23.02.2026 19:35
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითმენში“ (The New Statesman) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ევროპა - პუტინის მომდევნო თავდასხმის ობიექტი: რატომ იხედება რუსეთის ლიდერი უკრაინის გადაღმა და შეძლებს თუ არა ევროპა საკუთარ თავდაცვას აშშ-ის დახმარების გარეშე“ (ავტორი - ქეით სტალარდი), რომელშიც განხილულია რუსეთის აგრესიული ბუნება, კრემლის ანტიევროპული პოლიტიკა და ნავარაუდევია ვლადიმერ პუტინის ნაბიჯები - გერმანელი პოლიტოლოგის კარლო მასალას წიგნის „თუ რუსეთი გაიმარჯვებს: სცენარები“ მიხედვით (გამოიცა 2025 წლის იანვარში). იგი კარლო მასალას მიუნჰენში შეხვედრის დროს ესაუბრა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა გერმანელმა პოლიტოლოგმა, ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლო მასალამ თავისი წიგნი „თუ რუსეთი გაიმარჯვებს: სცენარები“ გამოსცა (რომელიც ბესტსელერი გახდა და ისწრაფად ითარგმნა ინგლისურ ენაზეც), მას სურდა ეჩვენებინა ევროპაში არსებული არასწორი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ. პოლიტოლოგის აზრით, ბევრ ევროპელს სჯეროდა, რომ „ვლადიმერ პუტინის დამშვიდება შესაძლებელია ტერიტორიული კომპრომისის რომელიმე ფორმით“ და როცა ომი დამთავრდება, „ყველაფერი თავის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება - ნორმალურ ცხოვრებას“.
როგორც კარლო მასალა ჩემტან საუბარში ამბობს, იგი „სცენარების“ დაწერისას ეყრდნობოდა როგორც თავის აკადემიურ გამოკვლევებს და ექსპერტებთან და სამთავრობო ჩინოვნიკებთან საუბარს, ასევე სამაგიდო (საშტაბო) სამხედრო თამაშების შედეგებს. მან ჩემთან საუბარში, როცა მიუნჰენში შევხვდი, მითხრა: „უამრავი ადამიანი ლაპარაკობს, რომ თითქოსდა რუსებმა იციან - ნატოსთან ომს ვერ მოიგებენ და ამიტომ ალიანსის წევრ ქვეყანაზე არავითარი თავდასხმა არ მოხდება. აი, შეხედეთ, რა პრობლემებს აწყდება კრემლში უკრაინასთან ომში. ნუთუ კრემლს ომის გაგრძელების ძალ-ღონე ექნება?“. ასეთი ლოგიკის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება აღიაროს თავისი შესაძლებლობების ზღვარი და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობით, რომ დონბასზე ფაქტიური კონტროლი განახორციელოს. ასეთი სიტუაცია მისთვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა რუსი მოსახლეობა გამარჯვებაში დაარწმუნოს.
კარლო მასალა კი ასაბუთებს ევროპელთა რწმენის მცდარ ხასიათს: წარმოვიდგინოთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დღეს განიხილება, დამტკიცდა და ძალაში შევიდა. უკრაინა იძულებული გახადეს უარი ეთქვა თავისი ტერიტორიის 20%-ზე და ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე. სამაგიეროდ, კიევს აღუთქვეს ეკონომიკური აღდგენის პროგრამა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაკონტროლებლად. სინამდვილეში კი სადემარკაციო ხაზის გასწვრივ სროლები მუდმივად გაისმის. გაერო უუნარობას ამჟღავნებს. დასავლელი ლიდერები ვერ თანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო რეაგირების თაობაზე. თავის მხრივ, კრემლი რეპრესიებს აძლიერებს ოკუპირებულ დონბასში, ხოლო უკრაინის დანარჩენი ნაწილი ეკონომიკურ კრიზისში იძირება. ქვეყნის მოქალაქეები თითქმის მთლიანად დასავლეთში (ევროკავშირში) გარბიან, მძაფრდება შიდაპოლიტიკური ბრძოლა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს არჩევნების ჩატარების თარიღს, ცდილობს თავისი ავტორიტეტის განმტკიცებას, მაგრამ არჩევნებში მარცხდება. აი, სწორედ მაშინ ამოქმედდება ვლადიმერ პუტინი, რომელიც ნატოს სისუსტეებით ისარგებლებს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გეოგრაფიული თვალსაზრისით, რამდენიმე „სუსტი ადგილი“ მართლაც აქვს: ისინი რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობენ, იქ რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და პუტინს შეუძლია მათ „დაცვაზე იზრუნოს“ - ისე როგორც უკრაინასთან (ყირიმთან და დონბასთან) მიმართებით გააკეთა.
კარლო მასალამ თავის სცენარებში ყურადღება გაამახვილა პატარა ესტონურ ქალაქ ნარვაზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიას ესაზღვრება და რომლის ოკუპირება კრემლს შეუძლია: რუსი გენერალი, გამოგონილი გვარით, ლაპარაკობს საფრანგეთის მოსაზღვრე რეინის ოლქის რემილიტარიზებაზე ნაცისტური გერმანიის მიერ, როცა 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა იქ ჯარი შეიყვანა, ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების (1919 წ.) დარღვევით. რაიხსკანცლერი ფიქრობდა, რომ თუ მოკავშირეები (ყოფილი ანტანტა) ჰიტლერს წინააღმდეგობას გაუწევდნენ, იგი ჯარს უკან დააბრუნებდა. სამწუხაროდ, ანტანტელებს არაფერი უთქვამთ. ანალოგიურად, ამ სცენარით, რუსეთი ნარვას დაიკავებს, მაგრამ თუ ნატო გადაწყვეტს მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიოს, რუსეთს სესაძლებლობა ექნება თავისი ჯარი უკან გაიხმოს მინიმალური დანაკარგებით, მაგრამ თუ წარმატებას მიაღწევს, მაშინ ალიანსის წესდების მე-5 პუნქტი მნიშვნელობას დაკარგავს.
წიგნის მიხედვით, რუსები ნარვას დილით ადრე რამდენიმე საათის განმავლობაში იკავებენ, აღმართავენ რუსეთის დროშას ქალაქის მერიის შენობაზე. ამ დროს კი რუსი საზღვაო მედესანტეები, რომლებიც ტურისტებად არიან გადაცმულნი, იპყრობენ ნაკლებად დასახლებულ კუნძულ ჰიუმას ესტონეთის ნაპირთან ახლოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე შეუძლია ნატოს ძალებს წინააღმდეგობა გაუწიოს, რომლებიც გემებით იქნება გადასროლილი კუნძულთან და ბალტიის ქვეყნებს საზღვაო ბლოკადით დაემუქროს. ამასობაში რუსი დიპლომატებიც იწყებენ საკუთარ შეტევას და აცხადებენ, რომ ეს შეზღუდული ოპერაციაა და მიმართულია მხოლოდ ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად. რუსეთის ელჩი აშშ-ში თეთრ სახლში მიდის, რომ განაცხადოს - „რუსეთი ჰუნმანიტარულ მისიას ახორციელებს“, მაგრამ იმავდროულად მიანიშნებს - „თუ ნატო ხელს შეუშლის მისიის განხორციელებაში, ყველა ზომა იქნება გამოყენებული, ბირთვული იარაღის ჩათვლით. ესტონეთი დახმარებას თხოვს ნატოს, მე-5 პუნქტის შესაბამისად. მაგრამ როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები ბრიუსელში სასწრაფო სხდომაზე შეიკრიბებიან, რათა ესტონეთის თხოვნა განიხილონ, აშშ-ის პრეზიდენტი (იგი არ სახელდება, მაგრამ უშეცდომოდ იცნობთ დონალდ ტრამპს) იმეორებს თავის ცნობილ ნათქვამს, რომ ევროპელები საკუთარი კონტინენტის დასაცავად ფულს საკმარისად არ იხდიან და აცხადებს, რომ აშშ ესტონეთის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაებმება: „ამერიკა მზად არ არის ესტონეთის გულისთვის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს“. ერთსულოვანი მხარდაჭერის არარსებობის გარეშე ნატოს გენმდივანს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ ესტონეთს სთხოვოს უკან წაიღოს თავისი თხოვნა მე-5 პუნქტის ამოქმედების თაობაზე. სხდომის დასრულების შემდეგ გენმდივანი ჟურნალისტებთან აღიარებს, რომ „ეს არის ყველაზე შავი დღე ალიანსისათვის“.
ის, რაც კარლო მასალას სცენარებს დამარწმუნებლად (და გამანერვიულებლადაც) წარმოსახავს, არის სინამდვილის აღქმა - შეგრძნება იმისა, რომ მართლაც შეიძლება ასე მოხდეს: აშშ-ის სავარაუდო როლის ჩვენება, რომლის კულმინაციას პრეზიდენტის უარი წარმოადგენს, მართლაც სრულად შეესაბამება დონალდ ტრამპის მიდგომებს ამ ეტაპზე (თუმცა ობიექტურების პრინციპით თუ ვიმოქმედებთ, უნდა ვთქვათ, რომკ ჯო ბაიდენსაც არაერთხელ განუცხადებია, „ვაითუ უკრაინის კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოსო“) .
კარლო მასალა დღეს ორ მთავარ საფრთხეს ხედავს:
პირველი - პუტინმა, მსოფლიოს სხვა ავტოკრატებთან ერთად, უპირველესად კი ჩინელ სი ძინპინთან პარალელურად, კარგად აითვისა გაკვეთილი ბირთვული სიგნალების პოტენციალის თაობაზე. „მე რომ პუტინი ვიყო, მეც ვიტყოდი, რომ დასავლეთთან ნებისმიერ კონფლიქტის მოგება შემიძლია - უბრალოდ, დავემუქრები მათ ბირთვული იარაღის გამოყენებით“, - მიტხრა კარლო მასალამ. „სხვათა შორის, მან ეს კიდეც გააკეთა უკრაინასთან ომის დაწყების მესამე დღეს, როცა რუსეთის ბირთვულ ძალებში „საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებული დონე“ გამოაცხადა. მსოფლიოში აჟიოტაჟი და ისტერიკა დაიწყო. პოლიტიკოსები უკიდურესად შეშფოთდნენ. ანუ პუტინმა მიაღწია იმას, რაც სურდა.
მეორე საფრთხე გამოიხატება იმით, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა აცნობიერებს - მას აქვს სტრატეგიული შესაძლებლობა ნატოს სიმტკიცე დაარღვიოს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლით. „აშშ-ის პრეზიდენტი იმას აკეთებს, რის გაკეთებასაც პუტინი ბოლო 10 წლის განმავლობაში ცდილობდა. დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განხეთქილებას თესავს: იგი, ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერი, ნატოს მეორე წევრს ტერიტორიის დაპყრობით ემუქრება! ყოველივე ეს ნატოს პრინციპებს აბათილებს: ამერიკა რუსეთს მიანიშნებს, რომ მე-5 პუნქტს ძირი ეთხრება“.
კარლო მასალას თქმით, კოშმარული სიტუაცია იქნება, თუ აშშ-ის ადმინისტრაცია ევროპის უსაფრთხოების სისტემიდან გასვლას დააპირებს, ანუ ევროპაში მყოფ აშშ-ის არმიის ნაწილებს უკან გაიწვევს. ასეთ შემტხვევაში არც მეხუთე პუნქტისა და არც ამერიკული ბირთვული ქოლგის იმედი არცერთ ევროპულ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს. „მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა შევძლოთ აშშ-ის ყოფნის შენარჩუნება რამდენიმე წლით მაინც. თუ ამას მოვახერხებთ, ჩვენ სამიდან ხუთ წლამდე დაგვჭირდება ისეთი სტატუსის მისაღწევად, რომ რუსეთის არმიის შეკავება შევძლოთ.
რა თქმა უნდა, კრემლი არ დაელოდება იმ მომენტს, სანამ ევროპა ძალებს მოიკრებს. ჩემს კითხვაზე, თვლის თუ არა რუსეთი, რომ ის ნატოსთან ომის მდგომარეობაში იმყოფება, მასალა პასუხობს: „დიახ, ასეა“. მისი თქმით, დღეისთვის რუსეთი ორ ომს აწარმოებს: ერთს, კინეტიკურს, უკრაინის წინააღმდეგ, მეორეს კი, არაკინეტიკურს, ევროპული ქვეყნების - ნატოს წევრების მიმართ, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ“. ბოლო დროს ჰიბრიდული ომი გაძლიერდა გეოგრაფიული მასშტაბით - ის უფრო ბევრ ქვეყანას ფარავს: „ჩვენ უკვე მოწმენი ვართ რუსული დრონების შეჭრისა პოლონეთის საჰაერო სივრცეში... უკვე ვიცით რუსული ავიაციის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანების ფაქტები. რუსების მოქმედება სულ უფრო და უფრო თავხედური ხდება, - გამაფრთხილებლად მეუბნება კარლო მასალა, - ისინი უკვე რეალურად ომობენ დასავლეთის წინააღმდეგ“.
ავტორ(ებ)ი :