომური ელსადგურთან დაკავშირებით და ისინი კვლავ სადაო რჩება, თუმცა სხვა პოზიციები მნიშვნელოვნად დავაახლოვეთ. პრინციპში, ხსენებული ორი პუნქტის გარდა, კონსენსუსი ზოგადად მიღწეულია:, - თქვა უკრაინის ლიდერმა.

სადაო საკითხების განხილვა უკრაინის პრეზიდენტს თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან ერთად სურს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს  რუსეთი. რა შედის და რა არ შედის იმ სამშვიდობო გეგმის პროექტში, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა?

ომისა და მშვიდობის 20 პუნქტი

I პუნქტი: უკრაინის სუვერენიტეტი ხელახლა იქნება დაფიქსირებული;

II პუნქტი: გათვალისწინებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადება უკრაინასა და რუსეთს შორის;

III პუნქტი: უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების დაცვის მტკიცე გარანტიებს;

IV პუნქტი: უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან დროს იქნება 800 ათასი სამხედრო მოსამსახურე (შენიშვნა: უკრაინის შეიარაღებული ძალები შედიან უკრაინის თავდაცვის ძალებში - ეროვნულ გვარდიასთან, ეროვნულ პოლიციასთან, სასაზღვრო დაცვის სამსახურთან და დაზვერვა-კონტრდაზვერვის ორგანოებთან ერთად. ანუ, საერთო ჯამში, თავდაცვის ძალების რიცხოვნობა ბევრად მეტია. უკრაინის არმიის რაოდენობის შემცირება რუსეთის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს: 2022 წელს კრემლის სურდა უკრაინის არმია 85 ათას ჯარისკაცამდე შემცირებულიყო, ხოლო სტივ უიტკოფისა და კირილ დმიტრიევის გეგმის მიხედვით - 600 ათასამდე).

V პუნქტი: აშშ, ნატო და ევროპული ქვეყნები უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების ისეთ გარანტიას, რომელიც ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი იქნება (შენიშვნა: ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის შემთხვევაში მოსკოვს ყველა გლობალური სანქცია აღუდგება, ხოლო თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, კიევი დაკარგავს უსაფრთხოების ყველა გარანტიას);

VI პუნქტი: რუსეთმა თავდაუსხმელობის პოლიტიკა უკრაინისა და ევროპის მიმართ თავის ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა დააფიქსიროს;

VII პუნქტი: უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი და ევროპულ ბაზარზე მოკლევადიან პრივილეგირებულ დაშვებას მიიღებს (შენიშვნა: როგორც ვოლოდიმირ ზელენსკმ განმარტა, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიად მიიჩნევს. წევრად მიღება შეიძლება 2027 ან 2028 წელს მოხდეს. რუსეთი არ ითხოვს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ იყოს. რაც შეეხება ნატოს, 20-პუნქტიან გეგმაში არ არის დაფიქსირებული, რომ ალიანსში უკრაინა არ გაწევრიანდეს, რაც რუსეთის უმთავრეს და კატეგორიულ მოთხოვნას წარმოადგენს. გეგმის წინა ვერსიებში არგაწევრიანების  პუნქტი დაფიქსირებული იყო. „ნატოში გაწევრიანება თუ უარი ხელშეკრულებით უნდა მოგვარდეს ამერიკას, უკრაინას, ევროპასა და რუსეთს შორის. უკრაინის მიღების საკითხი ნატოს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი);

VIII პუნქტი შეიცავს უკრაინის გლობალური განვითარების პაკეტს, რომელიც დადგენილი იქნება ცალკე ხელშეკრულებით ინვესტიციების დაბანდების შესახებ;

IX პუნქტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ უკრაინისათვის რეალური კომპენსაციის გადახდას აგრესიით მიყენებული ზიანის გამო;

X პუნქტის თანახმად, დაიდება შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, შემდეგ კი რუსეთს სანქციები თანდათანობით მოეხსნება;

XI პუნქტი: უკრაინა ადასტურებს, რომ დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების თანახმად;

XII პუნქტი ეხება ზაპორჟიეს ატომური ელსადგური ექსპლოატაციას, რომელიც ჯერ-ჯერობიტ გაურკვეველი რჩება (აშშ-ის აზრით, აესი სამი ქვეყნის - აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მიერ უნდა იმართებოდეს, თითოეული 33%-იანი წილით, რომ დივიდენდები ყველამ ტანაბრად მიიღოს. აეს-ის მთავარი მენეჯერი აშშ იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინას არ სურს რუსეთთან ერთად ყოფნა და კომერციის წარმოება. კომპრომისი შეიძლება ასეთი იყოს: ზაპოროჟიეს აესი გარდაიქმნება აშშ-უკრაინის ერთობლივ საწარმოდ, ელექტროენერგიის 50%-ს უკრაინა მიიღებს, დარჩენილ 50%-ს კი აშშ თავისი შეხედულებით განკარგავს. გარდა ამისა, არსებობს ბევრი სხვა საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია: სადგურის დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ინვესტიციების მოზიდვა, სადგურის ტერიტორიის გაწმენდა).

XIII პუნქტი: უკრაინა და რუსეთი ვალდებულებას იღებენ დანერგონ სკოლებში ისეთი ზოგადგანმანათლებელი პროგრამები, რომლებიც ხელსმ შეუწყობენ თმენას სხვადასხვა კულტურების მიმართ, აღმოფხვრის რასიზმს და  ცრურწმენებს ხალხების მიმართ. უკრაინა შემოიღებს ევროკავშირის სტანდარტებს რელიგიურ ტოლერანტობაზე და ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვაზე.

XIV პუნქტი: ტერიტორიული საკითხი - მეორე სადაო და ყველაზე რთული პრობლემა. უკრაინა ითხოვს, რომ ცეცხლის სეწყვეტა უნდა დაფქსირდეს დაპირისპირებული მხარეების ურთიერთშეხების ხაზზე, რაიმე ტერიტორიული ცვლილებების გარეშე. აშშ-ის აზრით, კომპრომისის სახით, დონბასში იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი დამატებით მოითხოვს, შეიძლება შეიქმნას დემილიტარიზებული ან თავისუფალი ვაჭრობის ზონა, მაგრამ, ზელენსკის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს რეფერენდუმის გზით, რომლის ჩატარებას მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტა და პლუს 60 დღე მაინც ჭირდება. „თუ შევძლებთ ცეცხლის შეწყვეტას იმ ფორმულით, რომლის თანახმად „ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ“, ტერიტორიის გადაცემის გარეშე, მაშინ შეიძლება შეთანხმების დადება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, - „ტერიტიორიული საკითხი უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის ცალკე ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს“.

XV პუნქტი: სამომავლო ტერიტორიული საკითხის მოგვარების შემდეგ, მოსკოვი და კიევი წერილობით პირობას დადებენ, რომ  შეთანხმებას აღარ შეცვლიან;

XVI პუნქტი: რუსეთის ხელს არ შეუშლის უკრაინას დნეპრი და შავი ზღვა კომერციული მიზნებით გამოიყენოს. დაიდება შესაბამისი შეთანხმება;

XVII პუნქტი: სამხედრო ტყვეების, დაკავებული სამოქალაო პირებისა და ომის სხვა მსხვერპლთაან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი;

XVIII პუნქტი: უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს, რაც შეიძლება მოკლე დროში. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა 60 ან 90 დღე ცეცხლის შეწყვეტიდან. პარლამენტს შეუძლია არჩევნების საკანონმდებლო უზრუნველყოფა მოახდინოს სამხედრო მდგომარეობის გაუქმების გარეშე, ხოლო როცა გაუქმდება, მოგვიანებით, ჩატარდება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებიც.

XIX პუნქტი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას გააკონტროლებს მშვიდობის საბჭო დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. მასში შევლენ უკრაინის, რუსეთისა და ევროპის წარმომადგენლები. დარღვევისათვის გათვალისწინებულია სანქციების გამოცხადება;

XX პუნქტი: მას შემდეგ, რაც მხარეები ამ გეგმა-შეთანხმებას ხელს მოაწერენ, დაუყონებლივ გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტა ომის ყველა ფრონტზე.

გეგმა-სეთანხმებაზე კონკრეტული ხელმოწერის ვადა დადგენილი არ არის, მაგრამ გათვალისწინებულია, რომ ხელმოწერა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.

გარდა სამშვიდობო გეგმისა, ამ მომენტისათვის არსებობს კიდევ დოკუმენტების სამი პროექტი:

ა) სამმხრივი შეთანხმება (უკრაინა, ევროპა, აშშ) უსაფრთხოების გარანტიების შესახებ;

ბ) ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიის შესახებ (აშშ, უკრაინა);

გ) საგზაო რუკა უკრაინის აღდგენისათვის, 2240 წლამდე.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ