"აშშ დაბეჯითებით მოუწოდებს ნატოს მასშტაბური გადატვირთვისა და ერაყში მისიის დასრულებისკენ"-Politico 21.02.2026 21:55

"ოთხი ნატოელი დიპლომატის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, რომ ბლოკმა თავისი საქმიანობის ბევრი საზღვარგარეთული მიმართულება შეაჩეროს და საბოლოოდ გააუქმოს - მათ შორის ერაყში, კოსოვოში და მსოფლიოს სხვა ადგილებში", - იუწყება აშშ-ის გაზეთი "პოლიტიკო" (Politico) სტატიაში სათაურით: "აშშ დაბეჯითებით მოუწოდებს ნატოს მასშტაბური გადატვირთვისა და ერაყში მისიის დასრულებისკენ" (ავტორი - ვიქტორ ჯეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო თვეების განმავლობაში აშშ ასევე ლობირებს იმას, რომ ნატოს უმაღლესი დონის სამიტებში მონაწილეობა არ მიიღონ ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონში მდებარე მოკავშირეებმა და არც სხვა იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. ასე უნდა მოხდეს, მაგალითად, ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც ანკარაში ივლისში უნდა ჩატარდეს.

ასეთი ძალისხმევა აჩვენებს და ადასტურებს თეთრი სახლის სწრაფვას, რომ ამიერიდან ნატო განიხილებოდეს როგორც მხოლოდ და მხოლოდ ევროატლანტიკური თავდაცვითი ალიანსი და გააუქმოს ათეული წლების განმავლობაში განვითარებული მიმართულებები - კრიზისული მართვა, გლობალური პარტნიორობა - რომლებიც აღიზიანებენ აშშ-ის პრეზიდენტს და მის მხარდამჭერებს მოძრაობა  MAGA-დან.

„ვაშინგტონის ზეწოლით ნატომ შეიძლება შეამციროს ოპერაციები, რომლებიც ალიანსის საკვანძო ამოცანების - თავდაცვისა და შეკავების - ჩარჩოებიდან გამოდიან. ორგანიზაციის შიგნით თეთრი სახლის ამ ინიციატივას უკვე უწოდებენ „დაბრუნებას პირველად მდგომარეობამდე“, -  ამბობს ოთხი დიპლომატი, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა მოისურვეს, თემის დელიკატურობის გამო.

ასეთი პოლიტიკის გატარებას შეუძლია გამოიწვიოს ნატოს აქტიურობის მკვეთრი შემცირება ყოფილი კონფლიქტების ზონებში და ანკარის სამიტში მონაწილეობიდან ისეთი ქვეყნების გამორიცხვა, როგორებიცაა უკრაინა და ავსტრალია.

თეთრმა სახლმა უარი განუცხადა Politico-ს კორესპონდენტს საჯარო კომენტარის გაკეთებაზე ნატოს გლობალური ოპერაციებისა და პარტნიორობის პროგრამების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

სხვათა შორის, პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ ამას წინათ, 12 თებერვალს განაცხადა, რომ საჭიროა „ნატოს მესამე ვერსიის“ -  „NATO 3.0”-ის შექმნა, სადაც ევროპელები მეტს ფულს გადაიხდიან საკუთარი თავდაცვისათვის, ხოლო ნატოს მოქმედების მიზანი მისი მთავარი ამოცანის შესრულება - ალიანსის ქვეყნების ტერიტორიის დაცვა - იქნება.

„ნატოს ყველა მისია პრიორიტეტული არ არის. არ არის აუცილებელი ალიანსის ისეთი მიმართულების იდეალურად შესრულება, რომელიც ნატოს ნაკლებად ეხება“, - უთხრა ელბრიჯ კოლბიმ  ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, თან ხაზი გაუსვა, რომ აშშ ძველებურად ერთგულია ევროპის უსაფრთხოების დაცვის იდეისადმი.

მისი თქმით, „ეფექტურობის კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად აქვთ ბრძოლის უნარი ევროპულ არმიებს და შეუძლიათ თუ არა მათ გამარჯვება  ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ალიანსის თავდაცვისათვის“.

ბუნებრივია, აშშ-ის პოზიცია ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის უკმაყოფილებას იწვევს. ალიანსის ჩამოშორება საზღვარგარეთული მისიებიდან „არასწორი მიდგომაა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ხსენებული ოთხი დიპლომატიდან, - „იმიტომ, რომ პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეკავებისა და თავდაცვისათვის“.

გასულ წელს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დონალდ ტრამპმა უკვე შეამცირა აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანა თავისი ჯარებისა და ნატოს პერსონალის ნაწილი ევროპიდან და რიგი სამეთაურო პოსტები ალიანსში ევროპელებს დაუთმო იმ მოტივით, რომ აშშ-მა თავისი საგარეო პოლიტიკის ორიენტირი შეცვალა - პრიორიტეტია „უსაფრთხოების საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა“.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ