"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist 30.03.2026 13:20

ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ერთთვიანმა დაბომბვებმა ამერიკას ისეთი შედეგი არ მოუტანა, როგორსაც თეთრი სახლი ელოდა, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს“.  „თეირანმა აჩვენა, რომ ტკივილის მოთმენაც და მიყენებაც მას აშშ-ზე უკეთესად შეუძლია. ამჟამად დონალდ ტრამპი არჩევანის წინაშე დგას: გაამწვავოს სიტუაცია თუ მოლაპარაკება დაიწყოს, თანაც იმ სიტუაციაში, როცა უპირატესობა ერთმნიშვნელოვნად ირანის მხარეზეა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ირანთან ომში დონალდ ტრამპის არეულ-დარეულად გაკეთებული განცხადებებისა და უთავბოლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ფონზეც კი გასული კვირა იშვიათად მძაფრი და მშფოთვარე გამოდგა. ჯერ იყო და აშშ-ის პრეზიდენტი ირანის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას (ელექტროსადგურებს) განადგურებით დაემუქრა, მაგრამ თეირანს თვალიც არ დაუხამხამებია. სამაგიეროდ, შეირყა ბაზრები. შემდეგ ამას მოჰყვა სწრაფი უკანდახევა:  ტრამპმა თქვა, რომ ირანი საიდუმლოდ დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზეო და დარტყმების მიყენება ჯერ ხუთი დღით, მოგვიანებით კი 10 დღით გადადო. პარალელურად პენტაგონმა გამოაცხადა, რომ სპარსეთის ყურისაკენ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია გადაისროლა. ეს იმას მიანიშნებს, რომ კონფლიქტის ესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია. გაურკვევლობა მატულობს, ირანი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს. და რაც უფრო დამახასიათებელი სიტუაციისათვის, თეირანმა თავის მოწინააღმდეგეებზე (აშშ-ისრაელზე) უკვე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა.

ირანმა აშშ-ისრაელის შეტევებს გაუძლო...

დიახ, ისლამურმა რესპუბლიკამ სერიოზული დანაკარგები განიცადა. ქვეყნის ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაბომბვებით დაიღუპა. ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები ფაქტიურად განადგურებულია, მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სარაკეტო დანადგარები ძალიან დასუსტდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს რეჟიმმა გაუძლო და მმართველი სტრუქტურები არ ჩამოშლილა. მოხდა ისე, როგორც ომის დასაწყისში ვწერდით, „რეჟიმის გადარჩენა  გარკვეულწილად მის გამარჯვებასაც ნიშნავს“.

ირანის შიგნით მმართველი რეჟიმი არამარტო არ სუსტდება, არამედ პირიქით - ძლიერდება, ანუ აშშ-სა და ისრაელის ზეწოლამ უკუშედეგი გამოიღო. უკომპრომისო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სიტუაციას მკაცრად აკონტროლებს. შიდა მოწინააღმდეგეები - ეთნიკური სეპარატისტები და რეჟიმით უკმაყოფილო მოქალაქეები - სამარისებურ დუმილს ინარჩუნებენ. ირანის მაღალ დონზე გამდიდრებული ურანი, დაახლოებით 400 კილოგრამი, ალბათ, მიწისქვეშა საცავის ნანგრევებშია ჩამარხული, ანუ პრაქტიკულად ისევ ირანის ტერიტორიაზეა, აშშ-სათვის მიუწვდომელი და ხელუხლებელი.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ირანმა კონტროლი დაამყარა ჰორმუზის სრუტეზე და სპარსეთის ყურედან ნავთობისა და გაზის ექსპორტი დაბლოკა - მსოფლიოში ენერგოშემცველთა მიწოდების ერთი მეხუთედი ნაწილი. ამერიკელი სამხედროები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ ასეთი სარისკო სიტუაციისათვის, მაგრამ ომმა დაადასტურა, რომ ირანს არათუ იოლად შეუძლია სრუტის დაბლოკვა თავისი „რკინის მარწუხებით“, არამედ მისი გახსნა ამერიკისათვის ძალიან რთული და მძიმე იქნება. თეირანის ასიმეტრიული ომი რაკეტებისა და იაფფასიანი დრონების  (და შეიძლება საზღვაო ნაღმების) გამოყენებით ნაოსნობის წინააღმდეგ  დიდ სიძნელეებს უქმნის ზესახელმწიფოს, რომელსაც სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი შეიარაღება აქვს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ირანის რეგიონული მოკავშირეები („ჰეზბოლა“, „ჰამასი“...) დასუსტებულნი არიან, თეირანს საგარეო პოლიტიკაში თამაშისათვის, ხელში კოზირები რჩება: რამდენადაც ირანის მოკავშირე იემენელმა ხუსიტებმა გადაწყვიტეს, რომ წითელ ზღვაში, სუეცის არხისაკენ მცურავი ნავთობტანკერებისათვის სროლა არ დაეწყოთ, საუდის არაბეთის ნავთობის ნაწილი მეტ-ნაკლებად მაინც გადის მსოფლიო ბაზარზე ჰორმუზის სრუტის გვერდაქცევით. შესაბამისად, მსოფლო ფასები „შავ ოქროზე“ მომატებული, მაგრამ მაინც სტაბილური რჩება - დაახლოებით 100 დოლარამდე ერთ ბარელზე. მაგრამ ახლა ხუსიტებს დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ  მათი კონტროლი ჩრდილოეთ იემენზე საერთაშორისოდ იქნას აღიარებული. თუ მათი სავარაუდო მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი, ალბათ, წითელი ზღვისა და ინდოეთის ოკეანის დამაკავშირებელ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ტანკერების მოძრაობას ხელს შეუშლიან (სრუტის სიგანე მერყეობს 26 კმ-დან 90 კმ-მდე). პროირანული შიიტური დაჯგუფებები ერაყში ქურთების წინააღმდეგ იარაღდებიან.. ისრაელის სამხედრო შეტევამ სამხრეთ ლიბანზე კონტროლის დამყარების მიზნით, რომლებსაც თან დაბომბვები, ნგრევა და მსხვერპლი ახლავს, შეიძლება დასუსტებული „ჰეზბოლას“ გაძლიერება გამოიწვიოს.

სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკის მოკავშირეებს აშშ-სა და ისრაელის ომის დაწყება ირანის წინააღმდეგ  აშკარად არ სურდათ, მაგრამ ახლა შიშობენ, რომ გაღიზიანებული და დაუმორჩილებელი ირანი მათთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხედ გადაიქცევა და თეირანმა შეიძლება შურიც კი იძიოს. არაბული ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძვირადღირებული სისტემები არასრულყოფილი აღმოჩნდა, ხოლო მათი ეკონომიკა ირანის მუქარების მძევლად იქცა.

არაბული ქვეყნების მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტია „ვა-ბანკზე“ წასვლა და აშშ-ის მიმართ მხარდაჭერის ოფიციალური გამოცხადება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკვე განაცხადეს, რომ ირანთან მოლაპარაკებას არ აპირებენ, რადგან თეირანი „ეკონომიკურ ტერორიზმს“ მიმართავს. საუდელ არაბებს კი სურთ, რომ აშშ-მა რეგიონში სახმელეთო ჯარები განალაგოს.

რა მოიგო ისრაელმა?

რაც შეეხება ისრაელს, ირანის ყოველდღიური ულმობელი დაბომბვების მიუხედავად, მისი უსაფრთხოების დონე სინამდვილეში არ განმტკიცებულა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელება სურს, მაგრამ ირანული რაკეტები, ისრაელის ფართოდ რეკლამირებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის - „რკინის გუმბათის“ მიუხედავად, სულ უფრო ხშირად იჭრებიან მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში და სხვადასხვა ობიექტებს ანგრევენ, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობაც. თუ ირანში მმართველი რეჟიმი არ შეიცვლება, ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის საფრთხე მუდმივად დაემუქრება. ებრაული სახელმწიფო ყველაზე მეტად  იმის გამო შიშობს, რომ მისი კავშირები აშშ-სთან შეიძლება საფრთხის ქვეშ მოექცეს. ირანთან ომი ამერიკული საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ძალზე არაპოპულარულია: თუ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ბენზინის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, თუ ბაზრები დაინგრევა, ვის დაადანაშაულებენ ამერიკელები? მემარჯვენე რესპუბლიკელების ნაწილი უკვე ღიად აკრიტიკებენ ისრაელს. ამომრჩევლები კი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ისრაელს სულ უფრო ნეგატიურად უყურებენ - პროისრაელურ ლობისტებს რთული დღეები დაუდგათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ძლიერებისა, ირანი დარწმუნებულია, რომ უპირატესობა მის მხარეზეა. ირანმა აჩვენა, რომ ტკივილის მიყენება და მისი მოთმენა ამერიკაზე უკეთესად შეუძლია. დონალდ ტრამპმა თავისი ომი ყველაზე მიუტევებელი სახით გააჩაღა - ისე, რომ ამერიკელებისათვის ომის სტრატეგიული დასაბუთება არ შეუთავაზებია. ოპერატიული წარმატებისა და აბსურდული ტრაბახის მიუხედავად, რომ მან უკვე მიზანს მიაღწია და თეირანის რეჟიმს ცვლის, ნამდვილი გამარჯვება ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ შორს არის. პოლიტიკური დანაკარგების ზრდის კვალობაზე, დონალდ ტრამპის მიმართ ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება. პრეზიდენტი არჩევანის წინაშე დგას: ან სიტუაციის გამწვავება, ან მოლაპარაკების დაწყებაზე თანხმობა.

აშშ-ის წამგებიანი პერსპექტივა

დონალდ ტრამპი შეიძლება ცდუნებას აჰყვეს და ომის მკვეთრ ესკალაციაზე წავიდეს - დაარტყას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს - ელექტროსადგურებს, სამრეწველო საწარმოებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, ნავთობ-გაზის საბადოებსა და ტერმინალებს იმ იმედით, რომ ირანი იძულებული გახდება ჰორმუზის სრუტის ბლოკირება შეწყვიტოს. ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეუძლიათ ირანის მთავარი ნავთობსტრუქტურა - კუნძული ხარკი დაიპყრონ, საზღვაო და საჰაერო დესანტის მეშვეობით. ასევე მოახდინონ სრუტეში მდებარე სხვა კუნძულების ოკუპირებაც. ცხადია, ეს გარკვეული წარმატება იქნება, მაგრამ არცერთი არ წარმოადგენს ირანისათვის ნოკაუტში ჩამგდებ დარტყმას. თეირანს მაინც ექნება რაკეტების გაშვებისა და სრუტის დანაღმვის შესაძლებლობა, ხოლო საოკუპაციო სამხედრო ნაწილები ირანის არმიისა და „გუშაგთა კორპუსისათვის“ იოლ სამიზნედ გადაიქცევიან. შესაძლოა დონალდ ტრამპი ფიქრობს, ამერიკელებს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის 1980 წლის ავანტიურის მწარე შედეგები დაავიწყდათ (ოპერაცია „არწივის კლანჭი“, რომელიც ამერიკელებისთვის  მსხვერპლით დასრულდა), მაგრამ დიდი რისკია იმისა, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა მეთაურმაც იგივე გაიმეოროს. და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ქვედანაყოფების გადასროლა დაასუსტებს აშშ-ის სამხედრო ძალებს სხვა ადგილებში, ვთქვათ, აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში.

ამიტომაც, ყველაზე ნაკლები ბოროტებაა სწრაფვა სერიოზული მოლაპარაკებისაკენ. როგორც ცნობილია, პაკისტანის მთავრობა შუამავლობას ცდილობს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს 15-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა (ძალიან უყვარს აშშ-ის პრეზიდენტს მრავალპუნქტიანი გეგმები!), რასაც ირანელებმა მოკლე 5-პუნქტიანი კომპაქტური გეგმით უპასუხეს. იმავდროულად თეირანი უარყოფს, რომ ოფიციალური მოლაპარაკება მიმდინარეობს. სხვათა შორის, თეირანს კარგად ახსოვს ამერიკელების არაკეთილსინდისიერი დიპლომატია, რითაც ვაშინგტონი დაგეგმილ შეტევას ნიღბავდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ირანი სკეპტიკურად არის განწყობილი.

შესაბამისად, დონალდ ტრამპი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და ისრაელიც აიძულოს ზავის პირობები დაიცვას. მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმისათვის ძალიან რთული და მძიმე იქნება. თავისთავად, მიღწეული შეთანხმებაც (თუ მიაღწიეს!) ნებისმიერ შემთხვევაში უარესი იქნება, ვიდრე ომამდე - იმიტომ, რომ დონალდ ტრამპმა, ნებით თუ უნებლიედ, ირანელი „ქორები“ გააძლიერა და მათ სრუტის გასაკონტროლებლად ბერკეტები მოაძებნინა. საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე უპირატესობა ერთმნიშვნელოვნად ირანს აქვს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ