13.03.2026 13:07
ბრიტანული გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: "დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ომიდან მარტივი გამოსვლა შეუძლებელია: აშშ-ისრაელის შეტევების გაგრძელება კი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს". მასალაში აღნიშნულია, რომ ომის გაგრძელებაც და მისი შეწყვეტაც აშშ-ის პრეზიდენტისათვის ერთნაირად დამაზარალებელია.
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ირანთან ომის შესაწყვეტად ემზადება. მისმა ნათქვამმა გარკვეულწილად დაამშვიდა ენერგეტიკული ბაზრები, ნავთობის ფასმა შესამჩნევად დაიკლო, მაგრამ განა დონალდ ტრამპს რაიმეს გაუგებ? როგორც კი ბაზრები ცოტა დაიმედდნენ სიტუაციის გაუმჯობესებაში, ამერიკის მეთაურმა განაცხადა, რომ „აშშ უკან არ დაიხევს, მტერი ბოლომდე იქნება განადგურებულიო“.
აშშ-ის პრეზიდენტის მკვეთრი და ცვალებადი კომენტარები ხაზს უსვამენ იმას, რომ მას ამ დამანგრეველი ომის მიმართ ძალიან დაუფიქრებელი და უცერემონიო დამოკიდებულება აქვს. ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების მომენტიდან დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, საომარ განწყობას ამჟღავნებდა, მაგრამ ახლა კითხვა, თუ როგორ დასრულდება ომი, პასუხის გარეშე რჩება.
დიახ, ყველამ ვნახეთ, რომ დაბომბვებით დაიღუპნენ ირანის ლიდერი და მისი ახლობლები, განადგურდნენ „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნები, ბომბები ანგრევს ირანის სამხედრო და ენერგეტიკულ პოტენციალს, მაგრამ... ტრამპი ამტკიცებდა, რომ ომი „უბრალო ექსკურსია იქნებოდა“ და რომ რეჟიმის შეცვლა ვენესუელის მსგავსად მოხდებოდა „უსიტყვო კაპიტულაციით“. ომი უკვე ორ კვირაა გრძელდება და ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან რატომღაც კაპიტულაციის აღიარება არ ისმის. ნავთობის ფასების მკვეთრ რყევაზე არაფერს ვამბობთ... როგორც ცანს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სწორად ვერ განსაზღვრა ომის სავარაუდო შედეგები, მისი პერსპექტივა და ობიექტურად ვერ განსაზღვრა მოწინააღმდეგის შესაძლებლობები. აშკარაა, რომ ომისათვის ირანი დიდი ხანია ემზადებოდა. უფრო მეტიც - თეირანმა პროამერიკელი კოლაბორაციონისტი მეზობლებიც არ დაინდო და მათაც ურტყამს როგორც რაკეტებით, ასევე ეკონომიკური მეთოდებით - გადაკეტა ორმუზის სრუტე, ნავთობ-გაზის ტრანსპორტირება შეიზღუდა, რითაც მეზობლები ზარალდებიან... და არა მარტო მეზობლები. მოკლედ, ომს, რომელიც დონალდ ტრამპმა დაიწყო, კარგი დასასრული არ ექნება.
არანაირი ნიშნები არ არის იმისა, რომ ირანის ისლამური რეჟიმი კაპიტულაციას აპირებს. არ არის სიპტომები იმისა, რომ რეჟიმს გარდაუვალი კრახი ემუქრება. ის ირანელებიც კი, რომლებიც იანვარში რეჟიმს თავგანწირვით ებრძოდნენ, დღეს ქუჩაში არ გამოდიან: ისინი, უეჭველია, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ამერიკულ-ისრაელური რაკეტებით და ბომბებით დაღუპვა არ სურთ.
ნებისმიერი შანსი იმისა, რომ ირანში აშშ-ის მიმართ ზომიერად განწყობილი რეჟიმი იქნება, ნაკლებად სავარაუდოა. თუ რეჟიმი დაემხობა, დიდი ალბათობით, ირანს დაშლა ემუქრება, ანუ დაზარალდებიან თვითონ ირანელები, ხოლო მეზობლები მიიღებენ არშემდგარ სახელმწიფოს, შორს მიმავალი ნეგატიური შედეგებით.
ომთან დაკავშირებით ყურადღება ორ მომენტს უნდა მიექცეს:
ომის გაგრძელება უფრო მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას მოახდენს, რომელსაც ძალზე ნეგატიური გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე და თვითონ აშშ-ზეც. ცხადია, რომ ეს ყველაფერი დონალდ ტრამპისთვისაც ცუდი იქნება: კიდევ უფრო გაძვირდება საწვავის ფასი, რაც რესპუბლიკელთა წარმატებას შუალედურ არჩევნებში საფრთხეს შეუქმნის.
ომის შეწყვეტა ირანის რეჟიმს დაჭრილს და დასუსტებულს დატოვებს, მაგრამ თეირანს მაინც შეუძლია განაცხადოს, რომ გაიმარჯვა, [თანაც ამერიკისა და ისრაელის ერთობლივ ომში].
ანუ გამოდის, რომ როგორი გზაც არ უნდა აირჩიოს დონალდ ტრამპმა, მისი ირანული სისულელის ფასს სხვები გადახდიან.
წყარო:
ავტორ(ებ)ი :