"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph 01.05.2026 18:24

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს თავისი ბერლინელი კორესპონდენტის ჯეიმს როტველის სტატიას სათაურით „ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!“, რომელშიც ავტორის მიერ გერმანიის კანცლერისა და აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთობა არის განხილული: „ირანთან ომის მიმართ მერცისა და ტრამპის პოზიციების დაპირისპირების გამო აშშ-ის მოკავშირეები ახლა იძულებულნი არიან „ბეწვის ხიდზე იარონ“, - ნათქვამია მასალაში.

  

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

 

თითქოს ისე ჩანდა, რომ გერმანიის კანცლერის საქმე კარგად მიდიოდა, როცა იგი მარტში თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპს შეხვდა. „კანცლერი გერმანელებს შორის პოპულარობით სარგებლობს, იგი წარმატებული კაცია და ყველაფერს კარგად აკეთებს, ხალხი პატივს სცემს...“, - ამბობდა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, როცა ფრიდრიხ მერცი მის გვერდით იჯდა.

 

გერმანიის კანცლერს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მას სახეზე ვერაფერს შეატყობდი, მაგრამ, სავარაუდოდ, იგი თავს იმ კატად გრძნობდა, რომელსაც წინ საჭმელად გემრიელი ნაღები დაუდგეს. აშკარად ჩანდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულმა ფრიდრიხ მერცის კომენტარებმა, როცა მან სრულიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს ირანთან ომში, თავისი  ნაყოფი გამოიღო: კანცლერმა პრეზიდენტის ქება დაიმსახურა.

 

მაგრამ ორი თვეც არ გასულა და ეს „სამაგალითო მეგობრული დამოკიდებულება“ ორ ლიდერს შორის, რომელთაგან ერთი - ფრიდრიხ მერცი - აღიარებული ტრანსატლანტისტია, ხოლო მეორე - დონალდ ტრამპი - ნატოსაგან დისტანცირებას ცდილობს, შეწყდა.

 

ბედის ირონიით, მათი მეგობრობის ჩაშლის მიზეზი სწორედ ირანთან ომი გახდა: ფრიდრიხ მერცმა გაბედა და ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ირანის ისლამურმა რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატები დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი მოხერხებული ტაქტიკით.

 

კანცლერის მკვეთრი გამონათქვამები ეხებოდა არა მარტო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, რომელიც თეთრი სახლისთვის მოულოდნელი იყო და მსოფლიო ვაჭრობაში ქაოსი გამოიწვია, არამედ აშშ-ის უუნარობასაც, რომ ვაშინგტონმა ირანის რეჟიმისათვის „კისერის მოგრეხვა“ რვაკვირიანი ბრძოლების შემდეგაც კი ვერ შეძლო.

 

„მერცი აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს!“, - აღშფოთება ვერ დამალა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში. მან შეცვალა ადრინდელი კეთილი დამოკიდებულება გერმანელი მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატი ლიდერის მიმართ: „გასაკვირი არ არის, რომ გერმანიაში ბოლო დროს საქმე ცუდად მიდის - როგორც ეკონომიკაში, ასევე სხვა დარგებში“.

ალბათ, პრეზიდენტის მომხრეები იტყვიან, რომ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცს მისივე მსგავსად - ნიშნის მოგებით უპასუხაო: კანცლერმა ხომ პრეზიდენტი ირანთან ომში გამოვლენილ უუნარობაში დაამუნათა, პრეზიდენტმა კი კანცლერი - ქვეყნის ხელმძღვანელობის უუნარობაში.

 

ფრიდრიხ მერცი თავდაპირველად აშშ-ის მკვეთრი მხარდამჭერი იყო, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა, რადგან ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც დაგეგმილი იყო.

 

პრეზიდენტისა და კანცლერის საჯარო შეხლა-შემოხლამ, როგორც ჩანს, წერტილი დაუსვა მათ „მეგობრობას“. სხვათა შორის, იგივე მოხდა დონალდ ტრამპსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონს შორისაც, როცა იტალიელმა ლამაზმანმა მხარი არ დაუჭირა ამერიკელი ლიდერის თხოვნას ირანთან ომში პრაქტიკული მხარდაჭერის თაობაზე. გარდა ამისა, ჯორჯა მელონი რომის პაპ ლეო მე-14-ეს გამოესარჩლა, რომელიც დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. ახლა აშშ-ის პრეზიდენტს ევროკავშირის ლიდერებში, შეიძლება ითქვას, „ახლო მეგობარი“ არავინ აღარ ჰყავს.

 

გავიხსენოთ: ფრიდრიხ მერცი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა თეთრ სახლში მარტის თვეში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს: იგი იძულებული იყო დუმილით მოესმინა დონალდ ტრამპის დამამცირებელი გამოთქმები ევროპელი ლიდერების - დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის   პრემიერ-მინისტრების კირ სტარმერისა და პედრო სანჩესის მიმართ.

 

 

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი აქებს და ადიდებს ფრიდრიხ მერცს, მაგრამ იქვე დამცინავად მოიხსენიებს კირ სტარმერს, რომელიც „უინსტონ ჩერჩილი არ არის“, რადგან მან უარი თქვა ირანთან აშშ-ისრაელის ომის დადებით  შეფასებაზე. შემდეგ პრეზიდენტი გადასწვდა ესპანელ ლიდერს პედრო სანჩესს და მას ემბარგოს გამოცხადებით ემუქრება, რადგან მადრიდელმა პრემიერმა უარი განაცხადა ამერიკული თვითმფრინავებისათვის ესპანეთის სამხედრო ბაზების დათმობაზე, ირანის დასაბომბად.

მართალია, გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფრიდრიხ მერცი, როცა იგი დონალდ ტრამპს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაეთანხმაო სტარმერისა და სანჩესის კრიტიკის გამო, მაგრამ გერმანული მასმედიის უმრავლესობა კაცლერის ქცევით მაინც უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, თვითონ პედრო სანჩესმა გაკიცხა  ფრიდრიხ მერცი და მას დონალდ ტრამპის „პატივისმცემელი ვასალი“ უწოდა.

 

ეს არასასიამოვნო ინციდენტები მოწმობს, თუ როგორ „ბეწვის ხიდზე“ უწევთ სიარული აშშ-ის ყველა მოკავშირეს: აშშ-ის პრეზიდენტთანაც და ევროპელ ლიდერებთანაც ერთდროულად კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მეტად რთულია.

 

სკანდალი ატყდა გერმანიის ლიდერისათვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში, როცა მან არცთუ უსაფუძვლოდ დაიმსახურა „მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერის“ არასასიამოვნო ტიტული, ამერიკული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად.

 

Morning Consult-ის მონაცემებით, გამოკითხვის დროს, რომელშიც ერთმანეთთან იყო შედარებული მსოფლიოს 24 დემოკრატიული ლიდერი, ფრიდრიხ მერცმა მხოლოდ 19%-იანი რეიტინგი დაიმსახურა, რის გამოც ბოლო ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ფრიდრიხ მერცს რეიტინგში თვით დონალდ ტრამპმა აჯობა, ანუ პრეზიდენტმა, რომელიც ასევე საკმაოდ არაპოპულარულია აშშ-ში ირანთან ომის გამო. კანცლერი რეიტინგით ასევე ჩამორჩება თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანსაც.

 

რასაკვირველია, კანცლერი, როგორც ჩანს, ამ არასახარბიელო სიტუაციას ადამიანურად განიცდის, რასაც გერმანული ჟურნალის „შპიგელისათვის“ მიცემული მისი გაღიზიანებული ინტერვიუც მოწმობს, რომელიც ჟურნალისტმა მას ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის შედეგების შეფასებისათვის ჩამოართვა.

 

„ჩემამდე გერმანიის არცერთი კანცლერის წინაშე არ მდგარა მსგავსი ურთულესი პრობლემებიო“, - ბრძანა ფრიდრიხ მერცმა ინტერვიუში - მას მხედველობაში ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის ომის გამო ევროპაში და გერმანიაში გაჩენილი ეკონომიკური პრობლემები, ანუ იმ ომის გამო, რომელსაც მან თავდაპირველად მხარი დაუჭირა. „მე თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა“, - დაამატა კანცლერმა.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ