მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა 22.04.2026 17:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა.

მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

 

მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. ითქვა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა. აღინიშნა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 55%-ით გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ვაჭრობის კუთხით მესამე, ხოლო ექსპორტის მიმართულებით პირველი პარტნიორი ქვეყანაა.

 

ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოდან საექსპორტო პროდუქტების ჩინურ ბაზარზე განთავსებისა და ამ კუთხით ხელშეწყობის საკითხები მრავალმხრივი ასევე ორმხრივი ღონისძიებების მეშვეობით. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქტების კონკუნერტუნარიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე ჩინური ბაზრისთვის.

 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჩინეთიდან მეტი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და ჩინელი ინვესტორების ინტერესზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, გაზის და ნავთობის მოპოვების მიმართულებით.

 

მარიამ ქვრივიშვილისა და ვანგ ვენთაოს შეხვედრაზე განხილვის თემა იყო ასევე ტურიზმი. აღინიშნა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება, ასევე უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, რომელიც 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორი ჩინური ავიაკომპანია კვირაში 10 სიხშირით ოპერირებს.

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ