"რატომ აშენებს სომხეთი იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძეგლს"-Der Spiegel 26.12.2025 19:33

გერმანულ ჟურნალში "დერ შპიგელში" (Der Spiegel) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: "რატომ აშენებს სომხეთი იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძეგლს" (ავტორი - ტიგრან პეტროსიანი). პუბლიკაციაში განხილულია სომხური სამოციქულო ეკლესიის ურთიერთობა სომხეთის სახელმწიფო ხელისუფლებასთან, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გამწვავდა: ორთაბრძოლაში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მესამე არიან ჩართულნი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

არმენ სამველიანი ჭრიალით აღებს სახელოსნოს ეზოს დაჟანგებულ ჭიშკარს: ერევნის გარეუბანში მცხოვრები მოქანდაკე სტუმრებს ელოდება. ირგვლივ მტვრის ღრუბელი დგება - მიკროავტობუსები მოვიდნენ, საიდანაც ქალები გადმოდიან და სწრაფი ნაბიჯით ერთმანეთს უსწრებენ: ყველა სურს ეზოში პირველი შევიდეს. „სასწაული!“, „გამოცხადება!“, „მფარველი!“, - ზედიზედ იძახიან ქალები, - იესო ქრისტე!“.

ჭიშკრის მიღმა, ეზოს სიღრმეში, იესოს გიგანტური ფიგურა დგას, რომელიც სულ მალე სომხეთის პასუხი გახდება რიო-დე-ჟანეიროში მდგარი 30-მეტრიანი იესო-მხსნელისა, რომელიც ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკებაა მსოფლიოში.

ჯერჯერობით სკულპტურა ორი ნაწილისაგან შედგება. სახელოსნოს წინ ბიუსტია აღმართული, ხოლო ფეხები ტერფებით - ბაღშია აყუდებული. უახლოეს ხანში ქანდაკება ჰატისის მთას დაამშვენებს, რომელიც ერევნისაგან 30 კილომეტრითაა დაშორებული. მისი საერთო სიმაღლე 101 მეტრი იქნება. 33-მეტრიანი სხეული ქრისტეს სიცოცხლის წლების სიმბოლოა, დანარჩენი კი პოსტამენტის სიმაღლე. მონუმენტის გახსნა 2026 წლის შუახნებისთვის არის დაგეგმილი.

სომხეთი სამხრეთ კავკასიაში მდებარე ომებითა და კრიზისებით შეზანზარებულ პატარა ქვეყანას წარმოადგენს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ბრძოლა წააგო და ამჟამად ეროვნული იდენტობის ძიებაშია. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს რებრენდინგი განახორციელოს: ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი გახდა ის, რომ ქვეყანა ნაკლებ აქცენტს აკეთებს ისტორიულ გენოციდზე, რითაც საუკუნეზე მეტ ხანს აღიზიანებს მის დიდ მეზობელს - თურქეთს, სადაც აცხადებენ, რომ 1915 წელს ყოფილი ოსმალეთის იმპერიის მიერ თითქოსდა ჩადენილი გენოციდი სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება.

იესოს ქანდაკება კი სომხებს სხვა მოვლენას ახსენებს - იმას, რომ 301 წელს სომხეთში პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად... და მაინც, ქანდაკების გამო საზოგადოებაში დაპირისპირება ღვივდება: ნიშნავს თუ არა იესოს სკულპტურის შექმნა სომხეთის აღორძინებას თუ ეს მხოლოდ ოლიგარქის უბრალო პომპეზურ თვითპიარს წარმოადგენს?

ამ ყველაფრის უკან მულტიმილიონერი გაგიკ ცარუკიანი დგას - კაცი, რომელიც ახლა „ღვთის მშენებელია“, კრიტიკოსები კი მას ოლიგარქს უწოდებენ. მას მთავრობა მხარს უჭერს, სომხური სამოციქულო ეკლესია კი - არა: ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ეკლესიამ განაცხადა, რომ ქრისტეს ქანდაკების დადგმა „მიუღებელია, რადგან არ შეესაბამება სომხურ მრავალსაუკუნოვან იკონოგრაფიულ და კულტურულ ტრადიციებს“ და მოუწოდა პროექტის ინიციატორებს უარი თქვან იდეაზე. მართალია, მას შემდეგ ეკლესიის წარმომადგენლები დუმილს ამჯობინებენ და იმაზე, რაც ჰატისის მთაზე შენდება, არანაირი პროტესტები და უარები აღარ ისმის.

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმედს გამოხატავს, რომ ქანდაკება ქვეყანაში ტურისტებს მიიზიდავს. ბევრი სომეხი მას მხარს უჭერს და მიაჩნიათ, რომ ეს იქნება შანსი სომხეთი მომლოცველებისათვის მიმზიდველი მიმართულება გახდეს. შესაბამისად, გაჩნდება ბევრი რესტორანი, სასტუმრო და სამუშაო ადგილები. ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება უკიდურესად აუცილებელია: ბოლო დროს სომხეთში უმუშევრობის დონემ 13,9%-ს მიაღწია, სიღარიბემ კი 21,7%-ს.
მაგრამ სანამ ძეგლის ოფიციალური გახსნა არ შემდგარა, მნახველებს სურთ იესოს რაც შეიძლება ახლოს გაეცნონ. ამას წინათ ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან ქრისტეს 40 მასწავლებელი ეწვია: „იესოს სახე სიკეთითაა სავსე, მაგრამ ის სევდასაც გამოხატავს. ის რომ დავინახე, უეცრად დავმშვიდდი“, - ამბობს ახალგაზრდა პედაგოგი. მისი თქმით, სომხებს რწმენა აკლიათ: „ბოლო წლების მოვლენები - აზერბაიჯანთან ომი და ახალგაზრდა თაობის დაღუპვა“, მასწავლებლის აზრით, „უფლისგან განდგომით არის გამოწვეული“. კიდევ ერთი ქალი, სამი ვაჟის დედა, თავდახრილი, პატივის ცემით დგას თეთრ გიგანტის წინაშე. იგი ფრთხილად ეხება ალუმინის ცივ ფიგურას და ლოცულობს თავის უფროს ვაჟზე, რომ იგი ჯარიდან ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდეს. „ეს ქანდაკება ჩვენი ხალხის ახალი მფარველი იქნება“, - ამბობს იგი.

მოქანდაკე არმენ სამველიანი თავის სახელოსნოშია. ირგვლივ ძველბერძნული და რომაული ღმერთებისა და ანგელოზების სკულპტურებია, დიდფრთიანი არწივები და პინგვინები ანიმაციურ ფილმიდან „მადაგასკარი“, „დროს ფეხდაფეხ უნდა მიჰყვე“, - ამბობს ხელოვანი, რომელიც ყველაზე წარმატებულ მხატვრად ითვლება სომხეთში. მდიდარი სომხები, რომლებმაც ქონება პოლიტიკითა და კორუფციით დააგროვეს, მას ვილებისა და ბაღებისათვის ძეგლებს უკვეთავენ. არმენ სამველიანის ნამუშევრები ერევნის საზოგადოებრივ ადგილებშიც მრავლად დგანან: „რა თქმა უნდა, კლიენტის სურვილი ჩემთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს“. და რასაკვირველია, მის ყველაზე მნიშვნელოვან კლიენტად და დამკვეთად გაგიკ ცარუკიანი ითვლება, რომელმაც იესო ქრისტეს გამოქანდაკება მოისურვა.

აი, ისიც, მილიონერი - ფართოდ გაღებულ ჭიშკარში „მაიბახი“ შემოდის და ჩერდება. გადმოდის გაგიკ ცარუკიანი. იგი 69 წლისაა, მისი დაკუნთული მკლავები წარსულში ცნობილ მოჭიდავეს გვახსენებს. გაგიკი სამველს ხელს ართმევს. მილიარდერი იღიმება: „ჩვენ დიდი ხნის ისტორიის მქონე ერი ვართ, ძლიერი დიასპორით. მოვიდა გაერთიანების დრო“. სხვადასხვა შეფასებებით, საზღვარგარეთ 8 მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, ბევრი მათგანი ისეთ ცენტრებში, როგორებიცაა პარიზი, ლოს-ანჟელესი, ბეირუთი. სამშობლოში მხოლოდ სამ მილიონამდე სომეხია დარჩენილი - ვისაც წასვლა შეუძლია, ის აუცილებლად მიდის.

გაგიკ ცარუკიანი თავის დიდ ხელისგულს სკულპტურაზე ადებს: „ეს ძეგლი ეროვნული აღორძინების სიმბოლო უნდა გახდეს. მის ნაკვთებში არის რაღაც სომხური“.

თავდაპირველად არმენ სამველიანი გეგმავდა, რომ თავისი ქმნილების ბიუსტისა და ფეხების ტრანსპორტირება მთაზე ვერტმფრენის მეშვეობით მოეხდინა, მაგრამ რადგანაც იესო 20 ტონას იწონის, ხოლო სომხეთში შესაბამისი ტვირთამწეობის ვერტმფრენი არ მოიძებნა, მას ძეგლის ნაწილებად დაჭრა მოუწევს.

დღეს გაგიკ ცარუკიანი ჰატისის მთაზე მიმდინარე ძეგლის ფუნდამენტის მშენებლობას ამოწმებს. იგი „მაიბახს“ ყველგანმავალზე ცვლის. გზის პირას ბანერებია გამოფენილი წარწერით - „იყიდება“ და ტელეფონის ნომრები. მიწის ფასი მთის (ანუ მომავალი იესოს ქანდაკების) სიახლოვეს ძალიან გაიზარდა.
გაგიკ ცარუკიანის ბიზნეს-იმპერია, სასტუმროებისა და კაზინოების გარდა, მასმედიასა და სპორტსაც მოიცავს. მისი გავლენა სოციალურ სფეროშიც იგრძნობა. იგი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა, აფინანსებს ეკლესიების რესტავრაციას და სპორტული კომპლექსების მშენებლობებს. მის მიერ დაარსებულ პარტიას „აყვავებულ სომხეთს“ 2018 წლის „ხავერდოვან რევოლუციამდე“, თავისი მრავალრიცხოვანი დეპუტაციით, ქვეყნის პარლამენტში მეორე ადგილი ეკავა. სწორედ მაშინ იქცა გაგიკ ცარუკიანი ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერად. მას შემდეგ „აყვავებული სომხეთი“ ხელისუფლებაში იმყოფება, ხოლო თვითონ მილიარდერი პოლიტიკიდან წავიდა.

გაგიკ ცარუკიანს ბევრი კორუფციასა და გადასახადების არგადახდაში ადანაშაულებს. მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 2017 წელს, არჩევნების მოსყიდვისა და უკანონო ბიზნესს-საქმიანობის თაობაზე. სხვათა შორის, საქმეები ჯერ კიდევ არ არის დახურული, მას კი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვს. თვითონ ცარუკიანი ბრალდებებს უარყოფს: „ნებისმიერ ოლიგარქს რომ ჰკითხო, როგორ გამდიდრდიო, ხშირად ტრადიციულად გიპასუხებს - პირველი მილიონის მიღების გარემოებები საიდუმლოა... მე 24 თუ 25 წლის ვიყავი, ნამდვილი ფული რომ პირველად გამოჩნდა ჯიბეში... ვალი ავიღე სათბურის ასაშენებლად, სოკოების ბიზნესი დავიწყე, შემდეგ მოგება სხვა საწარმოში ჩავდე, დავიწყე არყის დამზადება, ფეხსაცმელებისა და ქალის „კალგოტკების“ გამოშვება. ეს იღბალი კი არ იყო, არამედ მძიმე ყოველდღიური შრომა“.

 

ცარუკიანი ჰატისის მთაზე ავიდა და ქვემოთ იყურება, საძოვრებისაკენ. ირგვლივ სატვირთო მანქანების ძრავები ღრიალებენ, ექსკავატორები მიწას ტონობით თხრიან, მშენებლები ხიმინჯებს ბეტონის ფილებში ასობენ... იქვე ახლოს მიწიდან ამოყრილი ქვების გროვა მოჩანს, რომლის გამოც 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. გათხრების შედეგად გაირკვა, რომ აქ ბრინჯაოსა და რკინის ეპოქის ციხე-სიმაგრის ნაშთებია, მაგრამ არქეოლოგების გაფრთხილებისა და ეკოლოგთა პროტესტის მიუხედავად, 2025 წელს პროექტი მთავრობამ საბოლოოდ დაამტკიცა და მშენებლობა ისევ გაგრძელდა.

გაგიკ ცარუკიანი ფრთხილად დადის მიწიდან ამოღებული ისტორიული ქვებს შორის. სამომავლოდ მორწმუნეებს მთაზე საბაგირო გზა ამოიყვანს, ხოლო მონუმენტის ქვეშ მუზეუმი იქნება. დიდ მონიტორებზე იესო ქრისტეს ცხოვრება იქნება ნაჩვენები - დაბადებიდან ჯვარზე გაკვრამდე... და, რა თქმა უნდა, სომხეთის ისტორიაც: როგორ გამოაცხადა მეფე ტრდატ მესამემ 301 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ცხადია, ქანდაკებასთან ახლოს აშენდება სასტუმროები და რესტორნებიც, თუმცა „იესოს ძეგლი ყველაზე საუკეთესოა, რაც კი ამიშენებია“.
გაგიკ ცარუკიან არ სურს იმის გამხელა, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება მშენებლობაზე. მასმედიის ვარაუდით, მისი საქველმოქმედო ფონდი 2022-2023 წლებში 1,3 მილიონ ევროს ითვლიდა. „მე ეკონომიას არ დავიწყებ“, - ამბობს მილიარდერი.

მაგრამ მის განცხადებებს არ იწონებს 62 წლის სტეპან დანელიანი, ერევნელი პოლიტოლოგი, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს იკვლევს. მისი აზრით, ის, რომ იესოს გიგანტურ ძეგლს ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანება შეუძლია, სასაცილოა: „ეს მხოლოდ პიარმოქმედებაა, გაგიკ ცარუკიანის იმიჯური პროექტი... და სხვათა შორის, [ნიკოლ ფაშინიანის] მთავრობის პროვოკაცია ეკლესიის წინააღმდეგ“.

მრავალი საუკუნის განმავლობაში სომხეთის სამოციქულო ეკლესია მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი არ იყო. ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების, ბოლოს კი საბჭოთა ხელისუფლების ქვეშ მოქცეული ეკლესია მუდმივად იცავდა სომხურ ენასა და კულტურას გაქრობისაგან. დღეს ეკლესია საკუთარ თავს წარმოადგენს როგორც მორალურ ავტორიტეტს და იმავდროულად ხელისუფლების პოლიტიკის საპირწონედ. ეკლესიამ დ ოპოზიციამ არ აპატიეს ნიკოლ ფაშინიანს 2023 წელს აზერბაიჯანთან ომის წაგება მთიანი ყარაბაღის გამო. ისინი ფაშინიანის მთავრობის ქმედებას „ღალატად“ თვლიან, როცა სომხეთის არმია აზერბაიჯანის არმიის ჭარბ ძალებს ჩაბარდა.

ნიკოლ ფაშინანი თავისებურად რეაგირებს; მაისში, მაგალითად, მან სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „სანაგვე“ უწოდა და მისი მეთაური, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე იმაში დაადანაშაულა, რომ ცელიბატის (დაუქორწინებლობის კანონის) დარღვევით, იგი მამა გახდა. პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს აგრეთვე ქვეყნის „სულიერი და სახელმწიფო უსაფრთხოების მუქარაზეც“ და კათოლიკოსის გადადგომას ითხოვს. ივნისში მთავრობამ დააპატიმრა ოპოზიციონერები, მათ შორის ცნობილი ეპისკოპოსებიც და მათ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებები წაუყენა. ოქტომბრიდან დეკემბრამდე პოლიციამ ჩხრეკა კიდევ ათობით სასულიერო მოსამსახურის ბინებში ჩაატარა და სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

„მთავრობა ცდილობს გავლენა მოიპოვოს საეკლესიო სტრუქტურებში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლება თავს დაესხა სომხური იდენტურობის საფუძველს და პირველ რიგში მას, რასაც ეკლესია ეყრდნობა“, - ამბობს პოლიტოლოგი დანიელიანი.
ასე მაგალითად, არარატის - ბიბლიური მთისა და სომხეთის ეროვნული სიმბოლოს, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, განსაკუთრებული სტატუსი გაუქმდება. თურქი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები დიდი ხანია ითხოვენ, რომ სომხეთმა არარატის მთის გამოსახულება ეროვნული სიმბოლოებიდან ამოშალოს, მაგალითად, სახელმწიფოს ღერბიდან. ანკარა და ბაქო სომხეთის ღერბში „ტერიტორიულ პრეტენზიებს“ ამჩნევენ.

ფაშინიანის მთავრობამ არარატის მთის გამოსახულება უკვე ამოშალა სასაზღვრო შტამპიდან. „ჩვენი მთავრობა ითხოვს უარი ვთქვათ სომხურ ფასეულობებზე, ისტორიაზე, სიმბოლოებზე, სამაგიეროდ მშვიდობას გვპირდება“, - ამბობს დანელიანი. „მტკიცე მშვიდობა თუ არავითარი მშვიდობა“ - ასეთია ლოზუნგი, რომლითაც მმართველი პარტია 2026 წლის ზაფხულში საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მულტიმილიონერმა გაგიკ ცარუკიანმა იესოს ქანდაკების შექმნა მამულის სამსახურად გამოაცხადა. ყველა სომეხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ძეგლის მშენებლობაში.

მოხალისეებს რეგისტრაცია ონლაინ-ფორმით შეუძლიათ ასობით ცნობილი სომეხი მოღვაწე უკვე გამოეხმაურა მოწოდებას, ვიდეორგოლები მშენებლობაში მათი მონაწილეობის შესახებ უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელებში. მაგალითად, ასეთი სახით: პოპ-ვარსკვლავი ცემენტით სავსე ვედროს ფუნდამენტში ასხამს, ხოლო მსახიობი საზეიმო სახით მასზე ქვას დებს. სამშენებლო ცერემონიის დასრულების შემდეგ გაგიკ ცარუკიანი აწყობს ფურშეტებს, სადაც მუსიკოსები სომხეთის ხალხურ სიმღერებს ასრულებენ, ბოლოს კი ყველა მოხალისე მშენებელი შესაბამის მოწმობას იღებს.

 

წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ