20.02.2026 21:47
„მსოფლიო წესრიგის გარდაქმნის მომენტში ევროკავშირის „მოტორი“ - პარიზისა და ბერლინის ტანდემი - გაჩერდა“, - წერს მიუნჰენში გამომავალი გერმანული გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Sueddeutsche Zeitung), სტატიაში სათაურით „გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოება დაუშვებელია“ (ავტორი - ოლივერ მაილერი). „და თუ ორ მეზობელ ქვეყანას - ევროკავშირის ორ უდიდეს წევრს - შორის ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება, ევროკავშირის პერსპექტივა დიდი ეჭვის ქვეშ დადგება“, - აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა ფრანგები და გერმანელები დაობენ, მათ შემხედვარეს აუცილებლად მელანქოლია დაგეუფლება. არცთუ იშვიათად ისტორიული მეზობლები ერთმანეთს უღრენენ და „კბენენ“ კიდეც, საჯაროდ თუ კულუარებში ერთმანეთზე ცუდს ლაპარაკობენ, ძველ წყენებს იხსენებენ და წარსულიდან უკვე საკმაოდ გაცვეთილ კლიშეებს იღებენ... მოკლედ, ეს ძალიან არასასიამოვნოა. არადა, პარიზსა და ბერლინს შორის საბაზისო ურთიერთგაგების გარეშე, ცენტრალური ევროპული ღერძის უხარვეზო მუშაობისა და მის შემადგენელ ნაწილებს შორის „ქიმიის“ გარეშე ევროკავშირს არსებობა გაუჭირდება.
ურთიერთგაგება არასოდეს ისე არ ყოფილა საჭირო და მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა, როცა მსოფლიო წესრიგი გარდაქმნის პროცესშია. კონტინენტი მრავალი რისკის წინაშე დგას - რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან და თვით აშშ-ის მხრიდანაც. სწორედ ამიტომ, ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში ევროპის უძლიერესი წყვილი, მისი ძრავა-მოტორი, მისი ტრანსმისია და მისი გული ისეა ჩანაგვიანებული, როგორც არასდროს არ მომხდარა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დამნაშავე კი ორივე მხარეა.
ბერლინი: „ფრანგებო, ზედმეტად ხელგაშლილად ცხოვრობთ...“
ფრანგულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობების თვალსაჩინო ილუსტრაცია გვაჩვენა ამას წინათ რადიო „დოიჩლანდფუნკის“ ეთერში საუბრისას იოჰან ვადეფულმა - ეს სახელი ბევრმა ფრანგმა, ალბათ, პირველად გაიგონა, მაგრამ ასე ჰქვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგებმა შედარებით ნაკლებად უნდა იზრუნონ მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე და მეტი თანხები თავდაცვაზე უნდა დახარჯონო... თუ ასე გააკეთებენ, მაშინ ევროპას არ დაჭირდება არც საერთო ვალები და არც ევრობონდებიო.
საყურადღებოა არა იმდენად თვითონ პირდაპირი ნათქვამი, არამედ ის, თუ რას გულისხმობს გერმანელი მინისტრი კონტექსტში. იოჰან ვადეფულის თქმით, გამოდის, რომ ბერლინში მიაჩნიათ - საფრანგეთი ზედმეტად მეტს ხარჯავს საკუთარი თავის საკეთილდღეოდ, როცა თავის მოქალაქეებს გულუხვი სახელმწიფო ბიუჯეტის ქოლგით იფარავს. სამწუხაროდ, რამდენადაც არადიპლომატიურად წარმოადგინა ჩვენმა მთავარმა დიპლომატმა არსებული პრობლემა, იმდენად მან ღიად აჩვენა ქვეყნებს შორის არსებული განხეთქილება. ძველი დიპლომატიური ელეგანტურობისაგან კვალიც კი არ დარჩა, შესაბამისად, ერთმანეთისადმი პატივისცემაზე ლაპარაკი ზედმეტია.
სხვათა შორის, გერმანელმა მინისტრმა თავისი რადიოგამოსვლით საფრანგეთის პრეზიდენტს უპასუხა. და რა თქვა ემანუელ მაკრონმა საწყენი უფრო ადრე? მან ინტერვიუ მისცა რამდენიმე ევროპულ გაზეთს და ისეთი გამაღიზიანებელი სიტყვები გამოიყენა, რაც ბერლინში ტრადიციულად და რეფლექტორულად უარყოფას იწვევს. მაკრონმა ევრობონდებზეც ილაპარაკა, უიმისოდ ბოლო დროს იგი საზოგადოებისა და მასმედიის წინაშე არ გამოდის: მისი თქმით, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისათვის ევროკავშირმა საერთო ვალი უნდა აიღოს და ქვეყნებმა საკუთარი ბიუჯეტებიდან ფული არ უნდა დახარჯონო. ცხადია, რომ პრეზიდენტი სასოწარკვეთილია, თითქმის უღონო. წელიწადნახევრის შემდეგ იგი პრეზიდენტის პოსტიდან უნდა წავიდეს, პარლამენტში მის პარტიას უმრავლესობა აღარ აქვს, სახელმწიფო ხაზინა კი ცარიელია. მას მხოლოდ ისღა რჩება, რომ გრძელი სიტყვებით გამოვიდეს და განგაშის ზარებს შემოჰკრას..
„ძველი წყენების დავიწყება შეუძლებელია?!“
ობიექტურობის დაცვით თუ ვიტყვით, ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ 2017 წელს გამაფრთხილებლად აცხადებდა სორბონაში წინასწარმეტყველური გამოსვლის დროს, რომ ევროპას „სტრატეგიული ავტონომია“ აუცილებლად ჭირდება. „ნატოს ტვინი მკვდარია“, - ამბობდა ფრანგი ლიდერი, მაგრამ მის ნათქვამს ანგელა მერკელმა ყური არ ათხოვა. 2024 წელს მაკრონი იგივეს გამეორებას შეეცადა - უკვე პარიზის უნივერსიტეტში, მაგრამ შედარებით ნაკლები აქტიურობითა და შესაძლებლობებით - საფრანგეთი ისეთი აღარ იყო, როგორც 2017 წელს. ბუნებრივია, რომ ოლაფ შოლცმა ყურადღება არ მიაქცია მის ნათქვამს. შედეგი - ურთიერთობები ლიდერებს შორის შესუსტდა და გაიყინა.
როცა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გახდა, პარიზში ჩათვალეს, რომ ყოფილი „დიდება დაბრუნდებოდა“ და ახლა უკვე ბერლინთან შეთანხმებულ პოლიტიკას გაატარებდნენ. სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ ფრიდრიხი ემანუელთან დამოკიდებულებას ააწყობდა - ორივეს მსგავსი ტემპერამენტი აქვს და მსოფლიოზე ერთმანეთის მსგავსი ხედვაო. მართლაცდა, თავდაპირველად ორივეს ჰარმონიული დამოკიდებულება ჰქონდათ. თავისი პირველი ვიზიტის დროს პარიზში, ელისეის სასახლეში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ჩამოვედი, რათა სიტუაცია გამოვასწორო და წინამორბედის (ოლაფ შოლცის) მიერ დანგრეული ისევ ავაშენოო“.
პარიზი: „გერმანელებო, დროს ჩამორჩით...“
მაგრამ ენთუზიაზმი მალე განელდა. დღეს ბერლინში ისევ თვლიან, რომ ფრანგები ყბედები არიან და მეტი არაფერი. თავის მხრივ, პარიზში ამბობენ, რომ გერმანელები დროს ჩამორჩნენ და ახალი ეპოქის რეალობები ვერ გაუგიათ. დაობენ ყველაფერში: „მერკოსურ“-ის ქვეყნებთან (ლათ. ამერიკა) დადებული სავაჭრო ხელშეკრულების ირგვლივ, ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის პროექტზე (რომლის აგებას ერთად ფიქრობდნენ) და, რა თქმა უნდა, ევრობონდებზე, რომლითაც ევროპული კოლექტიური თავდაცვა უნდა დაფინანსდეს.
ავტორ(ებ)ი :