ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P 07.02.2026 15:30

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, - ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამის შესხებ აღნიშნულია S&P-ს ანგარიშში.

როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

S&P Global-ი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მკვეთრად, წლიურად დაახლოებით 38%-ით გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ მაქსიმუმს, 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, დაგროვება ასახავს ფაქტორების ერთობლიობას, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ 2.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი წმინდა უცხოური ვალუტის შესყიდვებს, ოქროს აქტივების ღირებულების ზრდას, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას და ფულადი გზავნილების შემოდინებას.

თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონით, ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, სტაბილურ საკრედიტო ზრდით კვლავ მომგებიანი რჩება გონივრული ზედამხედველობის ფარგლებში.

აქტივების ხარისხი მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხები 2025 წლის ნოემბერში დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა.

„ჩვენი ხედვით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს", - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P-ს მიმოხილვაში.

S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2026 წელს, საშუალოდ, 3.5% იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ