29.06.2026 19:41
"ვისკის სმას მიჩვეული ვარ" - როგორ გაუმხილა გულახდილად უინსტონ ჩერჩილმა სადაზღვევო კომპანიას თავისი მიდრეკილება სპირტიანი სასმელებისადმი" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი ტიმ სიგსვორდი მკითხველებს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცხოვრების შესახებ ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებს აცნობს
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„სერ უინსტონ ჩერჩილის მიდრეკილება სპირტიანი სასმელებისადმი ყველასათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსის სწრაფვა ალკოჰოლის მოხმარებისადმი იმდენად დიდი და შეუკავებელი იყო, რომ იგი იძულებული გახდა სადაზღვევო კომპანიებისთვის შეეტყობინებინა - ვისკი და შამპანური ძალიან მიყვარს და სმას ვერ გადავეჩვევიო.
1913 წელს უინსტონ ჩერჩილმა, გაერთიანებული სამეფოს საადმირალოს პირველმა ლორდმა, სიცოცხლის დაზღვევაზე განცხადება დაწერა, რომელშიც ვრცლად გადმოსცა თავისი ავადმყოფობების ისტორიები და აღნიშნა, რომ „ძალიან მიყვარს ვისკისა და შამპანურის დალევა ჭამის დროს და სხვას არაფერს არ ვსვამო“.
როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, უინსტონ ჩერჩილმა მნიშვნელოვნად უმატა ალკოჰოლის მიღებას: იგი ყოველდღიურად სვამდა თითო პინტ (დაახლოებით 0,5 ლიტრ) ვისკის, ბრენდს და შამპანურს.
პოლმ როჟემ, მსოფლიოში შამპანურის ერთ-ერთმა ყველაზე დიდი ხნის მწარმოებელმა, გამოთვალა, რომ უინსტონ ჩერჩილმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში 42 ათასი ბოთლი შამპანური დალია.
ამას წინათ მკვლევარების მიერ აღმოჩენილი უინსტონ ჩერჩილის განცხადება სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე, როგორც ვთქვით, 1913 წლის დეკემბერშია დაწერილი, მაგრამ დოკუმენტი მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა საქველმოქმედო აუქციონის ჩარჩოებში.
მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც იმ დროს საადმირალოს პირველი ლორდიც იყო და პარლამენტის წევრიც ლიბერალური პარტიიდან, სთხოვეს, რომ განცხადებაში ყველა „ჩვევა და მიდრეკილება“ ჩაეწერა. ჰოდა, უინსტონ ჩერჩილმაც გულახდილად დაწერა, რომ „ჭამის დროს ძალიან უყვარდა ვისკისა და შამპანურის დაყოლება და სხვას არაფერს არ სვამდა“.
რიჩარდ ლენგვორტი, უინსტონ ჩერჩილის ბიოგრაფი, თავის წიგნში წერს, რომ პრემიერ-მინისტრი, მეორე მსოფლიო ომის წლებში, დილის 7 საათსა და 30 წუთზე იღვიძებდა, იმავწუთს სვამდა ჭიქა ვისკის, მცირედ გაზავებულს გაზიანი წყლით და საწოლში გაზეთების კითხვას იწყებდა. დილის 10-11 საათისათვის იგი საწოლიდან დგებოდა, კიდევ ერთ ულუფა ვისკის „დაურტყამდა“ და შემდეგ, უკვე სადილის დროს, ყლუპობით სვამდა პოლ როჟეს ფირმის ერთ პინტ შამპანურს. სადილის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი, სანამ ცოტას წათვლემდა, სვამდა ბრენდს, ვახშმის დროს კი ისევ ბრენდს და პინტ შამპანურს. ამის შემდეგ უინსტონ ჩერჩილი გვიანობამდე მუშაობდა, საქმეს აკეთებდა და შრომას ბრენდის სმასაც უთავსებდა.
სიცოცხლის დაზღვევის დოკუმენტი ათწლეულობით ინახებოდა ლონდონში, გუჯ-სთრითზე მდებარე ბუნკერში, რომელიც სპეციალურ გამართულ აუქციონზე 200-დან 300 გირვანქა სტერლინგად შეფასდა. ასევე გასაყიდად იყო გამოტანილი განაცხადი იპოთეკაზე 25 ათასი გირვანქა სტერლინგის მოცულობით, რომელიც ფერმების შეძენას ეხებოდა.
თომას ფორესტერი, აუქციონის დირექტორი, ამბობს, რომ დოკუმენტები ძალზე საინტერესოდ ასახავენ უინსტონ ჩერჩილის ცხოვრების წესს: „ეს დოკუმენტები ლონდონის სამხედრო ბუნკერში, სეიფში ინახებოდა, სულ ცოტა 30 წლის განმავლობაში და ადრე არასოდეს არ გამოქვეყნებულან... წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პირად ექიმს ეუბნებით - „ჩემი დიეტა ვისკი და შამპანურიაო“ და ნახავთ, როგორ საყვედურს მიიღებთ... ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ ადამიანს სრულიად ადამიანური ჩვევები ჰქონდა“.
დოკუმენტები სადაზღვევო კომპანიის Intact Insurance-ს სახელით 7 ივლისს დაგეგმილ აუქციონზე უნდა გაიყიდოს. სავარაუდოდ, აუქციონის მესვეურები 100 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებენ და მას საქველმოქმედო ორგანიზაციას UK Youth-ს გადასცემენ.
აუქციონის გამართვას წინ უძღვის სკანდალი, რომელიც ეროვნულ გალერეაში უინსტონ ჩერჩილისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას მოჰყვა. დამთვალიერებლებმა ნახეს როგორც მხატვარი ქალის ჰელენ კემოკის მიერ შესრულებული პორტრეტები, ასევე ვიდეოფილმიც, რომელშიც პრემიერ-მინისტრი 1943 წელს ბენგალელი ინდოელების წინასწარგანზრახულ შიმშილობაშია დადანაშაულებული, რასაც საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ექსპოზიცია დახურეს.
არადა, ისტორიულად დადგენილია, რომ ინდოეთის ბენგალის მხარეში სურსათის დეფიციტი სტიქიურმა უბედურებამ გამოიწვია. სიტუაცია გამწვავდა იმის გამოც, რომ მეორე მსოფლიო ომის პირობებში მოსახლეობის საკვებით მომარაგება ისე ვერ განხორციელდა, როგორც საჭირო იყო.
წერილში, რომელსაც ხელს აწერს 50 პერი, უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილის ნიკოლას სომსისა და ლორდ რობერტსის ჩათვლით, გალერეის ხელმძღვანელობა „ღია სიცრუეშია“ მხილებული.
წყარო:
ავტორ(ებ)ი :