"საით მიდიხარ, ევროპა?" -Daily Sabah 20.02.2026 22:15

„საით მიდიხარ, ევროპა?“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) სტატია, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი მუხიტინ ატამანი ევროკავშირის წინაშე მდგარ შიდა და გარე პრობლემებს აანალიზებს. „ევროპის ქვეყნების მიერ სხვების წინააღმდეგ გატარებული უსამართლო შერჩევითი დიპლომატია მათივე მიმართ ნდობას არღვევს,. ევროპის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება ძირს უთხრის მათივე ერთიანობას. ევროპის ქვეყნები ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც თვითონ სხედან“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირში სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება წესრიგზე დაფუძნებული იმ ლიბერალური საერთაშორისო სისტემის განადგურება, რაც თავის დროზე მისი ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი იყო. ევროკავშირი შეიქმნა დასავლეთევროპული სახელმწიფოების მიერ, სტრატეგიული პოლიტიკური მიზნით - ლიბერალური ნორმების რეალური განხორციელება-დანერგვისათვის, რასაც მხარს უჭერდა კონტინენტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. 1990-იანი წლებისათვის ევროკავშირი თანამედროვე ეპოქის ყველაზე წარმატებულ რეგიონულ ინტეგრაციულ პროექტს წარმოადგენდა: მან თავისი განვითარება-აყვავების პიკს მსოფლიოს ბიპოლარული სისტემის იდეოლოგიური კრახის შემდეგ მიაღწია, მაგრამ შემდეგ დასუსტება დაიწყო.
მიზეზები საკმაოდ მნიშვნელოვანია: ერთი მხრივ, ევროკავშირი აღმოჩნდა უჩვეულოდ მომრავლებული ტრადიციული გამოწვევების წინაშე, რომლებიც გამწვავდნენ გლობალური მეტოქეობის ზრდითა და არადასავლური ქვეყნების გაძლიერებით, რეგიონული ეკონომიკური კრიზისებით. მეორე მხრივ, ევროკავშირი შეეჯახა ახალ როგორც შიდა, ასევე გარე გლობალურ გამოწვევებსაც, გამოხატულს კლიმატის ცვლილებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ჩამორჩენით, ხელოვნური ინტელექტით და მიგრაციით. მათი ნეგატიური გავლენის შედეგად ევროკავშირის როლი საერთაშორისო სისტემაში შემცირდა.

ევროკავშირი და ევროპის კონტინენტი სხვადახვა პარამეტრებით გაიყო:

პირველი - ევროკავშირის შიდა ურთიერთობებში გამოკვეთილია როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოსავლეთი-დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთი-სამხრეთის ხაზები: დასავლელები აღმოსავლელებთან შედარებით თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე აღმოსავლელები - რუსეთის ფაქტორის გამო. ამიტომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში მათ შორის გარკვეული პრობლემები არსებობს. გარდა ამისა, შედარებით უფრო განვითარებულ ჩრდილოელ (სკანდინავიურ) ქვეყნებს არ სურთ გაიზიარონ იმ სამხრეთევროპული ქვეყნების ტვირთი (მაგალითად, მიგრაციასთან დაკავშირებით), რომლებიც აფრიკასთან და ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობენ. ანუ მთლიანობაში ევროკავშირის წევრი სამხრეთევროპული ქვეყნები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ჩრდილოელები.

მეორე პარამეტრი გამოიხატება ტრანსატლანტიკურ ალიანსში შექმნილი სიტუაციით - აშშ-სა და ევროპის კონტინენტს შორის გაჩენილი პრობლემებით. დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის მმართველობის დროს თეთრმა სახლმა „ბებერ“ ევროპას მეტი აქტიურობა მოსთხოვა ნატოს სამხედრო ხარჯების ზრდის საკითხში, რის გამოც ევროპელთა უკმაყოფილება გამწვავდა. ამას დაემატა დონალდ ტრამპის პოლიტიკური დისკურსი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რაც ფაქტიურად აშშ-ის ევროპისაგან დისტანცირებას ნიშნავს. მოკლედ, ატლანტიკის ორივე ნაპირის ინტერესების ერთმანეთთან დაშორება ფართოვდება.

გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობის შედეგად ევროპამ, რომელიც აშშ-ის, რუსეთსა და ჩინეთს შორისაა მოქცეული, დაკარგა თავისი ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობა. ტრანსატლანტიკური სამხედრო კავშირი, რომელიც ადრე მონოლითურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, დღეს მნიშვნელოვნად არის შესუსტებული - აშშ ევროპის უსაფრთხოების დაცვის მტკიცე გარანტორად ვეღარ ჩაითვლება, ამერიკული ქოლგა ევროპას ძველებურად საიმედოდ ვეღარ ფარავს.

ევროპა ვერ შეძლებს აღნიშნული სამი სახელმწიფოდან რომელიმე ყველა სფეროში შეჯიბრისთვის გამოიწვიოს. რუსეთი ევროპისათვის სერიოზულ მუქარა-საფრთხეს წარმოადგენს., განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ევროპელები შეშფოთებულნი არიან რუსული ექსპანსიონიზმით. ანუ სამხედრო თვალსაზრისით ევროპის მიმართ ამერიკული მხარდაჭერა აუცილებელია. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ან აშშ-ზე, ან ჩინეთზე.

ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას: ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი გაურკვევლობა სუფევს. ევროკავშირი და ევროპის სხვა ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები, უგუნურობის გამო, ჭრიან იმ ტოტს, რომელზედაც თვითონ სხედან. ევროპელ ლიდერებს არ შეუძლიათ საერთო პოზიციებისა და ინტერესების მტკიცედ დაცვა დღევანდელ მღელვარე მსოფლიოში, ერთმანეთს ექიშპებიან და ამით თვითონვე ძირს უთხრიან საკუთარ ერთიანობას იმ დროს, როცა საერთაშორისო პოლიტიკის ნეგატიური მოვლენების წინაშე ერთობლივად უნდა იმოქმედონ - ეს იქნება ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და თუ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები.

ევროპა აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს ან რუსეთს განსაზღვრულ საკითხებში და იმავდროულად იმავე საკითხებში სხვებს მხარს უჭერს. მაგალითად, ევროპის ქვეყნები მკაცრად გმობენ რუსულ ექსპანსიონიზმს - უკრაინაზე თავდასხმას, მაგრამ მხარს უჭერენ ისრაელის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. ევროპის ქვეყნები მზად არიან კიდევ უფრო გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კრემლის აგრესიული პოლიტიკის გამო, მაგრამ აგრძელებენ ისრაელის მხარდაჭერას, რომელიც აგრესიულობას იჩენს ღაზას სექტორისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის მიმართ.

ევროპა შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო, მაგრამ გარკვეულწილად გულგრილობას იჩენს, როცა ღაზას სექტორში 20 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები იღუპება. ევროპის სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, სიტყვით ყოველთვის იცავენ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, გამოდიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად, გმობენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ებრალებათ უწყლოდ და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, მოხუცები და ქალები... მაგრამ იმავდროულად ისინი ჩუმად არიან და არაფერს არ ამბობენ, როცა ისრაელის ბომბების ქვეშ ინგრევა ღაზას ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, როცა არ არის წყალი, გაზი, ელექტროენერგია, როცა შიმშილი ზეწოლის იარაღად არის გამოყენებული, როცა იღუპებიან ბავშვები, ქალები და მოხუცები...

ანალოგიური სახით, ევროპის სახელმწიფოები არ უშვებენ და კრძალავენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარებას ისრაელის წინააღმდეგ. ისინი საკუთარ მოქალაქეებს სჯიან ანტიისრაელური გამოსვლების გამო. იმავდროულად აქეზებენ ირანელებს საკუთარი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსასვლელად. ევროპელებისათვის ნორმალურია, როცა აშშ გმობს სხვა ქვეყნის ექსპანსიურ და მიმტაცებლურ პოლიტიკას, მაგრამ მათთვის არანორმალურია, როცა თვითონ აშშ სხვის ტერიტორიებზე პრეტენზიას აცხადებს და მათი მიერთება სურს, მაგალითად, დანიის მიმართ, გრენლანდიის საკითხში.

საბოლოო ჯამში, ევროპული სახელმწიფოები არ გმობენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას მრავალი ქვეყნის მხრიდან. ასეთმა არათანმიმდევრულმა მიდგომებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ევროპა შერჩევითად გამოხატავს სოლიდარობას დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანარჩენი მსოფლიო ევროპას აღარ ენდობა. ევროპის სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლის ნორმების დასაცავად მხოლოდ მაშინ გამოდიან, როცა ეს მათ ინტერესებს ემსახურება. ამიტომაც მათ აუცილებლად უნდა გადახედონ თავიანთ დღევანდელ პოზიციებს კრიზისული სიტუაციების მიმართ და უნდა გამოავლინონ თანმიმდევრული, სამართლებრივი და ზნეობბრივ-მორალური მიდგომა ყოველი საკითხისადმი. საწინააღმდეგო შემთხვევაში ევროპას სამომავლოდ სიტუაცია კიდევ უფრო გაურთულდება და პრობლემები გაუასმაგდება.

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ