რამ გამოიწვია მოსახლეობის შეიარაღებული აჯანყება ბავარიაში 19.03.2021 17:37

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ («Die Welt») ევროპაში დაწყებულ ანტივირუსულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ გამოიწვია აცრებმა მოსახლეობის შეიარაღებული აჯანყება ბავარიაში“, რომელშიც მე-18 - მე-19 საუკუნეებში მომხდარი საინტერესო ისტორიული ფაქტები გადმოცემული (ავტორი - ბერტოლდ ზეევალდი).

 

„ჩუტყვავილას წინააღმდეგ სავალდებულო აცრების (ვაქცინაციის) ჩატარება მსოფლიოში პირველად ბავარიამ შემოიღო 1807 წელს, ვარიოლაციის - კანის გაკაწვრის სახით - სახით. მაგრამ ზოგიერთი ევროპული რეგიონისათვის ასეთი მოქმედება ღვთის გმობის ტოლფასი იყო. მაგალითად, ტიროლელებმა აცრების წინააღმდეგ ხელში იარაღიც კი აიღეს. ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდნენ სხვა ქვეყნებშიც.

 

1807 წლის 26 აგვისტოს ბავარიის ხელმწიფემ მაქსიმილიან პირველმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად სამეფოს ყველა მცხოვრები, რომლებიც უკვე სამი წლის ასაკს იყვნენ მიღწეულნი და რომლებთაც ჩუტყვავილა ჯერ არ ჰქონდა გადატანილი, აუცილებლად უნდა აცრილიყვნენ. ვინც უარს იტყოდა, მას დიდი ფულად ჯარიმა უნდა გადაეხადა“, - ნათქვამია  „დი ველტ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

მღვდელმა-კაპუცინმა იოაჰიმ ჰასპინგერმა ხელმწიფის ბრძანება შეაჩვენა და მას „ეშმაკის მცდელობა“ უწოდა, რომელიც ღვთის ქმნილების წინააღმდეგ იყო მიმართული: „ხელმწიფეს ქვეშევრდომების აცრით სურს, რომ ყველამ ბავარიულად იფიქროს. ეს მას არ გამოუვა“, - აცხადებდა მღვდელი მრევლში.  საქმე იმაშია, რომ იოაჰიმ ჰასპინგერი ტიროლელი იყო (ავსტრიელი), რომელიც ჰაბსბურგელტა იმპერიამ ბავარიას გადასცა - ნაპოლეონ ბონაპარტის მოკავშირეს, აუსტერლიცტან 1805 წლის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ. მღვდლის განცხადებამ დიდი გავლენა მოახდინა კონსერვატიულ, ღრმად რელიგიურ მთიელ კათოლიკე ფერმერებზე და საფუძველი ჩაუყარა აჯანყებას ანდრეს გოფერის მეთაურობით“.

 

ტიროლელმა აჯანყებულებმა ბავარიისა და საფრანგეთის გაერთიანებულ სამხედრო ქვედანაყოფებს 1809 წელს ინსბრუკთან ახლოს ოთხი დიდი ბრძოლა გაუმართეს, რაც ვაქცინაციისადმი წინააღმდეგობის კულმინაცია გახდა“, - წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ ჩუტყვავილასთან ბრძოლით იწყება ინფექციებისადმი თანამედროვე პროფილაქტიკის (ვაქცინაციის) ისტორია.

 

„შავი ჭირის შემდეგ ჩუტყვავილა ყველაზე სასიკვდილო ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ ითვლებოდა. ეს კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს ინფექციას წარმოადგენს, მისი კვალი ეგვიპტის ფარაონების პირამიდებშიც კი იქნა აღმოჩენილი. ჩუტყვავილა არავის არ ინდობდა... მე-19 საუკუნემდე ჩუტყვავილით ევროპაში ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანი იღუპებოდა“.

 

ის, რომ ამ ინფექციის წინააღმდეგ საშუალება არსებობს, სტამბოლში ინგლისის ელჩის ცოლის წყალობით გახდა ცნობილი 1710 წელს. ლედი მერი უორტლი მონდტეგიუმ შენიშნა, რომ თურქები ჩუტყვავილას ჩირქიანი ნემსით კანს იფხაჭნიდნენ და შემდეგ რამდენიმე დღეში იკურნებოდნენ. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მკურნალობის ასეთ ფორმას ბევრი მომხრე გამოუჩნდა, მათ შორის ავსტრია-უნგრეთის მმართველ ჰაბსბურგელთა წარმომადგენლებს შორისაც. სხვათა შორის, სწორედ ჩუტყვავილით მოკვდნენ კაიზერ იოსებ მეორის ორივე ცოლი. დედამისმა მარია ტერეზამ ავადმყოფობა გადაიტანა, მაგრამ ისე იყო დამახინჯებული ნაიარევებით, რომ სასახლეში სარკეების ხმარება აკრძალა.

 

მაგრამ ვაქცინაცია პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ჯერ ერთი, რომ შრომატევადი და ძვირი იყო, მეორე ის, რომ დაავადებული პაციენტების იზოლირება ვერ ხორციელდებოდა და აქედან გამომდინარე, ეპიდემია მეორდებოდა. მაგრამ როცა 1798 წელს ექიმმა ედუარდ ჯენერმა გამოკვლევების შედეგები გამოაქვეყნა, ამით ახალი ეპოქა დაიწყო: მან შეამჩნია, რომ ჩუტყვავილის შედარებით იოლი ფორმით („საქონლის ჩუტყვავილით“) დაავადებულებს იმუნიტეტი გამოუმუშავდებოდათ უფრო სასიკვდილო ვირუსით დაავადების წინააღმდეგ.

 

„პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ექიმ ედუარდ ჯენერის კონცეფციის სიკეთე დაინახა, ნაპოლეონ ბონაპარტი იყო. მან, როცა საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსული გახდა, 1800 წლიდან პირველი მასობრივი ვაქცინაცია შემოიღო.

 

ბავარიამ მაგალითი ნაპოლეონისაგან აიღო, მაგრამ აცრებს მარტო ტიროლელები არ ეწინააღმდეგებოდნენ: ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში ხმები დადიოდა, რომ ედუარდ ჯენერის მიერ განხორციელებული აცრების შედეგად ბავშვები მიწაზე დახოხავენ, ოთხ ფეხზე დადიან და საქონელივით ბღავიან. სხვათა შორის, ისეთი სერიოზული განმათლებელი, როგორიც ემანუილ კანტი იყო, ვარაუდობდა, რომ ედუარდ ჯენერის მიერ შემუშავებული მეთოდით, ანუ საქონლის ჩუტყვავილით აცრის შედეგად „ადამიანები თავის თავს ცხოველებს უტოლებდნენ“.

 

ცნობილია, რომ ვაქცინაციის წყალობით ნაპოლეონის არმიას ჩუტყვავილით დანაკარგები არ ჰქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ აცრების დაწესების შემდეგ ყველაფერი თავისით მოხდებოდა, საჭირო იყო მკაცრი კონტროლი. „მაგალითად, საფრანგეთ-პრუსისს 1870-71 წლების ომის დროს პრუსიელმა მეთაურებმა უზრუნველყვეს გერმანელი ჯარისკაცების აცრების ჩატარება ჩუტყვავილის წინააღმდეგ, თან მკაცრი კონტროლით, რის შედეგადაც მათ მხოლოდ 278 ჯარისკაცი დაკარგეს, ფრანგებმა კი ვაქცინაცია თვითდინებაზე მიუშვეს: შედეგი - 23 ათასი გარდაცვლილი ჯარისკაცი და პლუს 200 ათასი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში“, - წერს გაზეთი „დი ველტი“.

 

წყარო: https://www.welt.de/geschichte/article228477591/Andreas-Hofer-Pockenschutz-Impfung-provozierte-Tiroler-Aufstand.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ