"რას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისათვის: რადგან მოკავშირეთა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იარაღის გარეშე დარჩეს"-The Daily Telegraph 07.03.2026 18:38

„ამერიკელებმა და ევროპელებმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისათვის აუცილებელი საბრძოლო მასალების ყველა რეზერვი ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს, რომ თავიანთი რეგიონული სამხედრო ბაზები ირანული დრონებისა და რაკეტებისაგან დაიცვან“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: "რას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისათვის: რადგან მოკავშირეთა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იარაღის გარეშე დარჩეს" (ავტორი - ჯო ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოკავშირეები ამჟამად ახლო აღმოსავლეთით არიან დაკავებულნი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაინც ცდილობს მათი ყურადღების მიპყრობას და მხარდაჭერის გამოვლენას.

ეს პირველი ომის არ არის ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის წინაშე დგება. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ისრაელის დარტყმები ირანის წინააღმდეგ სულ უფრო მეტი ინტენსივობით გრძელდება და „ჯერ ყველაფერი წინ არის“, ვოლოდიმირ ზელენსკის უწევს ყურადღებით შეაფასოს ახლო აღმოსავლეთის ომის შედეგები უკრაინის სამხედრო კამპანიისათვის.

ევროპელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ დონალდ ტრამპმა შეიძლება ინტერესი დაკარგოს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობები მშვიდობის დასამყარებლად წარუმატებელია.

სხვათა შორის, კიევს მოუწევს ბრძოლა არამარტო ამერიკის, არამედ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ანუ უკრაინის ყველაზე აქტიური მოკავშირეების ყურადღების მისაპყრობადაც, რომელთა სამხედრო ბაზები ირანის თავდასხმის ობიექტები გახდნენ. გასგებია, რომ პარიზს და ლონდონს ახლა კიევისთვის ნაკლებად სცალიათ. გჩნდა შიში, რომ ევროპული ქვეყნები და აშშ თავიანთ იარაღს, კიევის დახმარების ნაცვლად, საკუთარ ინტერესთა დასაცავად გამოიყენებენ.

უკრაინის ლიდერს იმედი აქვს, აშშ სწრაფად დაამარცხებს ირანს და გამარჯვებას მოიპოვებს. მისი თქმით, „ყველა აცნობიერებს, რომ იარაღის მოწოდება ჩვენთვის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს. თუ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გაგრძელდება, ეს, რა თქმა უნდა, იარაღის მოწოდებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს“.

თუ დონალდ ტრამპის მცდელობა ირანში ხელისუფლების შეცვლის მიზნით  ოთხი ან ხუთი კვირით გაჭიანურდება, მაშინ ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს უკრაინისათვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების (საზენიტო რაკეტების) მიწოდების სფეროში..

აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დაბომბვებს ირანმა მეზობლების (ერაყის, ქუვეითის, არაბული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის...) მიმართულებით ასეულობით ბალისტიკური რაკეტისა და დრონის გაშვებით უპასუხა. ცხადია, რომ ბევრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა არსებობს რაკეტებისა და დრონების შეტევების მოსაგერიელებლად, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და გამოცდილ სისტემას „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წარმოადგენს.

უკრაინას რამდენიმე „პეტრიოტი“ აქვს, რომლებიც მას მოკავშირეებმა წინა წლებში მიაწოდეს, მაგრამ მიმდინარე ზამთრის დროს ისინი რაკეტების PAC-3-ის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.

როგორც სერგეი კუზანი - უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი - „დეილი ტელეგრაფთან“ საუბრისას ამბობს, რომ „პეტრიოტის“ რაკეტების უკმარისობის საფრთხე რეალურია, რადგანაც აშშ-მა - PAC-3-ის ერთადერთმა მწარმოებელმა ქვეყანამ - რაკეტები ახლო აღმოსავლეთში გადაზიდა. აქედან გამომდინარე, უკრაინის ინტერესებშია, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია არ გაჭიანურდეს და თეირანის ძალები რაც შეიძლება სწრაფად განადგურდეს.

კიდევ ერთი საფრთხე იმაში გამოიხატება, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო შეიძლება რუსეთ-აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები გაწყდეს. მართალია, რაიმე კონკრეტული შედეგები ამ მოლაპარაკების დროს არ ჩანს, ისინი მაინც გრძელდება.

როგორც ნათია სესკურია - ლონდონის ანალიტიკური ცენტრის (RUSI) ექსპერტი ამბობს, „აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომში სწრაფ წარმატებას ელოდებოდა. ამის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარა ვენესუელის წინააღმდეგ და ახლა, ალბათ, ირანზე გამარჯვებისათვის ემზადება. „ვფიქრობ, რომ უკრაინისათვის ყველაზე ნეგატიური სცენარი იქნებოდა დონალდ ტრამპის გასვლა მოლაპარაკების პროცესიდან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომს თავისთვის პრიორიტეტულად უკვე აღარ თვლის, რადგან მშვიდობისმყოფელი ვერ ხდება და საშუამავლო ნაბიჯების დროს წარმატებას ვერ აღწევს.  მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახლო აღმოსავლეთი“, - ამბობს ექსპერტი.

როგორც ჩანს, კიევ-მოსკოვ-ვაშინგტონის მოლაპარაკების რაუნდი, რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში უნდა გამართულიყო, სწორედ უსაფრთხოების არარსებობის გამო გაუქმდა.

და მაინც, ნეგატიური მომენტების მიუხედავად, ექსპერტები და ანალიტიკოსები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომში უკრაინისთვისაც სასარგებლო მომენტებს ხედავენ, რომლებიც შეიძლება გაჩნდნენ.

სერგეი კუზანის თქმით, ირანის წინააღმდეგ ომი უპირველესად იმ შედეგის მომტანი იქნება, რომ მოსკოვისა და თეირანის კავშირები გაწყდება.

ირანის როგორც რუსეთის მოკავშირის კრახი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ყველაზე დიდ პოტენციურ უპირატესობად შეიძლება იქცეს. უკვე მეორედ ხედავენ უკრაინელები, თუ როგორ დაუსჯელად დაფრინავენ აშშ-სა და ისრაელის თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში მას შემდეგ, რაც მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ირანს რუსეთმა მისცა.

ასევე არანაკლები მნიშვნელობის მქონე უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ირანული დრონების წარმოება და მიწოდება რუსეთისათვის შეწყდება.

პლანეტაზე არ არის ისეთი არმია, რომელსაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს დრონების განადგურებისა, ვიდრე უკრაინის არმიას. რუსები უკრაინელებს ყოველდღიურად ასობით დრონით უტევს. ახლა ირანიც იგივე მანევრს იწყებს - ასობით „შაჰედის“ ტიპის დრონს უშვებს ახლო აღმოსავლეთის სამიზნეების გასანადგურებლად. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს - მათ, ვინც კიევს მხარს უჭერს და იმათაც, რომლებიც მხარს არ უჭერენ - დახმარება ირანული დრონების შეტევების მოგერიების საქმეში, თუ ისინი, თავის მხრივ, უკრაინას რუსეთთან დაზავების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან. „მე მათ ერთს შევთავაზებდი: შეუძლიათ რუსეთს სთხოვონ, რომ კრემლმა ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს.შესაბამისად, როცა ჩვენი ოპერატორები გამოთავსუფლდებიან, მათ ახლო აღმოსავლეთში გავგზავნით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.

როგორც ნათია სესკურია ამბობს, ეს არის დიპლომატიური შესაძლებლობა უკრაინის პრეზიდენტისათვის: ისეთი ქვეყნები, როგორიც საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებია, არასოდეს სრულყოფილ მხარდაჭერას არ უცხადებნენ უკრაინას და უფრო მეტად მოსკოვ-კიევს შორის საშუამავლო როლს ასრულებდნენ.

ერთი მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა ექნება ეს არხი დაზავების უზრუნველყოფისათვის გამოიყენოს, მეორემ მხრივ კი დახმარება შესთავაზოს აშშ-ის მოკავშირეებს და ამით დონალდ ტრამპს თავი მოაწონოს.

ნათია სესკურია თვლის, რომ „ზელენსკი მთელი ძალისხმევით ცდილობს დონალდ ტრამპის ყურადღების მიპყრობას და მის გადახრას უკრაინის სასარგებლოდ. ამიტომაც ნებისმიერი დახმარება, რომლის გაწევაც უკრაინას შეუძლია, მათ შორის დრონების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეშიც, შეიძლება ზელენსკისათვის დამატებითი უპირატესობა გახდეს“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს ირანის წინააღმდეგ მიმართული ომის უკრაინის სამომავლო ბედზე, თუმცა, რაც უფრომ მეტ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთის ომი, მით უფრო მეტი პრობლემები ექნება უკრაინას.

ნათია სესკურიას დასკვნით, მისთვის სწორედ ეს არის შემაშფოთებელი: „ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომის ესკალაციის დროს უფრო მეტი რისკები იკვეთება, ვიდრე დადებითი მომენტები“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ