28.10.2025 17:52
„ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ვიზიტორების, ასევე ინდუსტრიაში გენერირებული შემოსავლების თვალსაზრისით.
გეოგრაფიას თუ შევხედავთ, პრიორიტეტული ქვეყნები, რომლებშიც ევროკავშირი ნამდვილად გამორჩეულია, ამ ზრდაში წამყვან როლს თამაშობს - 2025 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების 13%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ეს შეეხება, რა თქმა უნდა, ამ მოგზაურების მიერ გენერირებულ შემოსავალსაც"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკით, ერთი მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე ქვეყნის წარმოჩენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა გერმანიასა და საფრანგეთში დაწყებული ახალი კამპანია, რომელიც ზამთრის მოსამზადებელი სეზონისთვის ტურისტების საქართველოში მოზიდვასა და ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს, მათ შორის, სამთო-სათხილამურო მიმართულებით, მეორე მხრივ კი ესაა პირდაპირი დაკავშირებადობის და პირდაპირი ფრენების სტიმულირება - განვითარება," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ათეულობით მიმართულება შემოემატა იმ პორტფელს, რომელიც თბილისი და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტები პირდაპირი ფრენებით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებსა და მსხვილ ქალაქებს დაუკავშირდნენ.
საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 სხვადასხვა ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. პარალელურად, გერმანიის უმსხვილეს ქალაქებში — ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ჰამბურგში — მეტროს სადგურებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე გამოიფინა საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების სარეკლამო ბანერები.
ავტორ(ებ)ი :