რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი 13.02.2026 11:52

"ასეთი სახის გადაწყვეტილებები, რასაც დღეს მხოლოდ საქართველოში ვხედავთ იშვიათად მიიღება "ჰაერიდან". ჩვეულებრივ, მათ უკან დგას კონკრეტული ინტერესები და ლობირება.  როცა გადაწყვეტილების ლოგიკა ეკონომიკურ რეალობას ეწინააღმდეგება, კითხვები თავისით ჩნდება. როდესაც მსგავსი შეზღუდვები იქმნება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა -  ეს მართლა სისტემის ეფექტიანობისთვის კეთდება, თუ კონკრეტული ინტერესების დასაცავად? კითხვა რიტორიკულია, რადგან ავტორიტარულ სისტემაში ხშირად ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართული"-ამის შესახებ "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


"რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან.  

ევროკავშირში პლასტიკურ ბოთლებში წყლისა და სხვა სასმელების გაყიდვა არ არის აკრძალული. რეგულაციები ეხება მხოლოდ რეციკლაციას, გადამუშავების პროცენტულ მაჩვენებლებს და ეკოლოგიურ სტანდარტებს. აკრძალვა არ არსებობს. 

 

არც 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტია აკრძალული ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის უმეტეს წევრ სახელმწიფოში ავტომობილის ასაკობრივი შეზღუდვა საერთოდ არ მოქმედებს. მოთხოვნა ეხება გამონაბოლქვის სტანდარტს (ევრო-სტანდარტებს) და ტექნიკურ გამართულობას. კარგად შენახული 15–20 წლის ავტომობილი ხშირად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს. ამ ფონზე აბსურდულად ჟღერს მსგავსი შეზღუდვების იდეა საქართველოში - ღარიბ ქვეყანაში, სადაც არა მხოლოდ კერძო მანქანების, არამედ სავაჭრო ქსელების ლოგისტიკური პარკიც დიდწილად მეორადი და მესამე ხელის ავტომობილებითაა დაკომპლექტებული.


მესამე საკითხი - უმაღლეს სასწავლებლებში "ფაკულტეტების დუბლირება".

 

ევროკავშირის დონეზე არ არსებობს წესი, რომელიც კრძალავს ერთ ქალაქში მდებარე  რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთსა და იმავე პროგრამების არსებობას. ეროვნულ დონეზე სამინისტროებს აქვთ დისკრეცია სისტემის ოპტიმიზაციისთვის, მაგრამ აკრძალვის ავტომატური მექანიზმი არ არსებობს. მხოლოდ ძალიან აშკარა არაეფექტიანობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს აკრედიტაციის შეჩერების საკითხი (არა მგონია, რომ ილიას უნივერსიტეტს არაეფექტიანობა შეიძლება დააბრალო),  და ეს პრაქტიკაში იშვიათია. მაგალითად, ბერლინში სამი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად ასწავლიან სამართალს, ეკონომიკას, პოლიტიკურ მეცნიერებებს და სხვა მიმართულებებს. იგივე ხდება პარიზში და რომში. ევროპაში დევიზი - "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი" უბრალოდ არ არსებობს.

 

იგივე ეხება "ერთ უბანში მხოლოდ ერთი სუპერმარკეტის" იდეას. ევროპაში მსგავსი რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ბაზრის პრინციპი კონკურენციაა და არა ადმინისტრაციული ლიმიტი. ბერლინში ერთ ქუჩაზე შეიძლება ერთმანეთის გვერდით იდგეს Aldi, Lidl, REWE და Edeka. პარიზში Carrefour და Monoprix ხშირად რამდენიმე ასეულ მეტრში ფუნქციონირებენ, ხოლო რომში და ბრიუსელშიც ანალოგიური სურათია. ევროპული მოდელი კონკურენციას ზღუდავს მხოლოდ მაშინ, როცა ირღვევა ანტიმონოპოლიური წესები ან ურბანული დაგეგმარების ნორმები (თუმცა მცირე კომერციულ მაღაზიებს ესეც არ ეხება), მაგრამ არა იმიტომ, რომ „ორი მაღაზია ერთმანეთთან ახლოს არ შეიძლება“ და ამ საკითხის რავითარი კავშირი პროდუქტებზე ფასთწარმოქმნასთან არ დგინდება.  

 

ასეთი სახის გადაწყვეტილებები, რასაც დღეს მხოლოდ საქართველოში ვხედავთ იშვიათად მიიღება "ჰაერიდან". ჩვეულებრივ, მათ უკან დგას კონკრეტული ინტერესები და ლობირება.  როცა გადაწყვეტილების ლოგიკა ეკონომიკურ რეალობას ეწინააღმდეგება, კითხვები თავისით ჩნდება. როდესაც მსგავსი შეზღუდვები იქმნება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა -  ეს მართლა სისტემის ეფექტიანობისთვის კეთდება, თუ კონკრეტული ინტერესების დასაცავად? კითხვა რიტორიკულია, რადგან ავტორიტარულ სისტემაში ხშირად ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართული"-წერს კახა გოგოლაშვილი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ