"იგლ ჰილს"-თან გაფორმებულ შეთანხმებაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული სახელმწიფოს ინტერესები"-ირაკლი ნადარეიშვილი 31.10.2025 11:13

„სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პროექტის მართვაზე ვალდებულია კომპანია. სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე მმართველობით რგოლში, თუმცა, უფრო პასიური ფორმით, რაც ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მართვის და პროექტების განვითარების ცოდნა და ნოუ ჰაუ ამ შემთხვევაში აქვს ინვესტორს და არა სახელმწიფოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

საინვესტიციო შეთანხმებაზე საუბრისას, რომლის თანახმად „იგლ ჰილს საქართველო" თბილისსა და გონიოში 6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ორივე მხარის - როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის ინტერესები.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა და მეც მინდა აღვნიშნო - მივიღეთ შეთანხმება, რომელიც  მაქსიმალურად ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესებს, თუმცა, ამავე დროს ინვესტორის საჭიროებებიც მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი. შედეგად, ჩვენ, სახელმწიფოს ერთობლივ საწარმოში 33% გვაქვს, „იგლ ჰილსს" კი აქვს პროექტის სრული დაფინანსების უპირობო ვალდებულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე იმ ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს"-ის უპრეცედენტო ინვესტიცია გამოიწვევს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, რამდენჯერმე მეტი იქნება ის გვერდითი ეფექტი, რომელიც ექნება სამშენებლო, დეველოპერულ, ტურიზმის სექტორებს და ყველა იმ მომიჯნავე დარგებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან პროექტის განვითარებაში. ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას, რეპუტაციას და სანდოობას  სხვა ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ