"მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული"-The Daily Telegraph 13.02.2026 15:43

რა ელოდება კუბის მმართველ რეჟიმს? დაემხობა თუ არა ფიდელ კასტროს მიერ შექმნილი ხელისუფლება? გათავისუფლდება თუ არა კუბა - „თავისუფლების კუნძული“ -  კომუნისტებისგან? - ეს საკითხებია განხილული ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული" (ავტორი - კონ კოფლინი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

65 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ფიდელ კასტრო სათავეში ჩაუდგა კუბის რევოლუციას (1956 წელს), კუნძულზე დამყარებულმა კომუნისტურ რეჟიმმა ბევრი გამოცდა გადაიტანა და ბევრჯერ ყოფილა მუქარების ობიექტი. თავის დროზე მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს „ღორების ყურის“’ ოპერაციას (როცა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი კუბელი კონტრრევოლუციონერები კუნძულზე შეიჭრნენ 1961 წელს), ასევე შიშით ელოდნენ ბირთვული ომის დაწყებას კარიბის ზღვის რაკეტული კრიზისის დროს, 1962 წელს). ორივე, რასაკვირველია, დიდი მოვლენები იყო, მაგრამ ის, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოუტანა კუბას 1990-იანი წლების დასაწყისში, იყო უდიდესი გამოცდა ჰავანის კომუნისტური ხუნტისათვის.

იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ კუბას მეტად აღარ ექნება შესაძლებლობა რუსეთის იმედი ჰქონდეს კუნძულის მოსახლეობის მომარაგებაში სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციით და ნედლეულით, განსაკუთრებით კი ნავთობით უზრუნველყოფაში, ფიდელ კასტროს ხელისუფლება იძულებული გახდა უმკაცრესი ეკონომია და შეზღუდვები დაეწყო, რათა რეჟიმი კრახისაგან გადაერჩინა. იყო დიდი საფრთხე, რომ ტრანსპორტი საწვავის გარეშე დარჩენილიყო, სკოლები კი დახურულიყო.

მართალია, იმ დროს ფიდელ კასტროს მიერ შემუშავებული „ნულოვანი ვარიანტის“ გეგმა (სოციალურ-ეკონომიკური აქტიურობის ნულოვანი დონე) არ რეალიზებულა - კუბამ მალე იპოვა მოკავშირე ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის სახით, რომელმაც კუნძული ნავთობის პროდუქტებით (საწვავით) უზრუნველყო, მაგრამ ახლა ისევ დგება მსგავსი პერიოდი - კუბა ახალი კრიზისის წინაშეა.

როცა მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაბედული ოპერაციის რეალიზაცია - უგო ჩავესის პოლიტიკური მემკვიდრის, პრეზიდენტ  ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის სილია ფლორესის - გატაცება განიზრახა, მან თავისი მოქმედება იმით გაამართლა, რომ ვენესუელის ლიდერები ნარკოტიკების გაყიდვაში არიან არიან ჩაბმულები და აშშ-ის წინააღმდეგ ნარკოტერორიზმს ახორციელებენო. მაგრამ, რასაკვირველია, ეს იყო რეალური მიზნის შენიღბვა: სინამდვილეში დონალდ ტრამპს აშშ-ის კონტროლის აღდგენა სურდა მისთვის ტრადიციული გავლენის სფეროში - დასავლეთ ნახევარსფეროში.

იმდენად, რამდენადაც კარაკასს ახლო ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის მიმართ მტრულად და არამეგობრულად განწყობილ რიგ ქვეყნებთან - მაგალითად, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, ნიკოლას მადუროს გატაცება ნიშნავდა „მონროს დოქტრინის“ ახლებური ვერსიის - „დონროს დოქტრინის“ განხორციელების დაწყებას, რომლის თანახმად, ამერიკას შეუძლია მოსთხოვოს სხვა სახელმწიფოებს, რომ დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს საქმეებში აშშ-ის ნებართვის გარეშე არ ჩაერიონ.

ნიკოლას მადუროს დაპატიმრებამ არამარტო პრობლემები შეუქმნა მოსკოვის, პეკინისა და თეირანის ყოფნას ვენესუელაში, არამედ სერიოზული გამოცდა მოუწყო კუბის რეჟიმსაც: შეძლებენ თუ არა კომუნისტი მმართველები კრიზისისაგან თავის დაღწევას? გადაიტანენ თუ არა ეკონომიკურ დაცემას და ნავთობის კატასტროფულ დეფიციტს, რომელსაც ადრე ვენესუელადან იღებდნენ? და ბოლოს, დარჩებიან თუ არა კომუნისტები კუბის ხელისუფლებაში?

ობიექტურად თუ ვიტყვით, კუბის მოსახლეობა ჯერ კიდევ ნიკოლას მადუროს დამხობამდე განიცდიდა სიძნელეებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის უკმარისობის, აგრეთვე ორნიშნიანი ინფლაციის გამო, რაც იძულებულს ხდიდა ათასობით კუბელ საზღვარგარეთ გაქცეულიყო კარგი ცხოვრების საძებნელად.

დღეს ჰავანაში უარესი მდგომარეობაა: ქვეყანა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სადღეღამისო ბლოკადაშია მოქცეული, ნავთობის იმპორტი შეუძლებელი ხდება (ვენესუელის ნავთობით დატვირთული ბოლო ტანკერი კუბის ნავსადგურში 9 დეკემბერს შევიდა). ეკონომიკა ფაქტიურად ჩამკვდარია. ბევრ კუბელს კითხვები ებადება: იქნებ ისინი კომუნისტური რეჟიმის წინასასიკვდილო ტანჯვისა და დაცემის მოწმეები არიან?

როგორც ჩანს, ვაშინგტონში სწორედ ამას ელოდებიან: თეთრი სახლი აცხადებს, რომ კუბის მოსახლეობას მილიონობით დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მისცემს, მაგრამ იმ პირობით, თუ ისინი დაეთანხმებიან აშშ-ის გარკვეულ კონტროლს კუნძულის მიმართ.

ამას წინათ დონალდ ტრამპმა თავისი განუმეორებელი სტილით Truth-ის სოციალური ქსელში დაწერა: „კუბელებო, თქვენთან ნავთობი და ფული აღარ წამოვა. ყველაფერი განულდება. ამიტომ დაბეჯითებით გეუბნებით: დროულად დავდოთ გარიგება, სანამ უარეს სიტუაციაში არ ჩავარდებით“.

ამ მომენტისათვის კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი ეწინააღმდეგება აშშ-ის მოთხოვნის შესრულებას, რადგან იცის, რომ ფიდელ კასტროს რეჟიმს არსებობის საფრთხე შეექმება, ამიტომ მოუწოდებს კუბელებს „გაუძლონ სიდუხჭირეს და შემოქმედებითი მიდგომები გამოავლინონ“. როგორც ამბობენ, მთავრობამ ფიდელ კასტროს ძველი „ნულოვანი ვარიანტის“ გეგმა არქივიდან ამოიღო და მისი რეალიზებას აპირებსო.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ კუბის კომუნისტი მმართველები ძნელბედობას გადაიტანენ, აშკარაა, რომ ქვეყანა უკვე აღარ იქნება მოხერხებული ბაზა ვაშინგტონის მტრებისა და არაკეთილმსურველებისათვის.

შესაძლოა აშშ-ში დონალდ ტრამპის პოლიტიკა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში არავითარი ეჭვი არ არის, რომ პრეზიდენტი გეოპოლიტიკურ ბალანსს ვაშინგტონის სასარგებლოდ ცვლის.

დონალდ ტრამპის მკაცრი მოქმედება ვენესუელისა და კუბის მიმართ, აგრეთვე ის გულუხვობა, რასაც იგი იჩენს თავისი არგენტინელი კოლეგის ჰავიერ მილეის დასახმარებლად, მიმართულია ვაშინგტონის ბატონობის გასამტკიცებლად ლათინურ ამერიკაში. იმავდროულად  თეთრი სახლის პოლიტიკა ევროპაში, არქტიკასა და ახლო აღმოსავლეთში იგივენაირ ღრმა კვალს ტოვებს თითქმის მთელ მსოფლიოში.

დონალდ ტრამპის მცდელობებს შედეგი მოაქვთ: ნატოს ევროპელ წევრებზე მისი მუდმივი „თავდასხმების“ ნაყოფია თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, ხოლო ირანის დაბომბვამ (ისრაელთან ერთად) სერიოზულად დაასუსტა აიათოლას რეჟიმი, რომელიც მუდამ ამაყობდა თავისი მჭიდრო კავშირებით მოსკოვთან, პეკინთან და ფხენიანთან.

გრენლანდიასთან დაკავშირებულმა ამასწინანდელმა სკანდალმა შესაძლოა ევროპის დედაქალაქები შეაშფოთა, მაგრამ დადებითი როლიც შეასრულა - ევროპა იძულებული გახდა არქტიკის მდგომარეობით დანტერესებულიყო: დიდმა ბრიტანეთმა ამას წინათ განაცხადა, რომ ნატოს წევრი ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში 1000 ჯარისკაცს გაგზავნის.

თუმცა, რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვაშინგტონის ყოფნის გაძლიერება მისი მოწინააღმდეგე ქვეყნების გააქტიურებასაც გამოიწვევს და ისინი თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოება-განმტკიცებას დაიწყებენ. ჩინეთი გააფართოვებს თავის ყოფნას აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში, რუსეთი კი - ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ცენტრალურ ევროპაში. მაგრამ, დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, ეს იქნება ის ფასი, რომელიც გადახდილი უნდა იქნას, თუ იგი შეძლებს იმის დადასტურებას, რომ ამერიკა დომინირებად ძალად ითვლება მსოფლიოს საქმეებში.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ