03.04.2026 21:19
„დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში“ – ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times). მისი ავტორი თომას ფრიდმანი აღნიშნავს, ირანთან ომის გამო დონალდ ტრამპი არასასიამოვნო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, მაგრამ მას მაინც აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ირანისათვის მისაღები გარკვეული პირობების საფუძველზე.
გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
აშშ-ის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის წინააღმდეგ ომი ისე დაიწყეს, რომ იმედი ჰქონდათ მას სწრაფად და იოლად დაამთავრდებდნენ და ირანში მმართველ რეჟიმს შეცვლიდნენ. მაგრამ ისინი შეცდნენ: სწორად ვერ შეაფასეს ირანის დარჩენილი ლიდერების სიმტკიცე, მათი ამტანობა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი - ირანის ხელისუფლება არათუ არ დამხობილა, არამედ ქვეყანა წინააღმდეგობის გაწევას აქტიურად აგრძელებს, ისრაელს და აშშ-ის არაბ მოკავშირეებს ზიანს აყენებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თეირანმა შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო გზის - ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა.
(...)
საკმაოდ უხერხულია იმის ყურება, თუ როგორ აწყდება აქეთ-იქით აშშ-ის პრეზიდენტი და რას ლაპარაკობს. ხან ამბობს, რომ ირანის ცოცხლად დარჩენილი ლიდერები თითქმის ყველა მის მოთხოვნას დაეთანხმნენ და რომ ომი დასასრულს უახლოვდება, რომ მან გაიმარჯვა. ხან აღიარებს, რომ არ იცის, თუ როგორ შეიძლება გათავისუფლდეს ჰორმუზის ყურე ირანის კონტროლისაგან. როგორც დონალდ ტრამპი ამტკიცებს, თუ დასავლელი მოკავშირეები - რომლებიც მან ომის წინ მოლაპარაკების ღირსადაც არ ჩათვალა - არ გაგზავნიან სპარსეთის ყურეში თავიანთ არმიას და ფლოტს და აშშ-ის ნაცვლად ყველაფერს არ გააკეთებენ, მაშინ ისინი ნავთობის გარეშე უარეს დღეში ჩაცვივდებიან, ამერიკას კი საკუთარი ნავთობი სამყოფი აქვს.
ყველასთვის უკვე აშკარაა, რომ თეთრი სახლის ბინადარი, რომელსაც პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე შურის საძიებლად უნდოდა, უკვე ზედმეტად იმპულსური და გაუწონასწორებელი ხდება. მან ირგვლივ შემოიკრიბა ისეთი მრჩევლები, რომლებიც სიმპათიური გარეგნობის მიხედვით თვითონ შეარჩია და რომლებიც, შესაბამისად, მზად არიან უფროსს თავიანთი ლოიალობა ზედმეტად დაუმტკიცონ, თვით კონსტიტუციის მოთხოვნების გადაჭარბებითაც კი. (...)
დონალდ ტრამპი არის „დიდი ბავშვი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიით თამაშობს. მისი მოქმედება ასანთით თამაშს ჰგავს იმ ოთახში, სადაც დენთის სავსე კასრი დგას.
ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობას რომ არ ეხებოდეს და ირანი ყველაზე არასაიმედო ქვეყანა არ იყოს ახლო აღმოსავლეთში (რომლის დემოკრატიული გარდაქმნა მართლაც აუცილებელია საკუთარი ხალხისა და მეზობლებისათვის), მე მაშინ, უბრალოდ, დავჯდებოდი და თვალს სარკასტული ღიმილით მივადევნებდი, თუ როგორ იღებს დონალდ ტრამპი იმას, რასაც იმსახურებს.
მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ჩემი სამშობლოა, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამა ის მუქარა, რომლითაც შეიძლება ბირთვული იარაღი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდეს. ასე რომ, საბოლოო ჯამში არამარტო დონალდ ტრამპი, არამედ ჩვენ ყველა დამსახურებისდა მიხედვით ჩავვარდებით ცუდ დღეში.
რა ვქნათ, რა გავაკეთოთ?
დონალდ ტრამპმა უარი უნდა თქვას თავის 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომლის შესრულება შეუძლებელია და ამიტომ ირანს მხოლოდ 2-პუნქტიანი შეთანხმება უნდა შესთავაზოს: თეირანი უარს აცხადებს 430 კილოგრამ გამდიდრებულ ურანზე, რომლითაც უკვე ატომური ბომბის დამზადება შეიძლება, სამაგიეროდ კი აშშ უარს ამბობს ქვეყნის მმართველი რეჟიმის შეცვლაზე. დიდი ალბათობით, ასეთ მოკლე და კონკრეტულ პუნქტებზე შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს, მეტად აღარ იქნება აშშ-სა და ისრაელის შეტევები, ასევე არ იქნება ირანისა და „ჰეზბოლას“ რაკეტები, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და საბედნიეროდ, ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე ირანში სახმელეთო ოპერაციისათვის აღარ გაიწირება.
(...)
რთული პრობლემის სწრაფად და საბოლოოდ გადაწყვეტა შეუძლებელია - იმიტომ, რომ ამ დროს სიტუაციაზე მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი მოქმედებს. ისეც ხდება ხოლმე, რომ შედეგები კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, უარესიც და საკმაოდ მისაღებიც. პრობლემის ყოველი მხარე, თავისი არსით, უნიკალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტისათვის მზა იდეალური წესი არ არსებობს. გარდა ამისა, გადაწყვეტილებას თან სდევს ხოლმე შეუქცევადი შედეგები და როცა უკვე ნაბიჯს გადადგამ, მისი უკან გადმოდგმა იოლი არ არის. ალბათ, მართლაც ასეთნაირად შეიძლება განისაზღვროს ყველაზე უკეთესად ირანის პრობლემის არსი.
შესაძლოა, თავის დროზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ირანის პრობლემისადმი თავისი მიდგომა ზუსტად ასეთნაირად არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ თეირანის მიმართ თუ მის იმდროინდელ მოქმედებას დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ მან გააცნობიერა რამდენად რთული იქნებოდა „ირანის ამერიკულად მორჯულება“, ამიტომაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო: ყურადღება დაუთმო აშშ-ის საკვანძო მიზნების მიღწევის უზრუნველყოფას [ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას] და სხვა დანარჩენი ასპექტები შეარბილა.
ასეთი იყო ბარაკ ობამას მიერ 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანთან - ერთობრივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე საერთაშორისო კონტროლი მყარდებოდა. ასევე ბარაკ ობამა შეურიგდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის ზრდას და თეირანის მხარდაჭერას ლიბანის, სირიის, იემენისა და ერაყის პროქსი-ძალების მიმართაც, რომლებიც, პრინციპში, აშშ-სათვის მაინცდამაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
ბარაკ ობამას მიერ ირანთან დადებული გარიგება მუშაობდა ისე, როგორც დაგეგმილი და მოსალოდნელი იყო.
თავის მხრივ დონალდ ტრამპმა 2018 წელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გავლენით, აშშ ცალმხრივი წესით გაიყვანა შეთანხმებიდან, მაგრამ ისე, რომ მას ეფექტური ალტერნატიული სტრატეგია არ შეუმუშავებია - ისეთი, რომ ირანს საკმარისი ურანი არ გაემდიდრებინა ბირთვული ბომბის შესაქმნელად. რაც შეეხება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ის ცდილობდა დონალდ ტრამპის ნაბიჯის შედეგების გამოსწორებას, მაგრამ ირანის თანხმობის მიღწევა ვერ შეძლო.
როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მას არც მაშინ არ უზრუნია ირანთან დამოკიდებულების ალტერნატიული გეგმის შემუშავებაზე. დონალდ ტრამპის მიერ ბარაკ ობამას მიერ დადებული შეთანხმების დაუფიქრებელი დარღვევის შედეგად ირანი თავის ბირთვულ პროგრამაში საკმაოდ წინ წავიდა და მას ბირთვული იარაღის შესაქმნელად ერთი წელი კი აღარ ჭირდებოდა, არამედ მხოლოდ რამდენიმე კვირა. ომმა, რომელიც აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს, ირანის პრობლემის გადაწყვეტა ძალიან რთული გახადა. რატომ მიიყვანა საქმე ასეთ მდგომარეობამდე აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა?
ახლა ჩვენთვის აუცილებელია სიტუაციის მაქსიმალურად გამარტივება. ამერიკამ გარანტირებულად უნდა გამოაცხადოს, რომ ომს დაასრულებს, ირანის რეჟიმს ხელისუფლებაში დატოვებს, შეწყვეტს ქვეყნის ინფრასტრუქტურის დანგრევა-განადგურებას და თეირანს ნავთობის სანქციების ნაწილობრივ მოხსნასაც კი შესთავაზებს, თუ ირანი, თავის მხრივ, სადღაც დამალულ გამდიდრებულ ურანს და სხვა თანმდევ მარაგებს სრულად გაანადგურებს. სხვა ყველაფერი სამომავლოდ უნდა გადაიდოს. მხედველობაშია ისიც მისაღები, რომ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდება უფრო ყურადღებით მოახდინოს რეაგირება საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე.
ავტორ(ებ)ი :