"ომი, რომლის შედეგები არავინ არ იცის"-BBC 04.03.2026 16:58

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით "ომი, რომლის შედეგები არავინ არ იცის" (ავტორი - ჯერემი ბოუენი), რომელშიც აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომის სავარაუდო პერსპექტიული შედეგებია განხილული.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ირანის უზენაესი ლიდერის - რაქბარ აიათოლა ალი ჰამენეისა და მისი უახლოესი სამხედრო მრჩევლების სიკვდილი ქვეყნის მმართველი თეოკრატიული რეჟიმის მიმართ გამანადაგურებელ დარტყმას წარმოადგენს. მაგრამ დარტყმა ყოველთვის არ ნიშნავს რეჟიმის კრახს.  

ირანის პირველმა რაქბარმა, აიათოლა რუჰოლა ჰომეინიმ და მისმა თანამებრძოლებმა თითქმის 50 წლის წინათ ისლამური რეჟიმის ინსტიტუტები იმ სახით შექმნეს, რომ მათ გადაეტანათ ომები და ლიდერების დაღუპვები. ირანის რეჟიმი „ერთი მსახიობის თეატრი“ არ არის. სირიისა და ლიბიის სახელმწიფო სისტემები ბაშარ ასადისა და მუამარ კადაფის  დროს აგებული იყო მმართველი ოჯახების ირგვლივ. როგორც კი ოჯახების ლიკვიდირება მოხდა (მუამარ კადაფი მოკლეს, ბაშარ ასადი გაიქცა), რეჟიმები სწრაფად დაემხო.

ირანის რეჟიმი წარმოადგენს ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც პოლიტიკური და რელიგიური ინსტიტუტების რთულ და მჭიდრო ქსელს ეფუძნება. მათი უფლებამოსილებები ერთმანეთშია გადახლართული და გადაკვეთილი. რეჟიმის კონსტრუქცია ისეთია, რომ მან ომები და ლიდერთა ცვლა უნდა გადაიტანოს.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დროში და ყველა სიტუაციაში აუცილებლად გადაიტანს. ისლამური რესპუბლიკა ამჟამად სერიოზულ გამოცდას აბარებს სიმყარეზე და მდგრადობაზე. ჩააბარებს თუ არა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ ირანის ხელისუფლება ასეთი გამოცდისათვის დიდი ხანია ემზადებოდა. თუ რეჟიმი გამოცდას გადაიტანს, ეს გამარჯვების ტოლფასი იქნება.

ისლამური რეჟიმის მცველები - „რევოლუციის გუშაგები“

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ისლამურმა რესპუბლიკამ თავდაცვის მძლავრი სისტემა შექმნა. ირანს აქვს რეპრესიებისა და იძულების უძლიერესი და ულმობელი აპარატი.. იანარში მომხდარ მასობრივ ასნტისამთავრობო გამოსვლებში რეპრესიული აპარატის წარმომადგენლებმა ქუჩებში ათასობით ადამიანი დახოცეს. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით რეჟიმის ნგრევისა და შეიარაღებული ძალების დაშლის არანაირი ნიშნები არ ჩანს, პირიქით, მთავრობის მომხრეების ხალხმრავალი ანტიდასავლური, ანტიისრაელური და ანტიამერიკული მიტინგები იმართება, რომელთა მონაწილეებს დაბომბვების არ ეშინიათ.

ირანში ჩვეულებრივი არმიისა და კარგად აღჭურვილი პოლიციის გარდა, არის კიდევ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - მრისხანე სამხედრო ძალა, რომლის ამოცანაა მმართველი რეჟიმის დაცვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. „გუშაგები“ იცავენ  შიიტურ დოქტრინას „ვიალიათ-ე ფაქიჰს“ (ანუ „ღვთისმეტყველ კანონმდებელთა ხელისუფლებას“), რომელიც გულისხმოპბს, რომ ქვეყანას უმწიკვლო, სამართლიანი და კომპეტენტური მეცნიერი-ღვთისმეტყველი უნდა მართავდეს.

ითვლება, რომ „გუშაგთა კორპუსში“ დაახლოებით 190 ათასი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და 600 ათასი რეზერვისტი. „გუშაგები“, გარდა იმისა, რომ ისინი რელიგიური დოქტრინის აღსრულებას ზედამხედველობენ, მათ ხელშია ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც. „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელებს აქვთ არამხოლოდ „იდეოლოგიური“, არამედ ფინანსური მოტივაციაც ხელისუდფლებისადმი ლოიალობა შეინარჩუნონ.

„გუშაგთა კორპუსს“ მხარს უმაგრებს „ბასიჯიც“ - ნებაყობლობითი გასამხედროებული ორგანიზაცია. ბოლო შეფასებით, „ბასიჯის“ რიგებში დაახლოებით 450 ათასი წევრია, რომლებიც ცნობილნი არიან მთავრობისადმი ერთგულებით და უმკაცრესი ზემოქმედების მეთოდებით. „ბასიჯელები“ მიტინგტების დარბევის დროს პირველ რიგში დგანან, ანუ რეჟიმის თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს. მათ აქვთ რეზინის ხელკეტები და სხვა აღჭურვილობა, ისინი სხედან მოტოციკლეტებზე და სწრაფად გადაადგილდებიან მწვავე შეტაკების ადგილებში მისასვლელად. „ბესიჯელთა“ უკან დგანან შეიარაღებული პოლიციელები და ბოლოს, მესამე, ყველაზე მტკიცე თავდაცვის ხაზი - „ისლამური რევოლუციის გუშაგები“.

დონალდ ტრამპი „გუშაგებს“ და „ბესიჯელებს“ გარდაუვალი სიკვდილით დაემუქრა, თუ ისინი იარაღს არ დაყრიან, მაგრამ საეჭვოა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარამ რაიმე ნაყოფი გამოიღოს და რეჟიმის დამცველ-მომხრეთა პოზიცია შეიცვალოს.

მოწამეობის იდეა

ისლამური რესპუბლიკა და, საერთოდ, შიიტური ისლამი მოწამეობის იდეით არის გამსჭვალული. მორწმუნეები არ ერიდებიან წამებას და ნებით ბარდებიან მტარვალებს - იდეისათვის სიკვდილი ეს ნიშნავს, რომ მან „წამების ტკბილი ფიალა შესვა“.

ზოგიერთი სერიოზული ირანელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აიათოლა ალი ჰამენეი, საჰაერო დარტყმის მიუხედავად, მაინც დარჩა თავის რეზიდენციაში იმიტომ, რომ მოწამეობრივი სიკვდილს ესწრაფვოდა.

რეჟიმს ჰყავს თავისი სამოქალაქო მხარდამჭერების ბირთვი. ათი ათასობით ადამიანი ნებაყოფლობით გამოვიდა თეირანის ქუჩებში საყოველთაო 40-დღიანი გლოვის დაწყების დროს - ისინი იკრიბებოდნენ მოედნებზე, ანთებდნენ სანთლებს და მობილური ტელეფონის ფარნებს და ეს ხდებოდა იმის მიუხედავად, დაბომბვა გრძელდებოდა და დანგრეული სახლები ცეცხლსა და კვამლში იყო გახვეული.

წარუმატებელი პრეცედენტები

ამერიკელები თვლიან, რომ მათი უხეში ძალის მოქმედება, ისრაელთან ერთად, ირანში რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს  ისე, რომ რაიმე კატასტროფული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თავიდან იქნება აცილებული.

მაგრამ ისტორიული მაგალითები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევიან.

ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობამ 2003 წელს ქვეყანა სწორედ რომ კატასტროფამდე მიიყვანა: ომი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, გაჩნდა ექსტრემისტული ჯიჰადური („წმინდა ბრძოლის“) მოძრაობები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ.  

ლიბიაში - ნავთობით მდიდარ სახელმწიფოში - შეიძლებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონე ევროპის დონეს გატოლებოდა, მაგრამ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის (2011 წელს) შემდეგ 15 წელი გავიდა და ქვეყანა და მოსახლეობა დანგრეული და გაღატაკებული რჩება. ლიბია არშემდგარი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი ტერიტორია ერთმანეთთან მტრულად დამოკიდებული ადგილობრივი მმართველების ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც მუამარ კადაფის რეჟიმი დაამხეს და მოსახლეობას „ბედნიერი ცხოვრება“ მოუტანეს, ლიბიის ფაქტიური დაშლის შემდეგ „ხელები დაიბანეს“ და დღეს, ქვეყანა, შეიძლება ითქვას, თავისი დაბეჩავებული ცხოვრებით ცხოვრობს.

ირანის პერსპექტივა: ცუდი, ცუდზე უარესი... და უკეთესი?

ირანი დიდ სახელმწიფოს წარმოადგენს და ის ფართობით ერაყს თითქმის სამჯერ აღემატება. ირანში 90 მილიონი მულტიეთნიკური ადამიანი ცხოვრობს. თუ მმართველი რეჟიმი საბოლოოდ მაინც დაემხობა, შეიძლება ისეთი სისხლიანი ქაოსი და სამოქალაქო ომი დაიწყოს, რომელიც ბევრად გადააჭარბებს ერაყს და ლიბიას, ერთად აღებულს... და რომლის მსხვერპლი ასეულ ათასობით ადამიანი იქნება. ირანის კატასტროფის შედეგები რეგიონზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებით ირანის სამხედრო პოტენციალი სუსტდება. თუ თეირანის რეჟიმი მაინც გადარჩება, ძველებურად გავლენიანი ვეღარ იქნება, ანუ, შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვლება თავისი შორს მიმავალი პერსპექტიული შედეგებით.

ალბათ, ირანელთა უმრავლესობა, მეტად თუ ნაკლებად, ზოგადად თეოკრატული რეჟიმის დამხობას მიესალმება, მაგრამ უკიდურესად რთული იქნება ძალის მეშვეობით დამხობილი მმართველობის ჩანაცვლება მშვიდობიანი და მდგრადი ალტერნატივით.

დონალდ ტრამპი ფსონს იმაზე დებს, რომ ომი ახლო აღმოსავლეთს უკეთეს და უსაფრთხო მომავალს მოუტანს, მაგრამ მისი ალბათობა ძალიან მცირეა.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ