21.05.2026 13:36
"არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" - ასეთი სათაური აქვს ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (იბეჭდება ჰონკონგში) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - მერედიტ ჩენი), რომელშიც, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირადი ურთიერთობებია განხილული. გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია საინტერესო პრეცედენტი: ბოლო 6 თვის განმავლობაში „ყველა გზა პეკინში მიდის“: გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი წევრი ქვეყნის ლიდერები მეხუთე წევრის ლიდერთან დადიან...
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
იშვიათია მსოფლიოს ლიდერებს შორის ისეთის პირადული ურთიერთობა, როგორიც ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს - თავმჯდომარე სი ძინპინს და მის კოლეგას ვლადიმერ პუტინს აქვთ. სი, რომელიც თითქმის არ აჩვენებს პირადი ცხოვრების დეტალებს და ემოციებს, თავის რუს კოლეგას საჯაროდ „საუკეთესო და ყველაზე ახლობელ მეგობარს“ უწოდებს.
ლიდერების მრავალწლიანი კონტაქტები ყალიბდება არა მხოლოდ სამიტებითა და სახელმწიფო ვიზიტებით. ურთიერთობების „ყულაბაში“ გროვდება აგრეთვე მრავალრიცხოვანი ღრმად პირადული რიტუალები: ერთად სადილობა, ვახშმობა, ერთმანეთისათვის დაბადების დღეების მილოცვა, სპორტული შეჯიბრებებზე ერთად დასწრება, კატერით გასეირნებები და ჩაის სმა ტბის პირას. 20 მაისს სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მეგობრობა კვლავ აღმოჩნდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - დაიწყო ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში და ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ პეკინში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დამთავრებიდან.
ვიზიტი ემთხვევა სულ უფრო მზარდ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდს. კავშირები პეკინ-მოსკოვ-ვაშინგტონს შორის ყოველდღიურად რთულდება. მოლაპარაკებები აშშ-ისრაელისა და ირანს შორის მიმდინარე ომის შეწყვეტის თაობაზე ჩიხში შევიდა. არ წყდება რუსეთ-უკრაინის ომიც...
დონალდ ტრამპმა მსოფლიოს აჩვენა მჭიდრო პირადი კონტაქტი ჩინელ კოლეგასთან, მაგრამ სი ძინმა ვლადიმერ პუტინთან უფრო მდგრადი და შესამჩნევი ურთიერთობები შექმნა, რომლებიც ხშირ შეხვედრებსა და პირად გულწრფელ სიმპათიებს ეყრდნობა. 2013 წლიდან, როცა სი ძინპინი ოფიციალურად გახდა ჩინეთის ხელმძღვანელი, მან ვლადიმერ პუტინთან 40-ზე მეტი შეხვედრა გამართა - ბევრად უფრო მეტი, ვიდრე დასავლელ ლიდერებთან.
აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური სამიტი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა, ვლადიმერ პუტინის 61-ე დაბადების დღეს დაემთხვა. სიმ მას ტორტი მიართვა და შემდეგ ორმა ლიდერმა ერთად აღნიშნა საზეიმო დღე ძეხვითა და არაყით. ამ ეპიზოდზე რუსი ლიდერი 2018 წელს მოჰყვა, ჩინეთში ვიზიტის წინ. „თავმჯდომარე სი ძინპინი ერთადერთია ყველა მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელთანაც მე ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა მომიწია“, - აღნიშნა იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ჩინურ მედიაკორპორციასთან, - მე არასდროს არ მქონია ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომ რომელიმე უცხოელ კოლეგასთან დაბადების დღე აღმენიშნა. აი, თავმჯდომარე სი ძინპინთან კი ეს მოვახერხეთ“. იმ საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა კოლეგა დაახასიათა როგორც „გულღია და გულწრფელი ადამიანი, საიმედო პარტნიორი“.
სი ძინპინი არანაკლებ გულთბილად ლაპარაკობდა თავის რუს კოლეგაზე. 2019 წელს რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჩინელმა ლიდერმა აღიარა: „ვლადიმერ პუტინი ჩემი ის უცხოელი კოლეგაა, რომელთანაც მე ყველაზე ახლო ურთიერთობები მაქვს“. მან რუსეთის პრეზიდენტს „ყველაზე საუკეთესო და ახლო მეგობარი“ უწოდა: „ღრმად ვაფასებ მეგობრობას პრეზიდენტ პუტინთან და ხშირად დიდი სიამოვნებით ვიხსენებ მასთან ყოველ ჩემს შეხვედრას“.
2014 წლის თებერვალში სი ძინპინი სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცერემონიას ესწრებოდა. ასე აღმოჩნდა იგი ვლადიმერ პუტინის გვერდით, არცთუ ბევრ უცხოელ ლიდერთან ერთად, ყირიმის მიერთების წინ, რითაც უკრაინის კრიზისი დაიწყო. იმ ხანებში ჩინური სახელმწიფო მასმედია იტყობინებოდა: სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ჩინური ტრადიციის მიხედვით, „როცა მეზობელს სასიხარულო მოვლენა აქვს, მე პირადად უნდა მივიდე და მივულოცო“. ვიზიტი ჩინურ ახალ წელს დაემთხვა. მასში ბევრმა დამკვირვებელმა დაინახა პუტინისადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ჟესტი იმ დროს, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
2018 წლის ივნისში ჩინეთში ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტის დროს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი იყო რუსი სტუმრის მიერ მომზადებული ტიანძინური კერძი - ბლინები ხრამუნა ჩხირებით. როცა ბანკეტის დროს ვლადიმერ პუტინმა საჭმელი სი ძინპინს მიართვა, მან უთხრა: „გახსოვდეს, რომ ეს ბლინები მე თვითონ მოვამზადე“.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ხელით მოამზადა „ბაოძი“ - ჩინური ფუნთუშა შიგთავსით. სხვათა შორის, ის კულინარული ქმნილება არ შეჭმულა, ექსპონატის სახით შეინახეს. როგორც პრესაში წერდნენ, ტინძიანის სარესტორნო ჯგუფმა იმ ფუნთუშის ასლი გააკეთა და კორპორატიულ კოლექციაში შეიტანა. შემდეგ ორი ლიდერი მატარებლით პეკინიდან ტიანძინში გაემგზავრა, გზაშიც ისაუბრეს, ადგილზე ჩასვლისას კი ერთად შეაგდეს შაიბა კარში ჰოკეის მატჩის დროს. სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს ჩინური მეგობრობის მედალი გადასცა ოქროს მსხვილი ჯაჭვით და კოლეგას „ჩინელი ხალხის ერთგული მეგობარი“ უწოდა.
დაახლოებით სამი თვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, ორმა ლიდერმა კვლავ აჩვენა თავიანთი კულინარული უნარები, ამჯერად უკვე რუსეთში: გაიკეთეს წინსაფრები და ტრადიციული რუსული ბლინები მოამზადეს, ზემოდან ხიზილალით. ბლინები გემრიელად მიირთვეს, შემდეგ არყის სირჩები აიღეს და გადაჰკრეს.
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დროიდან კი სი ძინპინი, შეიძლება ითქვას, „დიპლომატიურ დანის პირზე“ დადის: ერთი მხრივ, მას სურს ჩინეთი გლობალურ მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს, მეორე მხრივ კი - აფართოებს კავშირებს უშუალო მეზობელ-მოკავშირესთან. ამჟამად რუსეთი საერთაშორისიო სანქციების ქვეშ ცხოვრობს, იზოლირებულია და დადანაშაულებულია სამხედრო დანაშაულებებში. არადა, უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პეკინში, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, ერთმანეთს საუკუნო და უსაზღვრო მეგობრობა შეჰფიცეს.
ვლადიმერ პუტინის სახელმა გაიჟღერა გასულ კვირაში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის დროს, როცა მასპინძელმა სტუმარს ჯუნანჰაი დაათვალიერებინა. ყოფილი საიმპერატორო ბაღი და მის ტერიტორიაზე გაშენებული კომპლექსი დღეს ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური მთავრობის რეზიდენციას წარმოადგენს. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ „ამ ბაღში უცხოელი ლიდერები ძალიან იშვიათად თუ დადიანო“ და ტრამპს დაუზუსტა - „თქვენამდე აქ ვლადიმერ პუტინი იყოო“.
2024 წლის მაისში რუსი ლიდერის სახელმწიფო ვიზიტის დროს სტუმარ-მასპინძელმა ჯუნანჰაიში გაისეირნეს, ტბის პირას ჩაი დალიეს და „ურთიერთსაინტერესო სტრატეგიულ საკითხებზე დისკუსია გამართეს“.
ამჟამინდელი ვიზიტი პირველი პრეცედენტი იქნება, როცა ჩინეთის ლიდერი ერთი თვის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს იღებს, თანაც მრავალმხრივი ფორუმის ჩარჩოებს გარეშე, უშუალოდ და პირადად. ამრიგად, პეკინი აღმოჩნდა სამკუთხედის ცენტრში, რომელიც ცდილობს კავშირები ჰქონდეს მოსკოვთანაც და ვაშინგტონთანაც. ასევე ჩინეთი პოზიციონირებს როგორც საკვანძო და სტაბილური სახელმწიფო სულ უფრო მყიფე მსოფლიო წესრიგის ფონზე.
კიდევ ერთი უნიკალური მოვლენა: გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივი წევრი-სახელმწიფოა - ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ნახევარი წლის განმავლობაში ჩინეთს უშიშროების საბჭოს მუდმივი ოთხი წევრის ლიდერი ეწვია - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პეკინში შარშან დეკემბრის თვეში იმყოფებოდა, იანვარში კი პეკინში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, მას მოყვა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ახლა - რუსეთის მეთაური ვლადიმერ პუტინი. ანუ სი ძინპინთან - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი-ქვეყნის ლიდერთან მოდიან სხვა დანარჩენი მუდმივი წევრი-ქვეყნების ლიდერები...
ავტორ(ებ)ი :