მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი 10.12.2025 16:15

საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ მდგრად, დივერსიფიცირებულ და ეფექტურ მარშრუტებზე, აქ შუა დერეფანი და შესაბამისად, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - საქართველო, უალტერნატივოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა მოკლე ვადაში, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ სწორი რეგულირება, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს ტვირთების გადაზიდვა და დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროპულ ორგანიზაცია CORTE-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ისინი დინამიურად აისახოს კანონმდებლობაში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ