19.03.2026 01:47
„ტრამპს „სუეცის მომენტი“ დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში“ (The Independent), პოლიტიკური მიმომხილველის ბენ ჯუდის ავტორობით. „სანამ ერთი პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგებისაგან თავის დაღწევას ცდილობს, მეორე პრეზიდენტი მოულოდნელად, ქაოსის დროს, უპირატესობას იღებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ჰორმუზის სრუტის ბედის საათი დროს ითვლის. მსოფლიოს ეკონომიკის ვიწრო ყელი, რომლის გაკონტროლებას ამერიკელი სტრატეგები ათწლეულობით ცდილობდნენ, ამჟამად ირანის მიერ არის ჩაკეტილი.
ყოველი დღით, სანამ სრუტე ჩაკეტილი რჩება, არის იმის რისკი, რომ მსოფლიო ნავთობის, გაზისა და სხვა სანედლეულო პროდუქციაზე ფასების მკვეთრი მატებით გამოწვეულ რეცესიას უახლოვდება. მისი შედეგები იმდენად საშინელია, რომ თუ აშშ ვერ შეძლებს სრუტის გახსნას და უსაფრთხო ცურვის აღდგენას, ვაშინგტონი საკუთარი „სუეცის კრიზისის“ წინაშე აღმოჩნდება.
1956 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარი დაუჭირეს ისრაელს, როცა თელ-ავივმა შოკის მომგვრელი ნაბიჯი გადადგა სუეცის არხის ხელში ჩაგდების მიზნით. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის იდეალურად განხორციელებული ოპერაცია გეოპოლიტიკური კატასტროფით დასრულდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერ გააცნობიერა ქვეყნის ეკონომიკური მოწყვლადობა და ბრიტანეთი იმპერიის დასრულებამდე მიიყვანა.
შესაძლოა დონალდ ტრამპმა თავისი საომარი კამპანია წარმატებით დაასრულოს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ თუ თეირანს ძველებურად ექნება ვეტოს უფლება ტანკერების გავლაზე ჰორმუზში, მაშინ აშშ-ის წარმატება თავისი მასშტაბით სრულიად დაემსგავსება „სუეცის არხის კრიზისს“ და კატასტროფას ვაშინგტონისთვის. მსოფლიო დაინახავს, რომ აშშ-ის სამხედრო ძლიერებისა და ახლო აღმოსავლეთში მისი მრავალრიცხოვანი ბაზების მიუხედავად, თეთრ სახლს არ შეუძლია თავისი მოკავშირეებისა და მსოფლიო ეკონომიკის დაცვა.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იძულებულნი იქნებიან აღიარონ, რომ ამერიკის ძლიერება უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო და ამიტომ შეეცდებიან სხვა მფარველი ქვეყანა იპოვონ. საოცარია იმის ნახვა, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავისი ნავთობის ტანკერების დატვირთვას კუნძულ ხარკზე ჩინეთში საექსპორტოდ და ისინი დაბრკოლების გარეშე ცურავენ ჰორმუზის სრუტეში. ანუ ირანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუ ვის ტანკერს გაატარებს. ეს არის კრახის მანიშნებელი ფაქტი.
ჰორმუზი ყოველთვის იყო თეირანის კოზირი. იმ დროს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად ვმუშაობდი (დევიდ ლემის მინისტრობისას), ბრიტანეთისათვის კარგად იყო ცნობილი ის საფრთხე, რომელიც აშშ-ის ნებისმიერ ნაბიჯს მოჰყვებოდა, ირანის წინააღმდეგ გადადგმულს. დონალდ ტრამპმა გამოავლინა ენტონი იდენისებური (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1955-1957 წლებში) არაშორსმჭვრეტელობა და გვიან აღიარა, რომ არ ელოდა ირანის თავდასხმას აშშ-ის მოკავშირეებზე სპარსეთის ყურეში. პრეზიდენტის ასეთი მოქმედება ნებისმიერ ჩინოვნიკს გააკვირვებს, რომელიც ირანის საკითხებზე ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. [როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უმაღლესი დონის მრჩევლები არ ჰყავს]. სწორედ ამიტომ ისმის თეთრი სახლიდან პანიკური მოთხოვნები ევროპელი მოკავშირეებისა და ჩინეთის მიმართაც კი, რომ დაეხმარონ აშშ-ს და ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დასაცავად სამხედრო ხომალდები მიაშველონ.
ისრაელმა გადაწყვიტა, რომ ახლა, როცა ირანის კიდევ ერთი ლიდერი ალი ლარიჯანი მოკლულია, მისთვის მთავარი ამოცანაა დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ტანკერების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. ბენიამინ ნეთანიაჰუ რბოლაში ჩაება: მოასწრებენ ისრაელის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი სრუტის გახსნას მანამდე, ვიდრე ნავთობის დეფიციტი მსოფლიოზე უარეს გავლენას მოახდენს? დონალდ ტრამპი უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფება არა მხოლოდ ნავთობ-გაზზე ფასების მკვეთრი მატების გამო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ იზრდება ფასები სპარსეთის ყურის ქვეყნებში წარმოებულ ალუმინზე და გოგირდზეც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს გოგირდის შემცველ სასოფლო-სამეურნეო სასუქების მსოფლიო ფასებზე.
სწორედ ამიტომ ისრაელი აძლიერებს დარტყმებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ლიკვიდაციისათვის - მმართველი რეჟიმის ვერტიკალის წინააღმდეგ, რათა ბოლო მოუღოს ირანის ხელისუფალთა ავტორიტარულ ინფრასტრუქტურას. ამის მაგალითია ახლახან ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანისა და „რევოლუციის გუშაგთა“ გასამხედროებული ქვედანაყოფის - „ბასიჯის“ სარდლის ღოლამრეზა სულეიმანის განადგურება.
აუცილებელია იმის თქმა, რომ აშშ-ის მხრიდან სისუსტის გამოვლენა უკრაინისათვის „ჭეშმარიტად ვარსკვლავური მომენტის“ დადგომას ნიშნავს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში იმყოფება და დიპლომატიურად ცდილობს ისარგებლოს იმ წარმატებით და უპირატესობით, რომელიც მის ქვეყანას აქვს საომარი მოქმედებების განხორციელებაში და დრონების ბრძოლის ველზე გამოყენებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი თავისდა მოულოდნელად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ექსპორტიორი გახდა. უკრაინელი სპეციალისტები დრონების მართვისა და მათი „დაჭერის“ საკითხებში დახმარებას უწევენ არამარტო კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და საუდის არაბეთს ადგილებზე, არამედ თვით ამერიკელებსაც ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზების დასაცავად. იმდენად, რამდენადაც აშშ-მა უკრაინას დახმარება შეუწყვიტა, ახლა ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ ეხმარება კიევი ვაშინგტონს.
ამასობაში უკრაინა წარმატებას აღწევს აღმოსავლეთის ფრონტზეც და ნელ-ნელა ათავისუფლებს რუსებისაგან ოკუპირებულ ტერიტორიას (400 კვადრატული კმ.), კამიკაძე-დრონების მეშვეობით, რომლებმაც რუსების პოზიციები გაარღვიეს.
შესაბამისად, უკრაინა ფაქტიურად ისრაელის მხარეზე აღმოჩნდა ირანის წინააღმდეგ ომში, რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. კიევს იმედი აქვს, რომ ირანი სწრაფად გამოიფიტება და დამარცხდება, რაც ხელს შეუწყობს ნავთობზე ფასების დაცემას. ვოლოდიმირ ზელენსკის ირანის მიმართ თავისი ჯავრი სჭირს: სწორედ ირანული დრონები ბომბავდნენ უკრაინის ქალაქებს, სწორედ ირანის მიერ გადაკეტილი ჰორმუზის სრუტის გამო მდიდრდება რუსეთი ნავთობდოლარებით.
თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამჟამინდელი მომენტი უკრაინისთვის რეალურ რისკებსაც შეიცავს. თუ შეერთებული შტატები, რომელმაც თითქმის უკვე გააუქმა ანტირუსული სანქციები ნავთობის ექსპორტზე, ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული პანიკით ხელს შეუწყობს რუსეთს ციმბირის ნავთობის ევროპაში დასაბრუნებლად, მაშინ ვლადიმერ პუტინის ხელში ფულის დიდი რაოდენობა აღმოჩნდება. უფრო მეტიც - რუსეთი, თუ არაფერს ვიტყვით მის ჩინელ სპონსორზე, „ამერიკული სუეცისაგან“ მოგებული დარჩება.
იმ ბრიტანულ-უკრაინულ შეხვედრებზე, რომლებსაც მე ვესწრებოდი, ვოლოდიმირ ზელენსკის ზიზღი ირანის რეჟიმის მიმართ აშკარად ჩანდა. ახლა ისე გამოდის, რომ ირანი და უკრაინა, ომების შედეგად, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.
ავტორ(ებ)ი :