"ტრამპი უკრაინას აფრთხილებს: რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმები ამერიკულ ინვესტიციებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს"-The Daily Telegraph 27.02.2026 18:13

ბრიტანულ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით:  "ტრამპი უკრაინას აფრთხილებს: რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმები ამერიკულ ინვესტიციებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს" (ავტორი - ჯო ბარნსი), რომელიც ეხება საკმაოდ დელიკატურ საკითხს კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში - ამერიკული ინტერესების დაცვას რუსეთ-უკრაინის ომში. კერძოდ კი, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული კომპანიების კუთვნილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების თავიდან აცილებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სთხოვა, რომ შეწყვიტოს თავისი გრძელვადიანი შეტევები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მას შემდეგ, რაც კიევის დარტყმებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა რუსეთში ჩადებულ აშშ-ის ინვესტიციებზე, ანუ იგულისხმება ის შეტევები, როცა აშშ-ის ინტერესები ზარალდება.

ვაშინგტონში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს და „საყვედური“ გამოუცხადეს იმის გამო, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის შავიზღვისპირა ნავსადგურს - ნოვოროსიისკს დარტყეს.

როგორც უკრაინელმა დიპლომატმა ოლღა სტეფანიშინამ თავისი უჩვეულო გამოსვლის დროს აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტმა იგი გააფრთხილა, რომ ნოვოროსიისკზე შეტევის დროს უკრაინის დრონებმა ზოგიერთი ამერიკული ობიექტი დააზიანეს, კერძოდ, ნავსადგურის ინფრასტრუქტურა, რომლითაც ყაზახური ენერგომატარებლები საექსპორტოდ იგზავნება: „მითხრეს, რომ ჩვენ თურმე თავი უნდა შევიკავოთ აშშ-ის ინტერესების შელახვისგან“.   

ოლღა სტეფანიშინამ სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებას „დემარში“ უწოდა, რაც ოფიციალური დიპლომატიური ნაბიჯის სახესხვაობას წარმოადგენს და რომელიც ხშირად გამოიყენება პროტესტის გამოსახატავად.

ოთხშაბათს დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი სამომავლო შეხვედრის გეგმა განიხილეს და რომელიც, სავარაუდოდ, მარტშია დაგეგმილი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რაც ერთადერთი შესაძლებლობაა ყველა რთული და დელიკატური საკითხები გადაწყდეს... და საბოლოოდ, ეს ომი დასრულდეს“.

გასული წლის ნოემბერში უკრაინამ დარტყმა მიაყენა „კასპიის მილსადენთა კონსორციუმის“ (Caspian Pipeline Consortium) ინფრასტრუქტურას ნოვოროსიისკში, რომელიც რუსულ და ყაზახურ კომპანიებს ეკუთვნით, თუმცა კონსორციუმში არის სამი ამერიკული აქციონერიც: Mobil, Chevron და Shell. რუსეთის ნოვოროსიისკის საზღვაო ნავსადგური ყაზახური ნავთობის ძირითად საექსპორტო მარშრუტს წარმოადგენს, რადგან თვითონ ყაზახეთს - ცენტრალურ აზიაში მდებარე სახელმწიფოს - ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

სხვათა შორის, ორი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ნოვოროსიისკის ნავსადგურში მდგარ ორ ტანკერს, რომლებიც ნედლი ნავთობით იტვირთებოდნენ, დრონებით შეუტია.

ბოლო წლებში უკრაინული დრონები საკმაოდ წარმატებით მოქმედებენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და მოწინააღმდეგის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას აზიანებენ - იმ მიზნით, რომ კრემლს ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და ომი ვერ დააფინანსოს. ნავთობსაბადოებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის გამო რუსეთი იძულებული გახდა ნავთობის მოპოვება დღეში 1,2 მილიონ ბარელამდე შეემცირებინა.

უკრაინული დრონების შეტევები რუსეთის სიღრმეში ხდება აშშ-ის მიერ გადაცემული კოსმოსური სადაზვერვო მონაცემების დახმარებით, მაგრამ გაურკვეველია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელებმა ამერიკელების მიერ მიწოდებული მონაცემები ნოვოროსიისკის ნავსადგურზე საჰაერო თავდასხმის განსახორციელებლად.

თავის დროზე თვითონ დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გააგრძელოს დარტყმები რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, რათა კრემლი ცეცხლის შეწყვეტაზე აიძულოს. ის საყვედური, რომელიც უკრაინამ მიიღო ნოვოროსიისკის პორტზე შეტევის გამო, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს დაიცვას ამერიკული კომპანიების ინტერესები და თავიდან ააცილოს ამერიკელებს ომში პირდაპირი მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება კიევისათვის იარაღის პირდაპირი მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რათა რუსეთ-უკრაინის ომი შეწყვეტილიყო და მხარეებს მოლაპარაკება დაეწყოთ. სხვათა შორის, 24 თებერვალს, აშშ-მა თავი შეიკავა გაეროში იმ რეზოლუციისადმი კენჭისყრის დროს, რომელიც უკრაინაში „მტკიცე მშვიდობის დამყარებას“ ეხებოდა, ვლადიმერ პუტინის არმიის შეჭრისა და ომის დაწყების მე-4 წლისთავის აღსანიშნავად.

უკრაინის ელჩს აშშ-ში ოლღა სტეფანიშინას არანაირი ვარაუდი არ გამოუთქვამს იმის შესახებ, არის თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტში მიღებული „საყვედური“ თეთრი სახლის ბრძანების ტოლფასი - შეწყვიტოს უკრაინამ შეტევები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების  წინააღმდეგ (…).

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ