"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда 28.01.2026 14:21

"უკრაინა ადამიანებს ეძებს" - ასეთი სათაური აქვს პოპულარულ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ (Україньска правда) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ცნობილი ისტორიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი მიხეილ დუბინიანსკი. პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში კადრების დეფიციტი 30%-ს შეადგენს. ომბუდსმენ დმიტრო ლუბნიცას თქმით, უცხოეთში თითქმის 11 მილიონი უკრაინელია გახიზნული. არის თვალსაზრისი, რომ შექმნილი ვაკუუმი შეიძლება შეივსოს ბანგლადეშელებით, ნეპალელებით და აზია-აფრიკის სხვა ღარიბი ქვეყნის მოქალაქეებით.


ჟურნალისტ იური ბუტუსოვის მტკიცებით, ქალაქ კუპიანსკთან მომხდარ ამასწინანდელ ბრძოლებში დიდი როლი შეასრულეს კოლუმბიელმა და ბრაზილიელმა მებრძოლებმა.

2026 წლის პირველი იანვრიდან, შობადობის გაზრდის მიზნით, ერთი ბავშვის გაჩენისას მშობლებისათვის დადგენილია 50 ათასი გრივნის (1160 აშშ დოლარის) ერთჯერადი გადახდა.

ინფორმაციების ეს პალიტრა ერთი და იგივე სამამულო პრობლემის ილუსტრაციას წარმოადგენს: უკრაინას უმწვავესად სჭირდება ადამიანები. ფრონტს დიდი ხანია ჯარისკაცები არ ჰყოფნის, ზურგი მუშახელის გარეშეა დარჩენილი. უკრაინას ძალიან ბევრი მოქალაქე ტოვებს. ქვეყანაში ძალიან ცოტა ბავშვი იბადება.
და თუნდაც 2025 წელს შეიარაღებული კონფლიქტი შეჩერდეს, ადამიანთა ნაკლებობა ჩვენთვის ძალზე აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემად გადაიქცევა. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ორ ალტერნატიულ მიდგომას გულისხმობს: მათრახს და თაფლაკვერს, იძულებას და წახალისებას. ამ მხრივ მძიმე დემოგრაფიული სიტუაცია გამონაკლისი არ არის.

მთავარი მათრახი, რომელსაც მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების დაბრკოლება შეუძლია, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი 2022 წლიდან - საზღვრების დახურვა. ზოგიერთები ამ საგანგებო ზომას აკრიტიკებენ, ზოგიერთები კი მხარს უჭერენ.


როცა გასულ ზაფხულს სახელმწიფომ 18-22 წლის ახალგაზრდებს საზღვრების გადაკვეთის ნება დართო, ბევრმა ეს ნაბიჯი უკრაინის მომავლისათვის მიყენებულ დარტყმად შეაფასა („ისინი უკან აღარ დაბრუნდებიან“), მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი ცხოვრებისაგან კი არ იყო ნაკარნახევი, ხელისუფლებას ამით სურდა თინეიჯერების ადრინდელი უწესრიგო და ფარული გასვლა როგორმე ღიად გაეკონტროლებინა.
პრობლემა ისაა, რომ საზღვრების მთლიანი ან ნაწილობრივი დახურვა ნაკლებად სასარგებლოა მრავალწლიური გამოყენებისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა უნდა იყოს ან ღია საზღვრებით, ან თითქმის მთლიანად დახურულით, ვთქვათ, ისეთი, როგორც საბჭოთა კავშირის და სოცბანაკის ქვეყნები იყვნენ. ასეთმა მათრახმა რომ დეპოპულაციისაგან გადაგვარჩინოს, უკრაინის მთავრობას მოუწევს სადაო და საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება - აუკრძალოს საზღვარზე გადასვლა მოზარდებსაც, შემდეგ კი ფერტილური ასაკის მქონე ქალებსაც, რომლებსაც ბავშვის გაჩენა შეუძლიათ.

საერთოდ კი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა მათრახის მეთოდით მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალების უუფლებო მდგომარეობის დაბრუნებასთან. ანუ ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას იმ ყველაფერზე, რასაც ცივილიზებულმა საზოგადოებამ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიაღწია: უნდა აიკრძალოს აბორტები, უნდა შეიზღუდოს კონტრაცეპტივების და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით სარგებლობა, უნდა დაიგმონ ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვის გაჩენა არ სურთ... უნდა მოხდეს მათი დისკრიმინაცია. არავითარი „ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი“.

იქ, სადაც ყოველი მამაკაცი პოტენციურ ჯარისკაცს წარმოადგენს, ყოველი ქალი მომავალი ჯარისკაცის გამჩენ-მწარმოებელი უნდა იყოს. თუ სამხედროვალდებული მამაკაცის სხეული სამშობლოს ეკუთვნის, მაშინ ფერტილობის (ბავშვის გაჩენის) უნარის მქონე ქალის სხეული - მით უმეტეს!!!

საბედნიეროდ, მსგავსი „ბნელეთის მოციქულობა“ „მოსამსახურე ქალის ნაამბობის“ მსგავსად (იგულისხმება კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის ფანტასტიკური რომანი) ჯერჯერობით ჩვენთან სერიოზულად არ განიხილება, თუმცა ცალკეული ხმები უკვე გაისმის. მაგალითად, პოპულარული ბლოგერი მღვდელი ტერნოპოლიდან ალექსი ფილიუკი „რუსეთის სპეცოპერაციას“ უკრაინელებისათვის „ღვთისგან მოვლენილ“ სასჯელად თვლის - იმიტომ, რომ უკრაინელმა ქალებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან 12 მილიონი აბორტი გაიკეთეს.
თუმცა თეორიულად მათრახი შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფომ, არამედ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც.

საიდუმლო არ არის, რომ კიევს გარკვეული იმედები აქვს ევროპული ანტიმიგრაციული პოლიტიკის მიმართ. ითვლება, რომ თუ ევროპის ქვეყნები საკმაოდ მკაცრ ზომებს მიიღებენ უკრაინელი მიგრანტების მიმართ, „უძღები შვილები“ იძულებულნი გახდებიან სამშობლოში დაბრუნდნენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპა მასიურად და იძულებით არ დაიწყებს უკრაინელების სამშობლოში დეპორტაციას (მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა), ისინი შეიძლება იქაურმა ხელისუფლებმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, რომ იძულებულნი გახდებიან საკუთარი ნებით დატოვონ ევროკავშირის ტერიტორია და უკრაინაში იქნენ რეპატრიირებულნი.

მართალია, ასეთ სიტუაციაში არის ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“: პირველ რიგში ანტიმიგრაციული მათრახი მოხვდება ყველაზე პასიურ და უმწეო ადამიანებს. ანუ მათ, ვინც ვერ შეძლო შესჩვეოდა უცხოეთში ცხოვრებას; მათ, ვინც ძალიან არიან დამოკიდებულნი სოციალურ გადახდებზე და ვერ უძლებენ უცხო ბიუროკრატიული მანქანის ზეწოლას.

ამრიგად, იმუშავებს ნეგატიური შერჩევის ეფექტი: სამშობლოში იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ ყველაზე სუსტები, ხოლო უფრო აქტიურები და გაბედულები ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდებით შეძლებენ საზღვარგარეთ დარჩენას. ანუ მათრახის პოლიტიკა უდიდესი დემოგრაფიული ხვრელის დახურვას ვერ შეძლებს.
რა თქმა უნდა, მათრახის გარდა არსებობს დეპოპულაციასთან ბრძოლის სხვა პოტენციური ინსტრუმენტი - თაფლაკვერი. ამ შემთხვევაში ადამიანებს არ აიძულებენ აირჩიოს უკრაინა და უკრაინის მომავალი, არამედ მასში აღვიძებენ სურვილს ნებაყოფლობით გააკეთოს ასეთი არჩევანი. ანუ ხდება მისი წახალისება, მოტივირება, სტიმულირება... უკრაინაში მყოფებს არწმუნებენ, რომ უკრაინიდან წასვლა საჭირო არ არის. განუმარტავენ, რომ ისინი უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ, სადაც მათ ოჯახები ელოდებათ, სადაც მათ მთავრობა დაეხმარება... უჩვენებენ, რომ უკრაინაში ცხოვრება, მუშაობა და შვილების გაჩენა პრიორიტეტულია.

ცხადია, თეორიულად ეს საკმაოდ კეთილად და სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენს სახელმწიფოს 2022 წლამდეც კი არ შეეძლო ძლიერი სტიმულისა და მოტივაციის მიცემა ჩვენი იმიგრანტებისათვის და ახლა მით უმეტეს - გაგანია ომის პირობებში, როცა ყოველდღიურად სისხლი იღვრება და უამრავი ადამიანი იღუპება.

რუსეთთან ჰოპეთეტური დაზავების შემთხვევაშიც კი უკრაინაში დაბრუნების სურვილის გაღვიძება მოქალაქეებში ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს.
ამ ამოცანის რეალიზება გართულებულია იმით, რომ მისი შესრულება ცუდად უთავსდება იმ იდეოლოგიურ ფონს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია გაბატონებული ბოლო წლებში.

ჰუმანიტარული ინტელიგენციის პასიონარული აქტივისტებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინულ იდენტობას განიხილავენ როგორც რაღაც ექსკლუზიურს. ისინი თვლიან, რომ უკრაინელობას ბევრი ადამიანი არ იმსახურებს. ყალიბდება და თანდათანობით მკაცრდება ნამდვილი უკრაინელობის კრიტერიუმები. ისმის მოწოდებები, რომ უკრაინელებად არ ჩაითვალონ ისინი, ვინც არ შეესაბამებიან ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს: ვერ ლაპარაკობს უკრაინულად, არ კითხულობს რეკომენდებულ უკრაინელ ავტორებს, არ უსმენს რეკომენდებულ მუსიკას ან არ ემხრობა გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს. იდეალური უკრაინა ზოგიერთების თვალში წარმოდგენილია ეროვნულ-კულტურულ მონოლითად, რომელზედაც მტრის ურდოები დაიმსხვრევიან.

 


მაგრამ თუ თქვენ გსურთ მიიზიდოთ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი ადამიანები, მაშინ ფსონი ინკლუზიურობაზე უნდა დავდოთ. ამ დროს უნდა შევეცადოთ უკრაინელთა რიგებში რაც შეიძლება მეტი ისეთი სხვადასხვა და ერთმანეთის არამსგავსი ინდივიდები მივიღოთ, რომლებიც მზად იქნებიან საკუთარი თავის ასოცირება დამოუკიდებელი უკრაინასთან მოახდინონ. არ უნდა წავუყენოთ მათ მკაცრი მოთხოვნები. უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური თმენა როგორც ამჟამინდელი, ასევე პოტენციური თანამოქალაქეების მიმართ უნდა შევურიგდეთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მტკიცე მონოლითს კი არ დაემსგავსება, არამედ ჭრელ პლედს; მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ადამიანები არ იბრძოლებენ იმისათვის, რომ ისინი სისხლ დაკარგული უკრაინის ნაწილები იყვნენ.

სოციალურ ქსელებში ხშირად გაისმის: „არ შეიძლება რუსულენოვანი მოქალაქეების ჯარში მობილიზება“, „არ შეიძლება ბულგაკოვისა და ტოლსტოის თაყვანისმცემელთა მობილიზება“, „არ შეიძლება ჯარში მათი მობილიზება, ვინც სტეფანე ბანდერას პატივს არ სცემს“, „არ შეიძლება მათი მობილიზება, ვინც შობის დღეს იულიუსის კალენდრით აღნიშნავს. იმიტომ, რომ ეს მეხუთე კოლონაა და მათ ხელში იარაღი არ უნდა მივცეთ“...

სოციალურ ქსელებში მიმდინარე იდეოლოგიური ბატალიები ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოსდა გრძელი რიგია დამდგარი იმ ადამიანებისა, რომლებსაც თავიანთი ბედის უკრაინასთან დაკავშირება სურთ, ხოლო მკაცრი და სამართლიანი ჟიური გადაწყვეტს, ვინ არის ღირსეული პიროვნება უკრაინისათვის და ვინ არა. მაგრამ სინამდვილეში არავითარი რიგი არ დგას და უახლოეს პერსპექტივაში არც იქნება.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ექსკლუზიური მიდგომა უკრაინული იდენტობისადმი მთავარი ჩვენი მთავარი პრობლემის გადაწყვეტის დროს - არმიის შევსების საქმეში - არ გამოიყენება. როცა საქმე არმიის შევსებას ეხება, ჩვენს საჯარო სივრცეში მსგავსი განცხადებები არსად არ ისმის, ანუ 100%-იანი ინკლუზივობა ზეიმობს.

გამოდის, რომ უკრაინის დაცვა იარაღით ხელში, საკუთარი თავის შეწირვა და სიკვდილი ყველასათვის სავალდებულოა - მისი ეროვნული კუთვნილების, მშობლიური ენის, კულტურული და რელიგიური გარემოებების, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამ დროს სტანდარტული და ჭეშმარიტი უკრაინელობის პრინციპების დაცვა არავის არ ახსენდება და გასაგებია რატომაც: ფრონტს ჯარისკაცები ისედაც არ ყოფნის და თუ ახალწვეულების ამ კრიტერიუმებით შერჩევა მოხდება, ჩვენთვის ეს ფატალურად იქცევა.
ამრიგად, როცა საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფოს რეალურ სასიცოცხლო ინტერესებს, პოპულარული იდეოლოგიური ლოზუნგებს ყურადღებას არავინ არ აქცევს.

სამწუხაროდ, ფრონტზე ცოცხალი ძალის ნაკლებობა საერთო პრობლემის - ადამიანთა დეფიციტის - მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. სამომავლოდ ამ პრობლემას ვერ გადავჭრით, თუ „უკრაინელობის“ კრიტერიუმებით სარგებლობას გავაგრძელებთ. მაგრამ ამით უკრაინა გახდება ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც უწევთ არჩევანი გაკეთება დოგმებსა და პრაქტიკულ აუცილებლობას შორის.

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ