05.01.2026 12:28
აშშ-ის მიერ ჩატარებულმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ ვენესუელის დიქტატორი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საერთაშორისო მასმედია, პოლიტიკოსები და ექსპერტები სხვადასხვანაირად აფასებენ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯს - არიან მხარდამჭერებიც და კრიტიკოსებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პრინციპში, მხარს უჭერენ, მაგრამ სამომავლოდ ასეთი მოქმედების გამეორებას საზიანოდ თვლიან საერთაშორისო წესრიგისათვის.
გთავაზობთ ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 4 იანვრის საკვირაო ნომერში - "სანდეი ტელეგრაფში" გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას სათაურით: "ტრამპის დიდი ავანტიურა ვენესუელის მიმართ: გავლენის სფეროებისაკენ დაბრუნება და პრინციპის "ვინც ძლიერია, ის მართალია"-ს აღიარება?".
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
არავის არ უნდა დაიტიროს ვენესუელელი ტირანი ნიკოლას მადურო, რომელიც აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა 3 იანვარს ღამით განხორციელებული ოპერაციის შედეგად შეიპყრეს. მისი რეჟიმი ქვეყნისათვის კატასტროფული იყო: ეკონომიკური კრიზისი, სამოქალაქო თავისუფლებების მკაცრი შეზღუდვა, ლტოლვილებისა და მიგრანტების ნაკადის ზრდა... მადუროს რეჟიმი რეგიონისთვისაც ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდა: ვენესუელას თავს აფარებდნენ ნარკოვაჭრები და ნარკომაფიოზები... მადურო მხარს უჭერდა კუბის კომუნისტურ რეჟიმს, თვითონ კი მოსკოვის, პეკინისა და თეირანის იმედად იყო.
მაგრამ..
ბევრს ეჭვი გაუჩნდა იმის გამო, თუ როგორი მეთოდებითა დაემხო დიქტატორი და იმის გამოც, თუ რა მოხდა მეორე დღეს და როგორი განცხადებები გაკეთდა. გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის მთავრობამ, რომელიც სულ უფრო იხრება „მონროს დოქტრინისაკენ“ ანუ გავლენის სფეროების გადანაწილებისაკენ და უკან იხევს ევროპული საქმეებიდან, ორიენტაცია აიღო თავის უახლოეს მეზობლებზე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რეგიონულ მიგრაციაზე და ნარკოვაჭრობაზე, „დასასჯელად“ შეარჩია ის ქვეყანა, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან არის დაახლოებული (რუსეთან, ჩინეთან, ირანთან და ა.შ.)
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენესუელას მართვას დაიწყებს და მას აყვავებულ სახელმწიფოდ გადააქცევს, იქაურ ნაციონალიზებულ ნავთობს კი ამერიკული კომპანიები დაიბრუნებენ და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ, თუმცა სწორედ ეს იწვევს დამატებით ეჭვებს.
დონალდ ტრამპის განცხადება, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ასეთი პერსპექტივა ქვეყნის ტერიტორიაზე შემდგომი სამხედრო ჩარევის [ოკუპაციის] გარეშე განხორციელდეს. მართალია, მისტერ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ გასარკვევია, რამდენად რეალისტურია ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი. უფრო მეტიც - აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდებისკენ, ამტკიცებს იმ თვალსაზრისს, რომ ვაშინგტონს ანგარებითი მიზნები აქვს. ეს, თავის მხრივ, ეჭვებს აღვივებს და უნდობლობას ზრდის იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სთან ურთიერთობა აქვთ.
აშშ-ის პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება [დასავლეთ ნახევარსფეროსაკენ] დამკვირვებლებს ჩაფიქრების მიზეზს აძლევს. ჯერ იყო და „ეროვნულ სტრატეგიაში“ თეთრმა სახლმა ევროპას დამამცირებელი ეპითეტები მიუძღვნა, ახლა კი დონალდ ტრამპი მკაფიოდ აჟღერებს თავის განზრახვებს - „აღვადგინოთ ამერიკის ძლიერება ... ჩვენს მშობლიურ რეგიონში, დავიცვათ ვაჭრობა, ტერიტორიები და რესურსები, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებად ითვლებიან“.
კაცმა რომ თქვას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაშინგტონი ჩრდილოეთი და სამხრეთი („ლათინური“) ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში ერევა, იმ ლიდერების დამხობის მიზნით, რომლებიც აშშ-ისთვის „საფრთხეს წარმოადგენენ“.
პანამის მმართველი მანუელ ნორიეგა 1989 წელს მაიამის სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა და მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნიკოლას მადუროს კი, როგორც ჩანს, ნიუ-იორკის სასამართლო განსჯის, ბრალდებით „ნარკოტერორისტული შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ“.
ვაშინგტონის პოზიციის თანახმად, ისევე როგორც მანუელ ნორიეგას შემთხვევაში, ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დამხობაც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში თავსდება - მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი საერთაშორისო სამართალს მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემს.
და მაინც, მისტერ ტრამპის სიტყვები ვენესუელას მართვაზე და მისი „ეკონომიკის აღდგენაზე“ აშკარად მიუთითებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სხვა ლოგიკით ხელმძღვანელობს, ანუ ძალის გამოყენებით შეიძლება სამართლიანი საქმე გააკეთო. მაგრამ ასეთი მოქმედებით გავლენის სფეროების დოქტრინებს ვუბრუნდებით, რაც მნიშვნელოვანი გადახვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგიდან. იმ დროს აშშ-ის მუქარები და იძულებები დღევანდელივით ღია არ იყო, ვაშინგტონი შედარებით შენიღბულად და თავშეკავებით მოქმედებდა. ახლა კი ერთადერთი ჰეგემონი მთელ მსოფლიოს თავის ნებას ახვევს.
თავის დროზე, როცა მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კონგრესში ამტკიცებდნენ, მან 1945 წლის შემდგომი „მსოფლიო წესრიგი“ შეაფასა როგორც „არამარტო მოძველებულად“, არამედ იმ „იარაღად, რომელსაც აშშ-ის წინააღმდეგ იყენებენ“. ამ განცხადებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი: მართლაცდა, საერთაშორისო სამართლის ელემენტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც განსაზღვრავენ საომარი მოქმედებების წესებს, ლტოლვილებისადმი მოპყრობას და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს - დასავლეთის პოზიციების ძირის გამოთხრად გამოიყენებოდა
მაგრამ არც ის შეიძლება, როცა მემარცხენეებს ვაკრიტიკებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევისას და ამ დროს ჩვენ თვითონ ვაცხადებთ საკუთარ უფლებას - უცხო სახელმწიფოში ძალის საშუალებით „წესრიგის დასამყარებლად“.
ამერიკის მტრებმა უკვე უარი თქვეს თავშეკავებულ ქმედებებზე, რასაც ადასტურებს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ვლადიმერ პუტინის მდუმარე მხარდაჭერა ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების მიმართ. მაგრამ იმავე აშშ-ის მიერ გატარებულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს პლანეტის გავლენის სფეროებად გადანაწილებაზე - აშშ აქცენტს აკეთებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე (და, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთზეც) და არა ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე - შეიძლება ეს ტენდენცია დააჩქაროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ვაშინგტონს აქვს უფლება ძალა გამოიყენოს თავისი მეზობლების მიმართ, მაშინ იქმნება იმის პრეცედენტი, რომ უცხოეთის დედაქალაქებიც ჩაერევიან თავიანთი პატარა მეზობლების საშინაო საქმეებში.
ასე რომ, არავინ იცის, უზრუნველყოფს თუ არა ნიკოლას მადუროს დამხობა, როგორი სასურველიც არ უნდა იყოს ის ვენესუელელებისა და ამერიკელებისათვის, საკმარის კომპენსაციას ასეთი რისკიანი ნაბიჯებისათვის.
ავტორ(ებ)ი :