29.10.2025 15:06
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა.
მათივე ცნობით, იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556. ჯამურად, საწყის ცხრა თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.
„იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 067 202 მგზავრს, რითიც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 407 814 მგზავრი, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, ცხრა თვეში აეროპორტი მოემსახურა 995 099 მგზავრს, რაც 32%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ ცხრა თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905.200 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა. გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2024 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) გაიზარდა 5%-ით. სულ იანვარ-სექტემბერში 229 972 ერთეული ფრენა დაფიქსირდა. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 065 618 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary - 17% (1 065 618 მგზავრი); Georgian Airways - 8% (509 238 მგზავრი); Turkish Airlines - 7% (458 370 მგზავრი); Pegasus - 7% (453 550 მგზავრი); Red Wings - 6% (408 018 მგზავრი); Azerbaijan Airlines - 6% (358 291 მგზავრი); Azimuth - 4% (258 586 მგზავრი); EL AL - 4% (255 460 მგზავრი); Israir - 3% (204 645 მგზავრი); Fly Dubai - 3% (182 703 მგზავრი).
ავტორ(ებ)ი :