"ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად...მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა"-BBC 15.01.2026 19:47

„ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა, თანდათანობით კვდებიან, შემდეგ კი უეცრად... მაგრამ ირანის რეჟიმი უეცარი სიკვდილის წერტილამდე არ მისულა“ (ავტორი - ჯერემი ბოუენი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანში შექმნილი სიტუაცია: დაემხობა თუ არა უახლოეს ხანში თეოკრატიული რეჟიმი?

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როგორ კვდებიან ავტორიტარული რეჟიმები? ერნესტ ჰემინგუეიმ ერთხელ ზუსტად თქვა - „ხელისუფლების ბანკროტობის პროცესი ჯერ ნელა, თანდათანობით მიმდინარეობს და შემდეგ უეცრად ყველაფერი ინგრევა“.
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მათ საზღვარგარეთელ მომხრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ისლამური რეჟიმი უკვე უეცარი ნგრევის სტადიაში იმყოფება. მაგრამ ყველა ნიშნის მიხედვით, თუ კვდომის პროცესი მართლაც ასე მიმდინარეობს, ირანში ის ჯერ კიდევ „ნელ, თანდათანობით“ ეტაპზე რჩება.
ბოლო ორი კვირის სახალხო მღელვარება ირანის ხელისუფლებისათვის სერიოზულ კრიზისად უნდა ჩაითვალოს. ადრეც მომხდარა მსგავსი გამოსვლები, მაგრამ ამჯერად მოსახლეობის მღელვარება ხდება აშშ-სა და ისრაელის მიერ მიყენებული დარტყმების ფონზე, რომლითაც ირანის თეოკრატიული რეჟიმი საკმაოდ შეირყა. თუმცა რიგითი ირანელისათვის, რომელიც ძნელად უზრუნველყოფს ოჯახს საკვებით, პროტესტისათვის ყველაზე ძლიერ საბაბს სანქციების შედეგები წარმოადგენს.

სექტემბერში ირანის ეკონომიკას მორიგი დარტყმა მიადგა: დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ისევ გააგრძელეს სანქციები, რომლებიც გაეროს რეზოლუციით არის გათვალისწინებული, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

2025 წელს ირანში ფასების ზრდამ კვების პროდუქტებზე და ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ეროვნული ვალუტის - რიალის - კურსი დეკემბერში რეკორდულად დაეცა..
და მაინც, იმის მიუხედავად, რომ ირანის რეჟიმი კოლოსალური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ფაქტები მოწმობენ, რომ „ხმები უახლოეს ხანში მისი მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ გადაჭარბებულია“.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალოვანი სტრუქტურები ხელისუფლებისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ. 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროიდან დაწყებული, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ირანის ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა მოახმარა რეპრესიებისა და იძულების სისტემის განმტკიცებას.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებდნენ - ცეცხლს უხსნიდნენ საკუთარ მოქალაქეებს ქუჩაში, რაც დამთრგუნველ შედეგებს იწვევდა მოსახლეობაში: ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლები შემცირდა (ირანში საინფორმაციო ბლოკადაა გამოცხადებული, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, დემონსტრაციების რაოდენობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო).

რეჟიმის დამცველები: „ბასიჯი“ და „რევოლუციის გუშაგები“

პროტესტების ჩამხშობ ძირითად ძალას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ წარმოადგენს - ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია ქვეყანაში. მის პირდაპირ ამოცანას წარმოადგენს ისლამური რევოლუციის იდეოლოგიისა და პოლიტიკური სისტემის დაცვა, რომელიც ირანში 1079 წელს დამყარდა. „გუშაგები“ პირდაპირ ქვეყნის მეთაურს, რაქბარ აიათოლა ალი ჰამენეის ემორჩილებიან.

„გუშაგთა კორპუსი“ დაახლოებით 150 ათას შეიარაღებულ მებრძოლს ითვლის. „გუშაგები“ თავდაცვის სამინისტროს პარალელურ სტრუქტურას წარმოადგენენ, იმავდროულად კი დიდ როლს ასრულებენ ეკონომიკაშიც (გავლენებისა და საკუთრების თვალსაზრისით).

ხელისუფლების, ფულის, იდეოლოგიისა და კორუფციის შეთავსება, რომელიც „გუშაგთა“ ხელშია თავმოყრილი, ამ ორგანოს უკიდურესად დაინტერესებულ უწყებად წარმოაჩენს, ხელისუფლების შენარჩუნების საკითხში. „გუშაგთა კორპუსს“ ჰყავს დამხმარე სტრუქტურა - მოლაშქრეთა ქვედანაყოფი „ბასიჯი“, რომელიც ნებაყოფლობით გასამხედროებულ უწყებას წარმოადგენს. „ბასიჯი“ აცხადებს, რომ მის შემადგენლობაში მილიონობით ირანელი შედის, თუმცა ექსპერტთა აზრით, მისი აქტიური ნაწილი მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასია.. ამის მიუხედავად, „ბასიჯი“ მაინც მნიშვნელოვანი ძალაა და მოლაშქრეები ხშირად კონფრონტაციის წინა ხაზზე იმყოფებიან ხოლმე.

მე პირადად „ბასიჯელები“ თეირანში მყავს ნანახი, 2009 წელს, როცა ისინი მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებს ახშობდნენ, გაყალბებული ბსაპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მოხალისე მოლაშქრეები ქუჩებში იყვნენ ჩამწკრივებულები და ხელში რეზინის ხელკეტები და სპეციალურად დამზადებული ხის კომბლები ეჭირათ. მათ უკან ავტომატიანი და ფორმიანი სამხედროები იდგნენ. „ბასიჯელები“ ძირითადად მოტოციკლეტებით გადაადგილდებოდნენ და აქციის მონაწილე სტუდენტებს უმოწყალოდ სცემდნენ.

რა შეუძლია დონალდ ტრამპს?

ირანის უსაფრთხოების ძალების სიმტკიცე არ ნიშნავს იმას, რომ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი შვებით ამოისუნთქებს. მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემუქრება. თავის მხრივ, მილიონობით ირანელიც ბრაზით არის სავსე და თუ დროებით ჩაწყნარდებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზმა გაუარათ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხვდება, რომ დაპირისპირება უნდა განიმუხტოს, ამიტომ ოფიციალური „საბრძოლო რიტორიკასთან“ ერთად გაისმის ხმები აშშ-სთან მოლაპარაკების სურვილის თაობაზეც.
ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მოილაპარაკონ მხარეებმა „წითელ ხაზებზე“ - ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეჩერებაზე, მაგრამ თვითონ მოლაპარაკების შესაძლებლობა ირანს დროის გაჭიანურების საფუძველს აძლევს. გარიგება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ნაკლებად მოსალოდნელი.
დონალდ ტრამპი ირანზე ზეწოლის კამპანიის ჩარჩოებში აცხადებს, რომ 25%-იან ბაჟს დაუწესებს იმ ქვეყნების კომპანიების პროდუქციას, რომლებიც ირანის მმართველ რეჟიმთან ბიზნეს-თანამშრომლობას გაბედავენ, თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორ იმუშავებს მუქარა და რა მექანიზმით შეიძლება მისი განხორციელება.

ირანის ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთი ყიდულობს. გასულ შემოდგომით დონალდ ტრამპი და სი ძინპინი სავაჭრო ომში დაზავებაზე შეთანხმდნენ, აპრილში კი პეკინში ორივე მეთაურის სამიტი უნდა გაიმართოს. შეხვედრის დროს ლიდერებმა მსოფლიოს იდიდი პრობლემები უნდა განიხილონ, რომლებიც ორი ზესახელმწიფოს წინაშე დგანან. მოისურვებს თუ არა დონალდ ტრამპი საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩინეთთან მოლაპარაკება, თუ ირანზე ზეწოლას გააგრძელებს?

ირანის უზენაესი ლიდერის, ღრმად მოხუცი აიათოლა ალი ჰამენეის მთავარ პრიორიტეტს ისლამური რესპუბლიკის სახელისუფლო სისტემის შენარჩუნება წარმოადგენს.. ნებისმიერი ახალი საპროტესტო აქცია ხელისუფლებისაგან უმკაცრესად იქნება ჩახშობილი. რეჟიმის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მიუხედავად ყოფილი შაჰის ვაჟის მცდელობისა, ერთიანი ავტორიტეტული ლიდერის დეფიციტი აქვთ. რეზა ფეჰლევის მიმზიდველობას თავისი ჩრდილები აქვს, რომელსაც მისი ოჯახის და მშობლების ბიოგრაფია განაპირობებს. ირანში ყველამ კარგად იცის, რომ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ისრაელთან.

ბაშარ ასადის მაგალითი

თეირანში სასულიერო მაღალი რანგის სასულიერო პირებს და სამხედროებს ძალიან აშფოთებთ მათი ამასწინანდელი მოკავშირის - სირიის ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბედი. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ სირიის ლიდერმა ომი მოიგო და და ქვეყანა ნელნელა უბრუნდებოდა საერთაშორისო საზოგადოებას - დაიწყო სირიის რეაბილიტაცია არაბული სახელმწიფოების ლიგაში, საუდის არაბეთის დახმარებით, რომ უეცრად, 2024 წლის ბოლოს ისლამისტმა აჯანყებულებმა დამასკო დაიკავეს, ბაშარ ასადს კი მოსკოვში გაქცევა მოუწია. სირიიდან სასწრაფოდ გავიდნენ ირანული ძალებიც - იმდროინდელი პრესა სავსე იყო ირანის სპეცსამსახურების და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ ნაჩქარევად მიტოვებული სამხედრო ბაზების ფოტოსურათებით.
რუსეთი და ირანი - ორი საკვანძო მოკავშირე - მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ სირიის პრეზიდენტს ოპერატიულად დახმარებოდნენ და მისი რეჟიმი გადაერჩინათ.

ავტორიტარული რეჟიმები ჯერ ნელ-ნელა სუსტდებიან, შემდეგ კი მოულოდნელად იშლებიან. სირიაში პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა. კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც თეირანისთვის ჭკუის სასწავლებელია, 2011 წელს ტუნისის პრეზიდენტის ზინ ბენ-ალის რეჟიმის დამხობა წარმოადგენს, როცა არმია და ძალოვანი სტრუქტურები „არაბული გაზაფხულის“ პროცესში მომიტინგეების მხარეზე გადავიდნენ.

ზინ ბენ-ალის დამხობამ, თავის მხრივ დააჩქარა ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადადგომა. იგი, ალბათ, გაუძლებდა მასობრივ გამოსვლებს, რომ არა ულტიმატუმი, რომელიც მას სამხედროებმა წაუყენეს. არმიის სარდლობამ, თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტი პოსტიდან წასულიყო.

შეიძლება თუ არა, რომ რაღაც მსგავსი ირანშიც მოხდეს? გამორიცხული არ არის, მაგრამ ახლა არა. ცხადია, ისლამური რეჟიმის მოწინააღმდეგეებს იმედი ექნებათ, რომ შიდა საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება და გარედანაც ზეწოლა გაძლიერდება. ასევე რწმენა ექნებათ ავტორიტეტიანი ლიდერის გამოჩენისა, რომ თეოკრატიული რეჟიმის მთავრობის დამხობის პროცესი დაჩქარდეს, ანუ „ნელი და თანდათანობითი“ ფაზიდან „უეცარ“ ფაზაზე გადავიდეს, მაგრამ მოკლევადიან, ახლო პერსპექტივაში ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის.

წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ