"ტრამპი  "დონროს დოქტრინის" გამოცხადებით კოლუმბიას, კუბას და მექსიკას აფრთხილებს"-Times of India 06.01.2026 16:13

ინდოეთის ინგლისურენოვანი გაზეთი "თაიმს ოფ ინდია" (Times of India) ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს ვენესუელაში მომხდარი ამბების ფონზე და აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ტრამპი  "დონროს დოქტრინის" გამოცხადებით კოლუმბიას, კუბას და მექსიკას აფრთხილებს" (ავტორი - ჩიდანანდ რაჯჰატა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, კარაკასში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად შეიპყრო და ნიუ-იორკში ჩაიყვანა, ასევე მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა კოლუმბიის, კუბის, მექსიკისა და სხვა ქვეყნების მიმართაც. „კოლუმბია, ვენესუელის მსგავსად, ავადმყოფი ქვეყანაა, რომელიც კოკაინს ამზადებს, თვითონაც ხმარობს და ამერიკაშიც ბევრს გზავნის, მაგრამ ეს ამიერიდან დიდხანს არ გაგრძელდება... კუბა უკვე დაცემის ზღვარზეა. ჰავანა ნავთობს ვენესუელიდან იღებდა, ახლა კი შემოსავლების გარეშე დარჩა. კუბა ისეთ მძიმე სიტუაციაში ჩავარდნილი, რომ შეიძლება ჩვენი ჩარევა აღარ დაჭირდეს. მექსიკაში ნარკოკარტელები ბატონობენ, იქაური პრეზიდენტი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და შეიძლება ზომების მიღება მოგვიწიოს“.

დონალდ ტრამპმა ისევ გაიხსენა გრენლანდია, რომელიც დანიის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენს (ავტონომიის უფლებით), მაგრამ მისგან შორს, ჩრდილოეთ ამერიკის (კანადის) ახლოს მდებარეობს: „ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის გრენლანდია ძალიან გვჭირდება“.

როგორც ჩანს, ეს არის იმის მანიშნებელი სიგნალი, რომ ვაშინგტონი დასავლეთ ნახევარსფეროში გავლენას აძლიერებს, რომელიც დღეს „დონროს დოქტრინის“ სახელით არის ცნობილი („მონროს დოქტრინის“ - საგარეოპოლიტიკური კონცეფციის - მსგავსად, რომელიც XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ შეიმუშავა).

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ცდილობს მე-5 პრეზიდენტს მიბაძოს: 1823 წელს შექმნილი „მონროს დოქტრინა“ ითვალისწინებდა, რომ აშშ-ის ინტერესების სფერო უნდა ყოფილიყო დასავლეთი ნახევარსფერო, განსაკუთრებით კი ლათინური ამერიკა (ანუ ამერიკის კონტინენტის ის ნაწილი, სადაც რომანული ენების მქონე ქვეყნები მდებარეობენ) და რომ ვაშინგტონი დედამიწის ამ არეალში ევროპული სახელმწიფოების ჩარევას არ დაუშვებდა.

„მონროს დოქტრინა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ ჩვენ ის გარკვეულად შევცვალეთ „დონროს დოქტრინით“, ანუ სიტუაციას ახლებურად ვუდგებით“, - თქვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა რუსეთ-ჩინეთის გავლენები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, - „ამერიკის ბატონობა დასავლეთ ნახევარსფეროში არასოდეს საეჭვო აღარ იქნება“.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის მომხრეების მტკიცებით, ისტორიული დოქტრინის ასეთი ახლებური გააზრება ასახავს ვაშინგტონის გავლენის აღდგენის აუცილებლობას ლათინურ ამერიკაში, მისი მრავალწლიანი უგულვებელყოფის შემდეგ. როგორც კი აშშ-მა ყურადღება შეასუსტა, სამხრეთ ამერიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენები გაძლიერდა. დონალდ ტრამპმა მოსკოვი და პეკინი  იმის ხელყოფაში დაადანაშაულა, რასაც ვაშინგტონი თავის სამფლობლოდ თვლის. აშშ-ის ახალი მიდგომები აისახა დოკუმენტშიც - „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და რომლის მიხედვით, აშშ-ის ცენტრალურ მიზანს დასავლეთ ნახევარსფეროში „ამერიკული უპირატესობის აღდგენა“ წარმოადგენს.

ბუნებრივია, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებს აშშ-ის პოზიცია არ მოეწონათ: რეაქცია სწრაფი და ხშირ შემთხვევაში მტრულიც კი იყო. კოლუმბიის მემარცხენე პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დონალდ ტრამპის განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველ აქტად მიიჩნია და სხვა ლათინურამერიკულ ქვეყნებს ერთიანობისაკენ მოუწოდა. კუბის პრეზიდენტმა მიგელ დის-კანელმა მკაცრად დაგმო დონალდ ტრამპის პოზიცია ლათინური ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაზე, ხოლო დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსონმა ისევე როგორც ადრე, ახლაც უარყო აშშ-ის პრეზიდენტის პრეტენზიები გრენლანდიის მიმართ, რომელიც, საუბედუროდ, გეოგრაფიულად დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. პრემიერ-მინისტრს ნატოს უსაფრთხოების მექანიზმის იმედი აქვს, [მაგრამ საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს მექანიზმი უშუალოდ ნატოს წევრებს შორის შექმნილი უთანხმოების დროს]...

სხვათა შორის, თვით ვენესუელის შემთხვევაც ნაკლებად აჩვენებს იმას, რომ აშშ-მა ნამდვილად დაამყარა თავისი გავლენა კარაკასზე. ვენესუელაში იგივე რეჟიმი დარჩა, ვაშინგტონის იმედები არ გამართლდა, რომ მოსახლეობა ხალხმრავალ პროამერიკულ და ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მოაწყობდა.

კრიტიკოსები როგორც აშშ-ის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც „დონროს დოქტრინას“ მიიჩნევენ როგორც აშშ-ის ცალმხრივი აგრესიული ინტერვენციონიზმის სახიფათო აღორძინებად, რომლის შედეგადაც შეიძლება მთელი რეგიონების დესტაბილიზება მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ აშშ იმ მოკავშირეებსაც დაკარგავს ლათინურ ამერიკაში, რომლებიც დღეს ჰყავს. მომხრეების აზრით კი, „დონროს დოქტრინა“ არის ერთადერთი გზა იმ მიზნით, რომ კონტინენტზე აშშ-ის სტრატეგიული უპირატესობა აღდგეს.

მოკლედ, მიმდინარე დიპლომატიური კონფლიქტების კვალობაზე - ბოგოტადან კოპენჰაგენამდე - ვენესუელაში მომხდარი ამბები სწრაფად გადაიქცა აშშ-ის ძლიერების გეოპოლიტიკურ გამოცდად XXI საუკუნეში.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ