არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს… არ შეიძლება!- 22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! -სანდრო ელოშვილი 22.05.2026 14:47

"ირაკლი სოლომანაშვილს ერთი ასეთი პიესა აქვს აფხაზეთის ომზე, "ქვირითობა" ჰქვია... სახელი ამბავთან იმ კავშირშია, რომ არ შეიძლება ქვირითობის დროს თევზის დაჭერა, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო ერთ თევზს კი არა, მის გამრავლებასაც ვუშლით ხელს...


ქვირითობის პერიოდი ჰქონდა 90 წლებში საჯიშე ბიჭებს და საჯიშე გოგონებს, თითით საჩვენებელი სილამაზის და სიკეთის მქონე ახალგაზრდებს... და ასეთი იყო ლევან აბაშიძეც! ხშირად მსმენია, ფრესკიდან გადმოსულ ბიჭს ეძახდნენ... ისე კი, ერეკლე II პირდაპირი შთამომავალი იყო და აბა რა გასაკვირია თუკი გულმა გადაღებებისკენ კი არა ომისკენ გაუწია!


1992 წლის 5 სექტემბერს გადაღებიდან დაბრუნდა, 6 სექტემბერს ომში წავიდა და 7 ში დაიღუპა... ერთი დღე გაგრძელდა მისი ბრძოლა, წესიერად იარაღის ხმარებაც არ იცოდა, ანდა რატომ უნდა სცოდნოდა, ბიჭს რომელიც თავის თაობის ერთერთი გამორჩეული მსახიობი იყო, დიდი მომავლით...

 

ამბობენ მის ჯიბეში დაუსრულებელი წერილი უნახავთ, თავის დიდ სიყვარულს რომ სწერდა... ასეა! შეყვარებული ბიჭები ისხდნენ სანგრებში, ტყვიების ზუზუნში და ჭურვების აფეთქებებში, სიყვარულს რომ უხსნიდნენ თავის რჩეულებს!


მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც გუგული მგელაძის "ფესვები" აქვს ნანახი და როგორც მინიმუმ ძალით არ იკავებს ცრემლს ფინალურ სცენაზე, ბაბუის ფერფლით რომ ჩამოდის მატარებლიდან... ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ბაბუაჩემიო?!


სამ ათწლეულზე მეტი გავიდა ლევანის სიკვდილისგან, 63 წლის გახდებოდა დღეს და დღემდე ახალგაზრდა გოგონები შეყვარებული თვალებით უყურებენ მის ფოტოებს, მარადიულად რომ 29 წლის დარჩა... ვიღას ემახსოვრება ახლა საქართველოში ლევანიო... ვერავინ იტყვის ამას! რაინდები არასდროს კვდებიან!


"მერე რა რომ სველია სველი იასამანი?!" გახსოვთ სპექტაკლი? იქ ასეთი ტექსტია, ფერი გაწყდა ქართველი ბიჭებისო... გენი კი არა, თაობა კი არა... ფერი... კუბოების წინ დაყრილი ფერადი მიხაკები და როგორი ნაცრისფერი იყო მათ მერე ქვეყანა...


არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს... არ შეიძლება! 22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! -წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი, სანდრო ელოშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ