13.03.2026 18:07
„უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჭიანურების კვალობაზე, როცა მოლაპარაკებები ჩიხში შედის და ფინანსური პრობლემები ღრმავდება, უკრაინის პრეზიდენტის იმედგაცრუება სულ უფრო მატულობს. ქვეყნის მეთაურის უკმაყოფილება და ნერვიულობა სულ უფრო ცნობილი ხდება საზოგადოებისათვის“ - წერს აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) სტატიაში სათაურით: "რა დაემართა ვოლოდიმირ ზელენსკის?" (ავტორი - ჯეიმი დეტმერი), რომელიც გამოცემის ევროპულ ვერსიაშია გამოქვეყნებული (რედაქციით ბრიუსელში).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთმინების ძაფი მალე გაუწყდება, რაც აშკარად შესამჩნევია.
ბოლო კვირაში უკრაინის პრეზიდენტი არ ზოგავს არც მტრებს და არც მოკავშირეებს. კერძოდ, მან ჯერ ევროპელი ლიდერები იმაში დაამუნათა, რომ ისინი დახმარებას აჭიანურებენ და აგვიანებენ, შემდეგ მეზობელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს გადაწვდა, ბოლოს კი უფრო შორს, ოკეანის იქით, ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომების გამო ეჭვი გამოხატა.
ვოლოდიმირ ზელენსკის სულ უფრო ხისტი და მკაცრი ტონი ასახავს იმას, რომ კიევში უკმაყოფილება და იმედგაცრუება მწიფდება: სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ევროპის ფინანსური უზრუნველყოფა კი ბეწვზე ჰკიდია. ამასთან, ზელენსკისთან ახლოს მყოფი ადამიანებიც კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ასეთი მოქმედება რისკების შემცველია - შეიძლება იგივე პარტნიორები უკრაინას არაფერში აღარ დაეხმარონ. არადა, სწორედ მათი იმედი აქვს კიევს, რომ მიიღოს როგორც მატერიალურ ფინანსური, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩევლის თქმით (რომელმაც გვთხოვა, რომ ვინაობა არ გავამხილოთ), დაგროვილი უკმაყოფილება უკვე ჩანს პრეზიდენტის განცხადებებში: „წყენა რიტორიკის გამკაცრებას იწვევს, მაგრამ ბიწიერებას ადამიანი თვითგანადგურებამდე მიჰყავს“.
ოპოზიციური დეპუტატი მიკოლა კნიაჟიცკი პრეზიდენტის ლაპარაკის ტონის შეცვლას კიევზე ზეწოლას უკავშირებს, რადგან მოლაპარაკება ჩიხშია შესული.
„ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია ეროვნული ინტერესების შეწირვა ტერიტორიებზე უარის თქმით, რასაც კრემლი ითხოვს. სწორედ ამიტომ მისი განცხადებები დასავლელ ლიდერების მიმართ მკვეთრი და მოურიდებელი გახდა“, - ამბობს მიკოლა კნიაჟიცკი.
დეპუტატის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ასევე ცდილობს გაბედულება გამოამჟღავნოს თანამემამულეთა დასანახად. „ზელენსკის განცხადებებში შეიძლება დავინახოთ როგორც მისი ემოციური სურვილი პარტნიორებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ასევე შიდაპოლიტიკური ავტორიტეტის განმტკიცების მცდელობა - თავი მოაჩვენოს უკრაინელებს, რომ იგი ეროვნული ინტერესების მტკიცე დამცველს წარმოადგენს“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი უკმაყოფილება ღიად გამოხატა გასულ კვირას, როცა ევროკავშირმა საჯაროდ უსაყვედურა უკრაინელ ლიდერს გამოხდომა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც მუქარად ჩაითვალა.
„მე მივცემ უკრაინელ სამხედროებს განსაზღვრული პიროვნების მისამართს. დაე, მას დაურეკონ და თავიანთ ენაზე დაელაპარაკონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მართალია, მას კონკრეტულად ვიქტორ ორბანი არ დაუსახელებია, მაგრამ ბევრი ფიქრი არ ჭირდებოდა იმას, თუ ვის გულისხმობდა ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორედ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბლოკავს უკრაინისათვის ჰაერივით აუცილებელ და სასიცოცხლო კრედიტის მიცემას ევროკავშირისაგან, 90 მილიარდი ევროს მოცულობით. თუ კიევი ამ თანხას ვერ მიიღებს, მისი ხაზინა მალე დაცარიელდება. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკი იმითაც გააბრაზა, რომ უნგრელმა ლიდერმა უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბის“ მუშაობის წინასწარგანზრახულ გაჩერებაში დაადანაშაულა - ამ მილსადენით, რომელიც შორეულ 1964 წელს აშენდა, უნგრეთი და სლოვაკეთი მათთვის აუცილებელ რუსულ ნავთობს იღებენ.
ევროკომისიის გარდა, რომელმაც ვერ დამალა თავისი გაღიზიანება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების გამო, უკრაინის ლიდერის მუქარები, სხვათა შორის, არც უნგრელ ოპოზიციონერებს არ მოეწონათ ბუდაპეშტში. ისინი შიშობენ, რომ ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის ისეთ სიტყვიერ ბატალიებში ჩაითრევს, რომელიც მას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის დაეხმარება.
„ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადება აბსოლუტური სისულელეა“, - ამბობს პიტერ კრეკო, დამოუკიდებელი საკონსულტაციო სააგენტო Political Capital-ის თანამშრომელი ბუდაპეშტიდან, - „მათთვისაც კი, ვინც ფიქრობს, რომ ვიქტორ ორბანიც დამნაშავეა უკრაინასთან დაძაბულობის ესკალაციაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი განცხადება სრულიად მიუღებელი და უკიდურესად უპასუხისმგებლოა. ასეთი პროვოკაციული შეხლა-შემოხლა ხელსაყრელია ვიქტორ ორბანისათვის: მის საარჩევნო შტაბს შეუძლია განაცხადოს, რომ უკრაინა უნგრეთს ემუქრება“.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანული „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო ბრალდება, რომ იგი თავისი [ანტიუნგრული] გამოხდომებით წყალს ორბანის წისქვილზე ასხამს და უნგრელი ლიდერი კვლავ პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულა: „იგი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მხარეზე დგას“. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ვიქტორ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის მიწერ დაწესებული ანტირუსული სანქციების განხორციელებას და უკრაინისათვის იარაღისა და ფულის მიწოდებას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ევროკავშირს დღემდე არ გაუმკაცრებია ზეწოლა უნგრეთის მიმართ: „მე დღემდე არ მომისმენია ევროპელი ლიდერების მკაცრი საყვედურები ვიქტორ ორბანის მისამართით. ჩემი უთანხმოება მის მიმართ პიროვნული კი არ არის, არამედ საქმე ეხება უკრაინელების სიკვდილ-სიცოცხლეს, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებას. ევროპელი ლიდერები ყოველთვის რაღაც სხვა გადაუდებელ საქმეებს მოძებნიან ხოლმე, მათ უყვართ მომავალზე ლაპარაკი, დღევანდელი პრობლემების მოგვარებას კი თავს არიდებენ“.
იმდენად, რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარები მაშინ გაისმა, როცა ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპმაც მკაცრად გააკრიტიკა, უკრაინის პრეზიდენტის მკვეთრმა ნათქვამმა „ცეცხლზე ნავთი დაასხა“: „ეს ძალიან მოულოდნელი იყო’, - ამბობს ნათია სესკურია, ლონდონში არსებული დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი, - აშკარაა, რომ ზელენსკი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპელები უკრაინის დასახმარებლად არასაკმარისად არიან მობილიზებულნი“.
უკრაინის მეთაური ადრეც საყვედურობდა ევროპელ ლიდერებს - როგორც ომის პირველ თვეებში და გასულ წელსაც, დავოსის ფორუმზე, მაგრამ ამჯერად მან თითქმის დამცინავად და სარკაზმით ჩამოთვალა პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპამ უკრაინას რუსული აქტივები არ გადასცა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნაკლებად თავს იკავებს დონალდ ტრამპის მიმართაც: უკვე შესამჩნევია, რომ იგი ბოლო დროს აღარ იცავს სიფრთხილის იმ ზომებს, რომელსაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ ასრულებდა. ზელენსკი იმედოვნებდა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე გაბრაზდებოდა, კრემლის მიერ ამერიკული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის უარყოფის გამო. როცა მან ევროპელ ლიდერებთან ერთად მოითათბირა და ახალი გეგმა შემუშავდა, თითქოსდა შეიქმნა სიტუაცია, რომ კიევს მომგებიანი პოზიცია ჰქონდა დაკავებული. ზელენსკიმ ტრამპს მიანიშნა, რომ კომპრომისებისათვის ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებს ელოდებოდა.
მაგრამ ბოლო კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ტონი ისევ შეიცვალა - მან ყველასათვის გასაგონად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის არაერთგზისი მცდელობები კიევისთვის დათმობების იძულებით თავსმოხვევაზე იმ დროს, როცა მოსკოვი არაფერს არ თმობდა და თეთრი სახლის ასეთ მიდგომას „უსამართლო“ უწოდა. უკრაინის ლიდერმა თავისი ამერიკელი კოლეგა ამხილა, რომ მას რუსეთზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება რატომღაც არ სურს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებას არ აქცევს რუსეთის უპასუხისმგებლო მოქმედებას და კრემლს არაფერს ეუბნება, მხოლოდ კიევს საყვედურობს: „დღეს ტრამპი პუტინის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს და საერთოდ, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. უკრაინამ კი უკვე აჩვენა, რომ მზადაა კომპრომისებზე რიგ საკითხებში“.
ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად გაგულადდა, რომ არ ერიდება დონალდ ტრამპის მიმართ გარკვეულ ცბიერულ გამოხტომებსაც კი. როცა ამას წინათ აშშ-მა უკრაინას სთხოვა დახმარებოდა ირანული დრონების გაუვნებელობაში, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, გაუჩნდა თუ არა მას ხელში კოზირი აშშ-სთან მიმართებით. „ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს“, - ჩაიცინა მან.
„მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კრიტიკის ახალი ტალღას საგრძნობი შედეგები არ მოაქვს“, - თვლის უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა, ევროპელი ლიდერების „გაცოცხვის“ შემდეგ, ჯავრი კვლავ ზელენსკიზე იყარა და იგი საზავო ხელშეკრულების დადების მთავარ დამბრკოლებლად შერაცხა. აშშ-ის მეთაურის თქმით, პუტინი თანამშრომლობისა და ომის შეწყვეტისათვის მზად არის, უკრაინის ლიდერმა კი „ჭკუას უნდა მოუხმოს და კომპრომისებზე დათანხმდეს“.
ეს ეპიზოდი მიანიშნებს იმას, რომ ზელენსკის მკვეთრი რიტორიკა შეიძლება კიევს უკან დაუბრუნდეს. არსებობს იმის რისკი, ვაშინგტონში მყოფი ზელენსკის არაკეთილმოსურნეები მის გამონათქვამებს მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ და მოსკოვის ნაცვლად კიევს გამოაცხადებენ საზავო ხელშეკრულების მთავარ მტრად.
„ზელენსკიმ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს მოკავშირეების კრიტიკის დროს“, - ამბობს ნათია სესკურია, - მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ევროპელი მოკავშირე უკრაინის მხარეზე იყოს და ქმედითად დაეხმარნონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში“.
ავტორ(ებ)ი :