სამხედრო დაპირისპირების პროცესში უკრაინა თანამედროვე ახალი იარაღის გამოცდის საშინელ პოლიგონად არის გადაქცეული -სიმონ კილაძე 25.02.2026 17:45

"კაცობრიობის ისტორიაში უამრავი ომია მომხდარი - სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის (საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო) გამოყენებას გულისხმობს.


რუსეთ-უკრაინის ომიც სრულმასშტაბიანია.


მაგრამ ის განსხვავდება დღემდე მომხდარი ომებისაგან თავისი სპეციფიკური ხასიათით - სამხედრო დაპირისპირების პროცესში უკრაინა თანამედროვე ახალი იარაღის გამოცდის საშინელ პოლიგონად არის გადაქცეული. ისეთ პოლიგონად, სადაც ცოცხალი და რეალური სამიზნეებია შერჩეული - არამარტო ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ქალაქები და სოფლები...


დიახ, უკრაინის საქმე სამართლიანია. უკრაინას ჰყავს მოკავშირეები აგრესორი რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. მისი ერთ-ერთი მოკავშირე ჩვენც ვართ, სახელმწიფო საქართველო, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა ჰუმანიტარულ ღონისძიებაში, ორმხრივ ურთიერთობებში, ანტირუსული სანქციების დაცვაში (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) უკრაინელთა მხარეზეა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი აგრესია დასაგმობია, მით უმეტეს, რომ საკუთარი მწარე გამოცდილება გვაქვს.


შესაძლოა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება და ჩვენი ევროპელი პარტნიორები უფრო მეტ ძალისხმევას ელოდნენ საქართველოსგან (ვთქვათ, რუსეთის სამხრეთით მწვავე ანტირუსული დაძაბულობის შექმნას), მაგრამ უკრაინის აქტიური მხარდაჭერის პარალელურად, საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაც, მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ მაინც მოახერხა.
მართალია, უკრაინის ხელისუფლება მწარე-მწარე საყვედურებს გვეუბნებოდა და დიპლომატიურ ზეწოლას მიმართავდა, მაგრამ ჩვენ მას დიდსულოვნად შევუნდეთ. მოვითმინეთ და რაიმე საპასუხო დიპლომატიური დემარშისათვის არ მიგვიმართავს. გვესმის, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და თანადგომა ჭირდება.


სწორედ ეს არის მთავარი:


დაეხმარე გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარ ხალხს, ხელი გაუწოდე, მაგრამ საკუთარ ხალხზეც, საკუთარ უსაფრთხოებაზეც იფიქრე.


ეს ურთულესი პრობლემაა, მაგრამ საქართველო მას ასე თუ ისე უმკლავდება.


ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისათვის შედარებით იოლია უკრაინისადმი სოლიდარობის უფრო აქტიურად გამოხატვა, ვიდრე ჩვენი მხრიდან. ეს არც არის გასაკვირი - მათ ხომ ზურგს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი უმაგრებთ.


საბოლოო ჯამში, უკრაინის ბედი თვითონ უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. საქართველო უკრაინის საშინაო საქმეებში არასოდეს არ ჩაერევა. თუ უკრაინელები მტკიცედ ენდობიან საკუთარ მთავრობას და ხელისუფლებას (რომელიც, როგორც ამბობენ, კორუფციით არის გაჟღენთილი), თუ მათთვის მისაღები იქნება მთავრობის უკომპრომისობა (ან კომპრომისი), თუ უკრაინელები თანახმა იქნებიან ასეთი მთავრობის ხელმძღვანელობით გაგრძელდეს ომი, ნგრევა, მსხვერპლი და უბედურება, ეს მათი გადასაწყვეტია. ბოლოსდაბოლოს, ისტორიამ შემოგვინახა ათწლიანი, ოცწლიანი და 25 წლიანი ომებიც კი. მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ომებს ხშირად სახელმწიფოები ეწირებოდნენ...


ღმერთმა ქნას, რომ ომი ურთიერთმისაღები კომპრომისებით დასრულდეს და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს, უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით.
რუსეთის აგრესია კი ყოველთვის უნდა დაიგმოს. -წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, სიმონ კილაძე

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ