23.12.2025 14:18
ნაკურთხი წყლის, სეფისკვერისა და არტოსის ხმარების წესი
ა) ნაკურთხი წყალი
ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც გამოიყენება დასალევად და ოთახში სასხურებლად.
ნაკურთხი წყალი შეიძლება მოვატანინოთ ეკლესიიდან, თუ სისტემატიურად ამის გაკეთება საძნელოა, შეიძლება მასში გადავურიოთ უბრალი წყალი და ამგვარად გავამრავლოთ.
ნაკურთხი წყალი უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დასალევად გამოყოფილი უნდა იყოს აგრეთვე, მცირე ზომის ჭიქაც. ნაკურთხი წყალი, სასურველია, ყოველ დილით დავლიოთ უზმოზე, აგრეთვე ავადმყოფობისას.
დროდადრო, კვირა დღეს, ან სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ნაკურთხი წყალი უნდა მოვასხათ ოთახებში, ყველა სათავსოში. სხურება შეიძლება ხელით ან, თუ მხოლოდ ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ, რაიმე მაშხეფებელი ხელსაწყოთი.
ნაკურთხი წყალი არ იხრწნება. მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია დარწმუნდეს მაგრამ, თუ ნაკურთხ წყალს უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. მის გამო იგი სუფთად უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის მარაგს არ უნდა შეეხოს უცხო სხეული, არამედ მხოლოდ მისთვის გამოყოფილი ჭურჭელი (მაგალითად, დაუშვებელია წყალში ხელის ჩაყოფა, ან მისი ბოთლიდან შესმა).
ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ერთ-ერთია ამ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულებიან.
ბ) სეფისკვერი
სასურველია მორწმუნეს სახლში მუდამ ჰქონდეს ნაკვეთი სეფისკვერი.
როდესაც წირვაზე შევაგგზავნით სეფისკვერს (ამის შესახებ იხილეთ ზემოთ „მიცვალებულთა მოხსენება ლოცვის დროს"), იგი იკვეთება მოხსენებულისა და მომხსენებლის სახელზე; წირვის შემდეგ კი ნაკვეთი სეფისკვერები ურიგდება მორწმუნეებს როგორც ევლოგია (ბერძ. კურთხევა). ნაწილი შეიძლება აქვე მივიღოთ, თუ უზმოზე ვართ (სასურველია წირვაზე უზმოდ მივიდეთ), ნაწილი კი შეიძლება სახლში წამოვიღოთ, მცირე ნაწილებად დავჭრათ და ყოველ დილით საუზმემდე ნაკურთხ წყალთან ერთად მივიღოთ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებმა.
გ) არტოსი
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში პირველი ერთი კვირის ბრწყინვალე შვიდეულის - განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნ. პური).
ეს არის სპეციალურად გამომცხვარი რამდენიმე პური, რომელიც ბრწყინველე შვიდეულის ბოლოს მცირე ნაწილებად იჭრება და აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას - წირვის შემდეგ მორწმუნეებს ურიგდებათ.
არტოსი წმიდა პურია, რომელიც, როგორც დიდი სიწმინდე, ცალკე სათუთად უნდა შევინახოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ავადმყოფობის თუ სხვა განსაცდელის ჟამს სასოებით მივიღოთ.
შენიშვნა: სიწმინდეებთან ხანგძლივი შეხებისას ჩნდება აუცილებლობა გარკვეული საგნებისა თუ ნარჩენებისაგან განთავისუფლებისა, ეგრეთ წოდებული „სუფთა ნაგვის" მოცილებისა. ეს შეიძლება იყოს სანთლის ნამწვავები, დაობებული სეფისკვერი ან მისი ნამცეცები, დაზიანებული, სალოცავად უხმარი ხატი ან მისი რეპროდუქცია, ნაჭერი ან ქაღალდი, რომლითაც მოვწმინდეთ დაღვრილი ნაკურთხი წყალი ან ზეთი, ქაღალდის ნაფლეთი , რომელზეც წმიდა სიტყვები წერია, ასანთის ნამწვავები, რომლითაც სანთელი ავანთეთ, - ყველა ის ნივთი, რომელიც სიწმინდეს ეხებოდა.
ასეთი ნარჩენების სხვა ნაგავთან აღრევა დააუშვებელია, ამიტომ ისინი ცალკე უნდა გავანადგუროთ: სანთლის ნამწვავები შეგვიძლია ერთ პარკში მოვაგროვოთ ან თავად გადავავადნოთ და ჩამოვქნათ, ან ეკლესიაში საერთო ნამწვავებს შევურიოთ: დაობებული სეფისკვერი ან მიწაში უნდა ჩავმარხოთ, ან სუფთა ადგილას ჩიტებს დავუყაროთ, დანარჩენი ერთად უნდა ვაგროვოთ ხოლმე და ტყეში ან სხვა სუფთა ადგილას დავწვათ.
წყარო: "წესი ქრისტიანის ცხოვრებისა"
ავტორ(ებ)ი :