"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times 23.04.2026 22:30

„აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატია, რომლის ავტორია გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი.

 

„თუ აშშ-ისრაელ-ირანის ომში ხანგრძლივი პაუზა გამოცხადდება, ასეთი სიტუაცია კიდევ უფრო დიდ პრობლემას გააჩენს. ბაზრები მზად არ არიან გაჭიანურებული მოლაპარაკებისათვის, რომლის ხანგრძლივობა შეიძლება თვეები გაგრძელდეს.


შესაბამისად, პანიკა მოიმატებს. აშშ-ისა და ირანის უნდობლობა კრიზისს არამარტო ახლო აღმოსავლეთში აღრმავებს, არამედ მთელ მსოფლიოშიც" - ასეთია მასალის დედააზრი.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ტერმინი „ომის ნისლი" საკმაოდ კარგად არის ცნობილი სამხედრო ისტორიიდან: როცა მოწინააღმდეგეებმა, ბრძოლის ველზე არტილერიის მოქმედების შედეგად გაჩენილი სქელი კვამლის გამო, არ იციან ერთმანეთის მდგომარეობა და მის გაფანტვას ელოდებიან. დღეს კი აშშ და ირანი მსოფლიოს ახალ კონცეფციას აცნობენ - „მშვიდობის ნისლის" სახით.

 

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტში თითქოსდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ის ძალიან მყიფეა და მისი ბედი გაურკვეველია. ისლამაბადში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების პირველი რაუნდი ფაქტიურად ჩაიშალა. მიმდინარე კვირა იმით დაიწყო, რომ გავრცელდა ინფორმაცია - ისლამაბადში მხარეები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან. მაგრამ გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის ვადა? იტყვის თუ არა ირანი უარს ურანის გამდიდრებაზე? რა პერსპექტივა აქვს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის განახლებას - გაიხსნება და თუ ისევ დახურული დარჩება?


ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის და როდის დაუსვამთ ამ კითხვებს. სიტუაცია ისეთია, რომ „მშვიდობა ნისლშია გახვეული": გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპმა 17 აპრილს საზეიმოდ გამოაცხადა, რომ „ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეს არასოდეს აღარ დახურავს", მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის დაუკითხავად თეირანმა მეორე დღეს ისევ დახურა. ამჟამად ჰორმუზი ორმაგად არის ბლოკირებული: ირანი სხვა ქვეყნების გემებს ბლოკავს და მათ სრუტეში არ უშვებს, აშშ კი სრუტიდან ირანის გემებს გამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს.


როცა ასეთ „ნისლიან მშვიდობას" ვაკვირდებით, ჩვენ მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია, თუ რა მოხდება სამომავლოდ.

 

კარგი ახალი ამბავი იმით გამოიხატება, რომ როგორც აშშ-ს, ისე ირანსაც გულწრფელად სურთ სამშვიდობო შეთანხმების დადება. ირანელებს კარგად ესმით თავიანთი მოწყვლადობა აშშ-ის დაბომბვების მიმართ. ასევე ამერიკელებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რა მოჰყვება ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გაგრძელებას მსოფლიო ეკონომიკისათვის.

 

ცუდი ამბავი იმით გამოიხატება, რომ მხარეები ერთმანეთს არ ენდობიან და ძველებურად უთანხმოება აქვთ ყველა უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ - ურანის გამდიდრებაზე, ირანის სარაკეტო პროგრამაზე, თავისუფალ ნაოსნობაზე, სანქციების შერბილება-გაუქმებაზე, ლიბან-ისრაელის სამომავლო ურთიერთობაზე და, ბოლოს, ირანის რეგიონული მარიონეტებისადმი („ჰამამსი", „ჰეზბოლა"...) მხარდაჭერაზე.

 

ჩვეულებრივ სიტუაციაში ამ პრობლემების გადაწყვეტას თვეები და წლებიც კი დაჭირდებოდა. ისეც ხდება ხოლმე, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად უკვე ხელმოწერილი შეთანხმებებიც მალე ირღვევა: ასეთი ბედი ხვდა წილად ბარაკ ობამას დროინდელ 2015 წელს ხელმოწერილ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას, რომელიც სამი წლის შემდეგ, 2018 წელს, დონალდ ტრამპმა „მტვრად აქცია".


მაგრამ მსოფლიო ეკონომიკა არ დაელოდება წლების გასვლას, როცა მოლაპარაკებები ნაყოფს გამოიღებს. ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელება ენერგომატარებლების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.


საავიაციო კეროსინის (ნავთის) დეფიციტი უკვე იგრძნობა და კიდევ უფრო გამწვავდება. ფერმერები ყველგან პანიკაში არიან ჩავარდნილნი - სასუქების ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, რაც, დიდი ალბათობით, სურსათის ფასებზეც აისახება. თავის მხრივ, აშშ თავისი ბლოკადით ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს.

 

დღეისათვის საკვანძო კითხვები ასეთია: შეძლებენ მხარეები დიპლომატიური შეთანხმების სწრაფად დადებას, გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე? იქნება თუ არა თუ აშშ-სა და ირანს შორის პოზიციების განსხვავება გადაულახავი, რის შემდეგაც მოლაპარაკება ისევ ჩაიშლება, კონფლიქტი კი გაფართოვდება?

შესაძლებელია კონფლიქტის ნებისმიერი დასასრული, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ესკალაცია მოხდება. ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთს და მსოფლიო ეკონომიკას წინ ისეთი ყველაზე ცუდი შედეგები ელოდება, რომელიც მას ჯერ არ განუცდია.

ესკალაცია მოსალოდნელია იმიტომაც, რომ ორივე - აშშ-ც და ირანიც - დარწმუნებულნი არიან, რომ მოწინააღმდეგე პირველი უნდა დანებდეს. თავდაპირველად თეთრ სახლს იმედი ჰქონდა, რომ ირანს მარწუხებში მოაქცევდა და რამდენიმე დღეში უკან დაახევინებდა, მაგრამ მოტყუვდა. მთელი კონფლიქტის განმავლობაში აშშ-მა უამრავჯერ განაცხადა, რომ ირანი დავამარცხეო, მაგრამ რეალურად ისე გამოვიდა, რომ თეთრმა სახლმა ჯეროვნად ვერ შეაფასა ირანის რეჟიმის ამტანობა. ასეთი შაბლონური მიდგომა, ალბათ, მომავალშიც განმეორდება.

 

თუ ისლამაბადში დაგეგმილი მეორე მოლაპარაკებაც ისევ უშედეგოდ დასრულდება (ჩაიშლება) და აშშ შეეცდება მუქარის შესრულებას - ირანის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვას, „ქვეყნის ქვის საუკუნეში დასაბრუნებლად", ალბათ, თეირანიც უმოქმედოდ არ დარჩება და საპასუხო დარტყმას განახორციელებს.


რა შეიძლება გააკეთოს ირანმა? დიდი ალბათობით, თეირანი, შურისძიების სახით, დაარტყამს სპარსეთის ყურის ქვეყნების - თავისი არაბი ავბედითი მეზობლების - ნავთობმოპოვებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურას: „შავი ოქროს" საბადოებს და ქარხნებს, ასევე სიგნალს მისცემს იემენელ მოკავშირე ხუსიტებს - ჩაკეტონ ნაოსნობა წითელ ზღვაში.


ირანის ნებისმიერ ნაბიჯს ამ მიმართულებებით შეუძლია გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მნიშვნელოვნად გაამწვავოს. ირანელებმა კარგად იციან, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელება მსოფლიოს ეკონომიკისათვის კოლაფსის გამომწვევია.

 

უახლოეს კვირებში, „ნისლიანი ომისა და მშვიდობის" პირობებში, მოსალოდნელია, რომ ესკალაციისა და მოლაპარაკებების მონაცვლეობა მოხდეს (შესაძლოა ეს ორი პროცესი პარალელურადაც წარიმართოს): ირანი და აშშ ერთმანეთის ნებისყოფას გამოცდიან. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტა ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეიძლება შედარებით იოლად მოგვარდეს. მაგალითად, ურანის გამდიდრება. რადგანაც ირანს დღეს, დიდი ალბათობით, ურანის გამდიდრების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომაც ისლამური რეჟიმი შეიძლება ბირთვულ პროგრამაზე უვადო მორატორიუმის გამოცხადებაზე იოლად დათანხმდეს - თუ პარალელურად აშშ აღიარებს იმას, რომ ირანს აქვს კანონიერი უფლება ურანის გამდიდრებაზე.

 

მოლაპარაკების დროს ყველაზე დიდ თავსატეხად შეიძლება ჰორმუზის სრუტეში გემების გავლის დაბეგვრა იქცეს (ირანის მიერ), თუმცა დიპლომატებს ამ საკითხშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა: ხომ შეიძლება დაბეგვრისაგან მიღებული შემოსავლები ირანმა და ომანმა (ან ამერიკამაც) გაინაწილონ, შემდეგ კი ამ თანხებით ირანის ეკონომიკის აღდგენის დროებითი ფონდი შეიქმნას?

 

მაგრამ არსებობს „ცნობილი უცნობი" მომენტებიც, რომლებსაც სიტუაციის გართულება შეუძლიათ. ერთ-ერთ ასეთ „იქს-მომენტს" წარმოადგენს აშშ-ისა და ირანის პოზიციების სიმტკიცე. ამჟამად ისე ჩანს, რომ თეირანში „ქორებისა" და რადიკალების პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე „მშვიდობის მტრედებისა". რაც შეეხება ამერიკას, გაუგებარია, ესმის თუ არა დონალდ ტრამპს, მთელი თავისი ყოყოჩობის გათვალისწინებით, რამდენად არის შეზღუდული მისი სამხედრო შესაძლებლობები? გაურკვეველია ისრაელის შემდგომი მოქმედებაც: შეძლებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ახალი კრიზისის გაღვივებას, თუ მას ირანთან მოლაპარაკების პროცესი არ მოეწონება?

 

ფინანსური ბაზრები ამ დღეებში იმედიანად გამოიყურებიან: აშკარაა, რომ მათ სჯერათ - კრიზისის პიკი უკან დარჩა, მაგრამ მათი ვარაუდი ზედმეტად ოპტიმისტურია...


წყარო:

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ