როგორც ცნობილია, 2021 წელი კოვიდ-პანდემიითა და მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შეზღუდული ეკონომიკური აღდგენის წელია. მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერაც არ დასრულებულა და შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ცნობილი არ არის, სავარაუდოა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს მიაღწევს.
ამას მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადებაც მოწმობს, რომლის თანახმადაც, დიდი ალბათობით, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება.
რამდენად რეალურია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი, მაშინ, როცა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით არც თუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს? - რა გავლენა ექნება პოსტ-კოვიდურ პერიოდს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე? - რამდენად მართებულია მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად და რა როლს თამაშობს საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის მაღალ მაჩვენებელთან მიმართებაში - ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა.
- ბატონო ლადო, ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით 2021 წელს?
- 2021 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი იყო. როგორც ვიცით, 2020 წელს, ისე როგორც მსოფლიო ეკონომიკაში, საქართველოშიც სერიოზული ცვლილებები მოხდა. კერძოდ, 2020 წელი მსოფლიო ისტორიაში როგორც პანდემიასთან ბრძოლისა და ეკონომიკური კრიზისის ურთულეს პერიოდად, ისე შევიდა. ეს კრიზისი კი თავდაპირველად კორონავირუსის წინაარმდეგ მედიცინის უსუსურობამ გააჩინა. ამიტომ, ეკონომისტებისთვის ეს იყო მოცემულობა, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან წამოვიდა. ასე, რომ პრობლემა სათავეს ჯანდაცვის, მედიცინის სფეროში იღებს და ეს კრიზისიც, რომელიც ეკონომიკაში ჩამოყალიბდა, ბუნებით სულაც არ არის ტიპიური კრიზისი. ის განეკუთვნება ატიპიური ეკონომიკური კრიზისის ჯგუფებს.
- ბ-ნო ლადო, მაშინ, როცა მსოფლიო უხილავ ომს ებრძოდა, როგორც სხვა მრავალი ქვეყანა, საქართველოც ეკონომიკური კრიზის პირას აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, რამდენად სწორად მიგაჩნიათ მთავრობის მიერ გატარებული ის პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ითვალისწინებდა?
- თავიდანვე იყო განცდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური კრიზისი მანამ არ დასრულდებოდა, სანამ კოვიდ-პანდემიის დაძლევა არ გახდება შესაძლებელი. სხვათა შორის, ამ განცდას ობიექტური საფუძველი აქვს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ 2021 წელს, მაშინ, როცა მსოფლიოში სხვა და სხვა ვაქცინები გამოჩნდა და გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, ამან როგორც სხვა ბევრ ქვეყანას, ასევე საქართველოსაც მისცა საშუალება, რომ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები. ამას კი საქართველოს მთავრობამ თავი წარმატებით გაართვა, რადგან, ქვეყანაში უკვე 2021 წლის გაზაფხულიდან მოსახლეობას სხვადასხვა ვაქცინაზე მიუწვდება ხელი. როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს ვაქცინების მენიუ 4 სხვადასხვა პრეპარატს შეიცავს. თუმცა, მთლიანობაში ვაქცინირებულთა დონე მაინც არადამაკმაყოფილებელია. ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი დონის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების საფრთხეც შემცირდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ აი, ამ პირობებში მოახერხა საქართველოს მთავრობამ, რომ სწორი პოლიტიკა გაეტარებინა და ეკონომიკა გაეხსნა, ხოლო ვაქცინაციის კუთხით კი, სხვადასხვა საინტერესო წინადადებაც შეეთავაზებინა მოსახლეობისთვის.
სწორედ მთავრობის მიერ გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ 2021 წელს ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი მივიღეთ. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, სულ ცოტა 10% ზრდა გვექნება. მინდა გითხრათ, რომ ასევე ზრდა გვაქვს 2019 წლის შედეგებთან შედარებითაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც, მოგეხსენებათ, რომ 2019 იყო ბოლო წელი, სანამ პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. შედეგების მიხედვით, ჩვენ 2021 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითად უნდა შევაფასოთ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ არის გარკვეული პრობლემებიც. ხაზგასმით უნდა არინიშნოს, რომ დადებით კონტექსტში შეფასებისას ვგულისხმობ საქართველოს მთავრობის საქმიანობას, თუმცა, ასეთ დადებით შეფასებას ნამდვილად არ იმსახურებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
- რატომ? - ანუ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისში რა როლს თამაშობს ეროვნული ბანკი?
- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ამავდროულად ქვეყანაში წლიური ინფლაცია 12.5% გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ინფლაციამ ეკონომიკური ზრდა სრულად გადაფარა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდით მისაღები სიკეთეები მოსახლეობისთვის არც თუ ისე აღქმადია, რადგან, ქვეყანაში ინფლაცია უფრო მეტია ვიდრე ეკონომიკური ზრდა.
- მეტი სიცხადისთვის უფრო რომ განვმარტოთ - კონკრეტულად რას ვერ აბალანსებს ეროვნული ბანკი ინფლაციასთან მიმართებაში? - რა მექანიზმს იყენებს ასეთს, რომ ინფლაციას ვერ ვუმკლავდებით და მოქმედებს თუ არა მასზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი?
- კარგი შეკითხვა... დავიწყებ იმით, რომ რადგანაც უარყოფითი შეფასება გამოვთქვი ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, აქვე ობიექტურობისთვის განვმარტავ, რომ ინფლაცია, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, - ის გლობალური ფენომენია. ფაქტია, რომ დღეს ინფლაცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ამის გამომწვევი მიზეზია მიწოდების შემცირება. ეს კი გამოიწვია იმან, რომ პანდემიის გამო დაიხურა არა ერთი საწარმო, რასაც შემდეგ მიწოდების შემცირება მოჰყვა. მაშასადამე, ინფლაცია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, უმთავრესად მიწოდების შემცირებითაა გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა ვერც საქართველოს ეროვნულ ბანკზე და ვერც სხვა ცენტრალურ ბანკებზე ვერ ვიტყვით, რომ მაღალი ინფლაციის საწყისი მიზეზი მათი ბრალია - ეს გლობალური მოვლენაა. მაგრამ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრობლემა იმაშია, რომ ის ინფლაციის თარგატირების მექანიზმს იყენებს. ეს მექანიზმი კი მოითხოვს, რომ წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ რაღაცნაირად შეზღუდოს ინფლაცია, თუმცა ის ამას მაინც ვერ ახერხებს და ავხსნი რატომ: ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, რომ წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% უნდა იყოს, ფაქტობრივად 12.5% გვაქვს. ამ დროს რას აკეთებს ეროვნული ბანკი? - აძვირებს ფულს იმისთვის, რომ ფულის გაძვირებით შეზღუდოს ფულის მასა და ამით „მოთოკოს“ ინფლაცია. ფაქტობრივად ამით იზღუდება მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია და ეს მაშინ, როცა მსოფლიოშიც და საქართველოშიც მთავარი გამოწვევა მიწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაციაა. ფულის გაძვირებით ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ წარმოებას, კიდევ უფრო ვურტყამთ მიწოდებას. საბოლოო ჯამში იმ ინსტრუმენტებით, რომლითაც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკი და ზოგადად, ყველა ის ცენტრალური ბანკი, რომელიც იყენებს ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმს, პირიქით, ზრდის მიწოდების შემცირებით გამოწვეულ ინფლაციას. სხვა სიტყვებით, ცენტრალური ბანკები თავიანთი მოქმედებით კი არ ამცირებენ ინფლაციის დონეს, არამედ, პირიქით მის ზრდას უწყობენ ხელს. ინფრალიის თარგეტირების მექანიზმი განსაკუთრებით კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფაქტობრივად ვერ მუშაობს. აი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა დაძლიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ანუ უარი თქვას ინფლაციის თარგეტირების რეჟიმზე. ამას კი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ეს ინიციატივა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უნდა მოდიოდეს და ამ პრობლემაზე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები კარგა ხანია რაც ღიად საუბრობენ.
მივესალმები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს, მათი დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ეს მექანიზმი კი ეკონომიკაში კეინსიანიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. რაც მეტი საზოგადოებრივი სამუშაო გაჩნდება, მით უფრო მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება და ასე მულტიპლიკატორის ჯაჭვური რეაქციით ამოქმედდება ეკონომიკა. ასე, რომ მიდგომა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა, თავისი არსით დროული და მხარდასაჭერია.
- რა გავლენა იქონია ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიზნესზე? - იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება თავის დროზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება?
- 2020 წელს, როცა ვაქცინა არ არსებობდა, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ერთადერთი სწორი გზა შეზღუდვების დაწესება იყო. ზოგიერთ ბიზნესს შეეზღუდა საქმიანობა, ზოგიერთიც კი საერთოდ გაჩერდა. ასე რომ, ბიზნესისთვის ყველაზე რთული პერიოდი 2020 წელი იყო. 2021 წლის გაზაფხულიდან მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა და ბიზნესმა გამოცოცხლება დაიწყო...
- და ბოლოს, თქვენ აღნიშნეთ, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი იყო, თუმცა, რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე 2022 წლიდან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი საბოლოოდ დასტაბილურდეს?
- რამდენად სტაბილურია ეს ეკონომიკური ზრდა, რაც 2021 წელს გვაქვს? თუ პანდემიის კუთხით ის პირობები, რაც ახლა გვაქვს არ დამძიმდდა, მაშინ პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული პროგნოზი, რომ 2022 წელს გვექნება 6%-ზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, სავსებით რეალისტურია. იმაცდროულად აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს საქართველოში სოფლის მეურნეობის და მრეწველობის განვითარებას, და ქვეყანამ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონონომიკის მოდელზე დროულად დაიწყოს გადასვლა.
/თეო მჟავანაძე/
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge