მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო 06.05.2026 11:33

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღმტეხის პროექტირება - მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის" წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.


მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.


ამჟამად ადგილზე უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს ბეტონის ქარხანა, მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხელის დამცავი ე.წ. „იქს-ბლოკების" (X-blocks) ჩამოსხმა.


ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

 

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან წარმატებით განხორციელებული მოლაპარაკების შედეგად, საზღვაო აკვატორიაში ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 52 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც პროექტის პარამეტრებს არ შეხებია, ხარისხი კი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება.

აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.


ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ