"დონალდ ტრამპის პირადი გაერო: ევროპის დემოკრატიას „მშვიდობის საბჭოსთან“ ურთიერთობის სტრატეგია სჭირდება"-Financial Times 27.02.2026 00:12

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმიანება ვაშინგტონში გამართულ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას და აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპის პირადი გაერო: ევროპის დემოკრატიას „მშვიდობის საბჭოსთან“ ურთიერთობის სტრატეგია სჭირდება“.

დონალდ ტრამპი, როცა ირანისაკენ თავისი „უძლეველი არმადა“ გააგზავნა, მაშინაც კი ცდილობდა თავისი თავი მშვიდობის დამცველად გაესაღებინა: აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილმა „მშვიდობის საბჭომ“, რომელსაც თეთრმა სახლმა სახელი გადაარქვა და „დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი“ უწოდა, ვაშინგტონში პირველი სხდომა ჩაატარა. ამერიკის მეთაურმა, რომელიც, როგორც ჩანს, „ინსტიტუტის“ უვადო თავმჯდომარე გახდა, დანიშნა აღმასრულებელი საბჭოს წევრებიც: თავისი სიძიდან - ჯერად კუშნერიდან - დაწყებული, დამთავრებული ბიზნეს-პარტნიორით, სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფით. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განმეორებითი მიწვევა გაუგზავნა მსოფლოიოს 60 ქვეყანას შეუერთდნენ მშვიდობის ინსტიტუტს და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.


აღმასრულებელი საბჭო დონალდ ტრამპის ახლობელ-ნათესავების შემადგენლობით, აშკარაა, უმთავრესად იმიტომ შეიქმნა, რომ განამტკიცოს დონალდ ტრამპის ხელმძღვანელი როლი სამშვიდობო საქმეებში და იმავდროულად მისივე ახლობლების კერძო ინტერესებსაც ემსახუროს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი გეგმები აქვს „მშვიდობის საბჭოს“ ღაზას სექტორში და, ალბათ, სხვა ადგილებშიც, დასავლურ [და კერძოდ, ევროპულ] დემოკრატიას აუცილებლად სჭირდება სტრატეგიის შემუშავება, მასთან თანამშრომლობისათვის.



თავდაპირველად „მშვიდობის საბჭო“ („ინსტიტუტი“) ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის სარეალიზაციოდ შეიქმნა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ორწლიანი ომის შემდეგ. გაეროს უშიშროების საბჭომ მას პალესტინის ანკლავში მართვის გარდამავალი ორგანოს მანდატი მისცა. დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის აღორძინების გრანდიოზული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მეორე „ლაჟვარდოვან ნაპირს“ მოგვაგონებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, საკურორტო ზონას პლაჟებითა და ცათამბჯენებით.

ჯერჯერობით პალესტინის აღორძინება არ დაწყებულა, მაგრამ დონალდ ტრამპი ნელ-ნელა ცდილობს, რომ თავისი „მშვიდობის საბჭო“ გაეროს ალტერნატივის სახით წარმოაჩინოს. „საბჭოს“ წესდებაში არსად არ არის მითითებული ღაზა ან ისრაელი, მაგრამ ის წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს სტაბილურობას, უზრუნველყოს მტკიცე მშვიდობა იმ რაიონებში, რომლებსაც კონფლიქტები ემუქრება.



ასეთი როლის შესრულებისათვის, როგორი კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეს, დონალდ ტრამპის „საბჭოს“ („ინსტიტუტს“) არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ის გაეროს ძირის გამოსათხრელად არის შექმნილი. ამ ფაქტმა შეიძლება აშშ-ის მეტოქე სხვა სახელმწიფოებიც წააქეზოს გაეროს პარალელური გლობალური სტრუქტურების შესაქმნელად.


საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის მიწვევას მხოლოდ ორი ათეული ქვეყანა დაეთანხმა. მათი სია გვიჩვენებს, რომ „მსოფლიო საბჭო“ ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისა და ავტოკრატიების კლუბად გადაიქცა.

ევროპულ და სხვა დასავლურ დემოკრატიებს განსხვავებული აზრები აქვთ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი საბჭო. ბევრი სამართლიანად ვარაუდობს, რომ თუ საბჭოს მიუერთდებიან, ეს ნიშნავს დონალდ ტრამპის მსოფლმხედველობისათვის ლეგიტიმური საფუძვლის მიცემას, რაც მათ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ევროკავშირის ქვეყნებიდან ოფიციალურად საბჭოს მუშაობაში მხოლოდ უნგრეთი და ბულგარეთი მონაწილეობენ, ხოლო იმავე ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ ვაშინგტონში მხოლოდ დამკვირვებლები გაგზავნა. სხვათა შორის, ევროკომისიის კომისარი ხმელთაშუაზღვისპირეთში, ხორვატი დუბრავკა შუიცა პირადად ესწრებოდა ვაშინგტონის სხდომას, რისთვისაც მან ბრიუსელისგან, პარიზისგან და მადრიდისგან საყვედური მიიღო - საფრანგეთმა და ესპანეთმა დონალდ ტრამპის მიწვევისაგან შორს დარჩენა ამჯობინეს.
დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის სფეროს გაფართოებას მსოფლიოს სხვა რეგიონებზეც გეგმავს, ვენესუელიდან დაწყებული ირანამდე და უკრაინამდე. ამიტომაც დემოკრატიულმა ქვეყნებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი აშშ-ის პრეზიდენტის განზრახვას, უნდა შეეცადნონ მასზე გავლენის მოხდენას, მაგრამ არ უნდა მიუერთდნენ ამერიკელი ლიდერის კერძო ინიციატივას

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ